სამშაბათს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოზე რეზოლუციის კომპრომისულ ვარიანტს დაუჭირეს მხარი, რასაც „ქართული ოცნების" მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, ევროკავშირი საქართველოსთვის, სავარაუდოდ, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოცემას არ აპირებს, უარისთვის საბაბს ეძებს და რეზოლუციაში ისეთ რეკომენდაციებს წერს, რომელიც მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ „ევროპარლამენტი გვთავაზობს ამოტრიალებულ რეალობას", რომ „მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს - მედიამენეჯერი და ჩაგვრის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს - „დემოკრატიის შუქურა".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიზე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლების რეაქცია რეზოლუციაზე სწორია, რადგან, მისი თქმით, დიდია ალბათობა, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებამ ოპოზიციის წისქვილზე დაასხას წყალი და ეს „რევოლუციისთვის საჭირო ნაპერწკალიც" კი გახდეს.
„საკითხავია, ევროპარლამენტს იმიტომ აქვთ „ოცნებისთვის" შეუსრულებელი მოთხოვნები, რომ მოიმიზეზონ და კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ, თუ კანდიდატობის არმოცემით უნდათ გვაიძულონ გადავდგათ ნაბიჯები ამ მოთხოვნების შესრულებისკენ?! მოთხოვნებზე მეტ აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ ხშირად ისმის ვარაუდი, რომ ევროპარლამენტარების ამ ჯგუფს საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალების" მოყვანა უნდათ. ამ ვარაუდს თუნდაც ის არგუმენტი ამყარებს და საყურადღებოა, რომ განხილვებზე დარბაზში გიული ალასანია იჯდა.
„ქალბატონ გიულის, ან თვითონ იმათ, ვინც იგი მოსმენებზე დაუშვეს, ეს რაში დასჭირდათ?! დარბაზში ხომ ვიღაცის საშუალებით იყო, ვიღაცისგან იცოდა და ა.შ. ასეთი დეტალი სავარაუდოს ხდის იმას, რომ ეს „ნაციონალების" მხარდამჭერი ჯგუფია, ამიტომაც ენმ-ს ფორმულებს გვიმეორებენ კიდეც, რომ გინდა თუ არა, კამპანია ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა აეწყოს, გინდა თუ არა გამოშვებული უნდა იყვნენ ზუსტად ის პირები, ვინც „ნაცმოძრაობას" სჭირდება და ა.შ.
„ასევე ამ ვარიანტში მეორე მხარეა, რომელიც იმ ვერსიას არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მათ კანდიდატის სტატუსის მოცემა არც უნდათ. კანდიდატობის არმოცემა თავისთავად ენმ-ის მხარდაჭერაა, „ნაციონალებს" ეს სცენარი აქვთ და თქვეს კიდეც, რომ თუ არ მოგვცეს, ხალხი ქუჩაში გამოვა და ამ ხელისუფლებას დაამხობს, რომელიც ამაში დამნაშავე იქნებაო.
„კანდიდატის სტატუსის არმოცემა შესაძლოა რევოლუციისთვის საჭირო ნაპერწკალი იყოს, ორივე ვარიანტში კი წინა პლანზე „ნაციონალების" მხარდაჭერა მოდის. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ენმ-ს მხარდაჭერა, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეს ისევ რუსეთის ანგარიშის გაწევის გამო ხდება. გავიხსენოთ, რომ პუტინმა ზელენსკის სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება მოსთხოვა, მანაც დაუბრუნა და საერთოდ, ენმ-მ რუსეთს რამდენი რამ გაუკეთა - საკვანძო ობიექტების გადაცემაა, თუ ის ომი, რომელიც რუსეთს უფრო აწყობდა, ვიდრე საქართველოს.
„დღესაც კობა ნაყოფია რუსეთის მოქალაქე და ბიზნესმენია. გამწარებულები ოლიგარქებს რომ ვეძებთ, თვითონ ნაყოფიას არსებობა, რომელიც პოლიტიკაშია ჩართული, ოლიგარქის ცნებას ხომ შეესაბამება?!
„ევროპა ტრადიცილულად რუსეთს ძალიან დიდ ანგარიშს უწევს, ხელისუფლებასაც მეტი გზა არ აქვს, რომ ეს რეაქცია არ ჰქონდეს. აბა, ახლა ადგეს და თქვას, რომ ჩვენ წავიდეთ და ისინი („ნაციონალური მოძრაობა") მოვიდნენო? ასეთი რა ხომ არ არსებობს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. პოლიტიკოსები ყურადღებას რამდენიმე პუნქტზე ამახვილებენ. მათ შორის მედიამენეჯერების მიმართ სამართლებრივ დევნაზე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასა და ოლიგარქიის ნაწილში ბიძინა ივანიშვილის სახელის და გვარის ჩაწერაზე.
„საბოლოოდ, თუ ჩავხედავთ ამ ტექსტს და იმ ნაწილს, რომელიც შესწორების სახით აღმოჩნდა ამ ტექსტში, ვხედავთ, რომ ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპური „ნიუსპიკი", როდესაც ჩვენ გვთავაზობენ მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს ვუწოდოთ მედიამენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ მიხეილ სააკაშვილს ვუწოდოთ „დემოკრატიის შუქურა" და ა.შ. „ნიუსპიკი", ამოტრიალებული რეალობა და სიყალბე, რომლის აღიარებასაც გვთავაზობენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი სიყალბეების აღიარებას არ ვაპირებთ.
„ასეთი ამობრუნებული რეალობის შემქმნელი მხოლოდ ერთი სახელმწიფო მახსენდება, ეს არის რუსეთი. სამწუხაროა, როდესაც ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი - თეთრი ვერ გახდება შავი და შავი ვერ იქცევა თეთრად, მიუხედავად იმისა, ვის რა აღქმების შექმნა სურს. ამიტომ სიმართლე ყოველთვის დარჩება სიმართლედ და ტყუილი ყოველთვის იქნება ტყუილი", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.