"ბრალდება ჩინეთის წინააღმდეგ: რატომ ქმნის პეკინი საზღვარგარეთ უკანონო "საპოლიციო პუნქტებს"

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ბრალდება ჩინეთის წინააღმდეგ: რატომ ქმნის პეკინი საზღვარგარეთ უკანონო "საპოლიციო პუნქტებს".

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა იმის მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ნიდერლანდების ტერიტორიაზე ჩინეთის ხელისუფლების მიერ გახსნილი, სულ ცოტა, ორი არარეგისტრირებული და უკანონო "საპოლიციო პუნქტი" არსებობს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მსგავს სტრუქტურებს პეკინი მთელ მსოფლიოში ქმნის. ეგრეთ წოდებული მომსახურების საზღვარგარეთული პუნქტები, რომლებიც, თითქოსდა, ჩინეთის მოქალაქეებისადმი დიპლომატიური და ადმინისტრაციული მომსახურების უზრუნველსაყოფად არის გამიზნული, სინამდვილეში ჩინელ დისიდენტებს ემუქრებიან და მათ დაშინებას ეწევიან.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი პუნქტები უკანონოდ ჩათვალა, მაგრამ ჩინური მხარე ბრალდებას უარყოფს.

ჟურნალისტური გამოძიების საბაბი გახდა ესპანეთში დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის - Safeguard Defenders-ის მიერ მომზადებული მოხსენება სათაურით "ჩინეთის ტრანსნაციონალური საპოლიციო ოპერაციები კონტროლიდან გამოვიდნენ". არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს სტრუქტურებს დედამიწის ხუთი კონტინენტის 21 ქვეყანაში 54 საზღვარგარეთული "საპოლიციო პუნქტი" აქვთ შექმნილი. მათი უმეტესობა ევროპაში მდებარეობს, მათ შორის 9 - ესპანეთში და 4 - იტალიაში. მსგავსი ორი დაწესებულება დიდ ბრიტანეთშიც არსებობს - ლონდონში და გლაზგოში.

"საპოლიციო პუნქტები", ერთი შეხედვით, თითქოსდა "კეთილშობილი" მიზნებისთვისაა შექმნილი - საერთაშორისო დანაშაულებებთან ბრძოლისა და ადმინისტრაციული ფუნქციების შესასრულებლად, ვთქვათ, მძღოლის მოწმობების გასაცემად, მაგრამ Safeguard Defenders-ის მტკიცებით, ისინი, პირველ რიგში, ე.წ. რწმენის შეცვლის ოპერაციებს ახორციელებენ, რომ საზღვარგარეთ მყოფ ჩინელ მოქალაქეებს, მათ, ვინც პეკინის რეჟიმს აკრიტიკებენ, სამშობლოში დაბრუნება აიძულონ.

ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს და გამოაქვეყნეს ჩინელი დისიდენტის - ვან ძინგუის ისტორია, რომლის მტკიცებით, ჩინური პოლიცია მას ნიდერლანდებშიც კი დევნის. როგორც იგი ჰყვება, მას ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში დაურეკა ადამიანმა, რომელიც საზღვარგარეთ არსებული "ჩინური საპოლიციო პუნქტის თანამშრომლად" წარუდგა. საუბრის დროს აღნიშნულმა თანამშრომელმა ვან ძინგუის სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვა და უთხრა, რომ კარგი იქნებოდა, საკუთარი პრობლემა გადაეწყვიტა და ეფიქრა თავისი მშობლების ბედზე, რომლებიც ჩინეთში დარჩნენ. ამის შემდეგ, ვან ძინგუის თქმით, დაიწყო სისტემატური მუქარები და დაშინებები, რასაც მის მიმართ "ჩინეთის მთავრობის აგენტები" ეწეოდნენ.

როცა ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა ეს ფაქტები ჩინეთის საელჩოს გააცნეს, ჩინელმა დიპლომატებმა ე.წ. საპოლიციო პუნქტების არსებობა კატეგორიულად უარყვეს.

"ჩინეთის მთავრობას დიპლომატიური არხებით არაფერი შეუტყობინებია ნიდერლანდების მთავრობისათვის, ამგვარი ოპერაციების შესახებ, რაც, თუ სინამდვილეა, რა თქმა უნდა, კანონის დარღვევას წარმოადგენს", - განუცხადა "ბი-ბი-სის" კორესპონდენტს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაქსიმე ჰოვენკამპმა. თუმცა, მისი თქმით, სამინისტრო ჯერ საკუთარ გამოკვლევას ჩაატარებს და შემდეგ გადაწყვეტს, თუ რა ზომები მიიღოს ამ საკითხთან დაკავშირებით.

"რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ, როგორც ჩანს, ჩინეთის მოქალაქის დევნა-დაშინება აქაც - ნიდერლანდების ტერიტორიაზეც კი ხდება", - ხაზი გაუსვა მაქსიმე ჰოვენკამპმა, - "ამჟამად ჩვენი პოლიცია ვან ძინგუის დაცვის საკითხს იხილავს".

ჩვეულებრივ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უცხოელი მოქალაქეებისათვის პასპორტებითა და სხვადასხვა მოწმობით უზრუნველყოფა მათივე ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების მეშვეობით ხორციელდება. ყველა ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოქმედებენ დიპლომატიური წესები, რომლებიც ვენის კონვენციით არის გათვალისწინებული, რომელზეც ხელი ნიდერლანდებსაც და ჩინეთსაც აქვთ მოწერილი. ამიტომაც იმ "პოლიციური პუნქტების" შექმნა, რომლის ორგანიზებას ჩინეთს ბრალად უყენებენ, შეიძლება მიმღები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობად შეფასდეს. გამოდის, რომ ჩინეთი არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე - ნიდერლანდების ეროვნულ კანონმდებლობასაც.

თუმცა, როგორც ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვან ვენბინმა განაცხადა, "ის დაწესებულებები, რასაც "საპოლიციო პუნქტებს" უწოდებენ, სინამდვილეში ჩინეთის მოქალაქეთა მომსახურების საზღვარგარეთულ ცენტრებს წარმოადგენენ". მან ასევე დაამატა, რომ ჩინეთი პატივს სცემს სხვა ქვეყნების სასამართლო სისტემას [ამა თუ იმ ფაქტის გამოძიების თვალსაზრისით]. როგორც ვან ვენბინმა განუმარტა ჟურნალისტებს, ჩინეთის ბევრ მოქალაქეს კორონავირუსის გამო სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა არ ჰქონდა, ამიტომაც, მათ სირთულეების გადალახვაში რომ დახმარებოდნენ, ხელისუფლებამ ასეთი ონლაინ-მომსახურების ცენტრები გახსნა".

იძულება და მუქარები

თავის მხრივ, Safeguard Defenders-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩინეთის საპოლიციო ტაქტიკა ბევრ კითხვას აჩენს იმდენად, რამდენადაც იმ ადამიანების ("ეჭვმიტანილების") წინააღმდეგ არის მიმართული, რომელთაც კრიმინალებთან კავშირი არ აქვთ. რასაკვირველია, "ჩინური პუნქტების" არსებობა მიმღები ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ძირითადად, მათი საქმიანობა გამოიხატება იძულებასა და მუქარებში იმ ადამიანების ოჯახთა წევრების მიმართ, რომლებიც, როგორც ჩინეთის ხელისუფლება თვლის, "კანონს საზღვარგარეთ ემალებიან" და რომელთა სამშობლოში დაბრუნება მათთან საუბრისა და "დარწმუნების გზით" შეიძლება.

მაგალითად, ორ სექტემბერს ჩინეთში მიიღეს კანონი სატელეფონო და ინტერნეტ-თაღლითობების შესახებ, რომელიც, ექსტერიტორიული იურისდიქციით, ჩინეთის ყველა იმ მოქალაქეზე ვრცელდება, რომლებიც ამგვარ დანაშაულში იქნებიან ეჭვმიტანილნი. თეორიულად, ეს ახალი კანონი, "ჩინურ საპოლიციო პუნქტებთან" ერთად, ჩინელ დისიდენტებს უცხოეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე "დამალვის" და თავშეფარების შანსს აღარ უტოვებს.

ახლა საზოგადოება ნიდერლანდების მთავრობისაგან იმ ზომების მიღებას ელოდება, რომლებიც ჩინეთის რეჟიმის კრიტიკოსებს დაიცავს და რომლებსაც ჰოლანდიაში პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ მიღებული.