როგორ აფასებენ ვაშაძის მიერ დაანონსებულ დიდ ოპოზიციურ ერთობას - „ნულს მივუმატოთ ნული, უდრის ნულს“

როგორ აფასებენ ვაშაძის მიერ დაანონსებულ დიდ ოპოზიციურ ერთობას - „ნულს მივუმატოთ ნული, უდრის ნულს“

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობის" ჩამოყალიბება დაანონსა, თუმცა კონკრეტულად ამ გაერთიანებაში ვინ შევა, ეს ჯერჯერობით ცნობილი არაა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ იცის ვაშაძე რა გაერთიანებაზე საუბრობს, მმართველ გუნდს კი ამ შესაძლო ერთობის პერსპექტივაში ეჭვი ეპარება.

საზოგადოების მხარდაჭერით არ სარგებლობენ, ისინი ნულჯამოვან თამაშს ეწევიან. ნულს მივუმატოთ ნული, უდრის ნულს - ასე შეაფასა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ გიორგი ვაშაძის მიერ დაანონსებული შესაძლო ოპოზიციური ერთობა.

„სტრატეგია აღმაშენებელის" განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციისგან.

„არ ვიცი, გიორგი ვაშაძე რა კონსულტაციების დაწყებაზე საუბრობს, რადგან ჩვენ დიდი ხანია გვაქვს თანამშრომლობის ფორმატი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატი. ჩვენ დიდი ხანია გვაქვს საკონსულტაციო ფორმატი სხვა პარტიებთან, პირველ რიგში სწორედ ევროკავშირის მოთხოვნების თემაზე. „ლელო" ამ პროცესის აქტიური ლიდერი და თანამონაწილეა. ცხადია, ჩვენი კარი არის ღია ყველასთან კონსულტაციისთვის, ვისი ამოცანაც არის ამ ქვეყანაში დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლა და ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფა," - განაცხადა „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი „დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობის" ჩამოყალიბება „პალიტრანიუსთან" დაანონას და განაცხადა, რომ: „90%-იანი ალბათობით აუცილებლად ჩამოყალიბდება დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობა. რაც არ უნდა ეცადოს ვინმემ გაწევ-გამოწევა, ეს აუცილებლად ჩამოყალიბდება. ვინც ამაში არ იქნება, ის უბრალოდ გაირიყება პოლიტიკური პროცესიდან. ერთიანობის ბაცილა სწრაფად ვრცელდება და ამ ერთიანობას თავისი ფუნდამენტები ჩაეყრება".

გახარიას პარტია „საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ამაზე საუბრისას ამბობს, რომ პარტია ოპოზიციური გაერთიანების საკითხსაც განიხილავს.

რას ეძახიან ერთობას? - დღეს მთლიანად ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა" დაკავებულია ერთმანეთის შანტაჟით, კომპრომატების გამოქვეყნებით, შიდაპარტიული ბრძოლებით - ხელისუფლებას ახლა აქვს ისეთი მაღალი მხარდაჭერა, როგორიც არასდროს ჰქონია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველ გუნდს ოპოზიციური გაერთიანების საკითხი არ ადარდებს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია საზოგადოების მხარდაჭერით არ სარგებლობს, ამიტომაც დიდი ალბათობაა, რომ ვაშაძეს ეს მცდელობა ვერ გამოუვიდეს.

„ურეიტინგო პოლიტიკოსების მრავალწლიანი მცდელობა, რომ მძლავრი ოპოზიციური გაერთიანება შექმნან, ყოველთვის ფიასკოთი მთავრდება, რადგან ცალკეულ სუბიექტები, ეს გიორგი ვაშაძე იქნება, მისი თანაპარტიელები თუ პარტნიორები, საზოგადოების მხარდაჭერით არ სარგებლობენ, ისინი ნულჯამოვან თამაშს ეწევიან. ნულს მივუმატოთ ნული უდრის ნულს.

„ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი და ტექნიკური მთავრობა მრავალჯერ სურდათ, მაგრამ ყოველთვის წარუმატებლები იყვნენ, რადგან საკუთარი ქმედებებით და განცხადებებით ელექტორატის მოწონებას ვერ იმსახურებენ. ვაშაძის ნებისმიერი მცდელობა, რომ რაღაც ახალი ოპოზიციური კოალიცია შექმნას, ღიმილისმომგვრელი და კომედიური ჟანრისაა, რომელიც თავიდანვე სასტიკი წარუმატებლობისთვისაა განწირული.

„ეს ადამიანები თუ ვერ ხვდებიან, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალონ, საკუთარი თავი წარმოაჩინონ, როგორც მმართველ პარტიაზე უკეთესი და დესტრიუქციულ რეჟიმში არ იყვნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უკვე პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან და ნებისმიერ იმ ხავსს ეჭიდებიან, რომელიც ყოველთვის წყდება და მათი მორიგი წარუმატებელი პროექტია.

„ისინი პოლიტიკაში მრავალი წელია წარუმატებლები არიან, მაგრამ პოლიტიკას მაინც არ შეეშვნენ და იმ კუთხეში ყოფნას ჯიუტად აგრძელებენ, საიდანაც ვერაფრით გამოდიან, მათ პრაგმატული პოლიტიკური აზროვნება არ აქვთ.

„ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი დიდი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს ის ადეკვატური პოლიტიკოსები არ ჰყავს, რომლებიც მათ ინტერსს გამოხატავენ. ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილში სამწუხაროდ ის ძველი პოლიტიკოსები დომინირებენ, რომელთა რენომე აბსოლუტურად გაცამტვერებულია და რომელთა სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს.

„აუცილებელია, რომ ქართულ პოლიტიურ ველზე კონსტრუქციულად მოაზროვნე ოპოზიციური პარტიები გაჩნდნენ, ჯერჯერობით ცოტანი და სუსტები არიან, მმაგრამ ეს პარტიები უნდა გაძლიერდნენ, რადგან კოლექტიური გიორგი ვაშაძის, გუბაზ სანიკიძის, „გირჩი" ჯაფარიძის და სხვათა გარშემო, საზოგადოების კონსოლიდაცია შეუძლებელია. ესენი დიდი ხანია პოლიტიკოსები აღარ არიან და არაადეკვატურ განზომილებაში არაინ, მათი რეიტინგები საკმაოდ დაბალია და დაღმასვლაშია.

„რაც შეეხება ენმ-ს, პარტიას სხვა პრობლემები აქსვ შიდა გავლენებისა და ფინანსების განაწილების თვალსაზრისით. რომელი ფრთა გაიმარჯვებს, კეზერაშვილის თუ სააკაშვილი-ალასანიასი, ამას უახლოეს პერიოდში ვნახავთ. ფაქტია, რომ ენმ-შიც ძალიან დიდი პოლიტიკური მიწისძვრაა, რომელიც ადრე თუ გვიან ამ პარტიისთვის დამანგრევლი იქნება", - განაცხადა აბაშიძემ.