ვასილ კაჭარავა:  რატომ ხარჯავდა აშშ „ნაციონალების“ დროს უფრო მეტს?  მიშას მთავრობამ იცოდა ამერიკელების ენა, როგორ ეთანამშრომლა - საკუთარ თავს დააბრალე, 12 წელია ხელისუფლებაში ხარ, ადექი, იმუშავე

ვასილ კაჭარავა: რატომ ხარჯავდა აშშ „ნაციონალების“ დროს უფრო მეტს?  მიშას მთავრობამ იცოდა ამერიკელების ენა, როგორ ეთანამშრომლა - საკუთარ თავს დააბრალე, 12 წელია ხელისუფლებაში ხარ, ადექი, იმუშავე

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ამერიკას „ეძვილბიჭებიან“, დეგნანს „საქმეს ურჩევენ“ - ამერიკა ყველაზე მაგარი „ძველი ბიჭია“ მსოფლიოში და მაგასთან ასე ლაპარაკი არ გამოგივა, - ამის შესახებ ამერიკათმცოდნე ვასილ კაჭარავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, სადაც „ხალხის ძალის“ ნარატივზე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა წლების განმავლობაში საქართველოში ფინანსებს არა ჩვენი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთვის, არამედ საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად დებდა.

„დეგნანი არ არის დეგნანი. დეგნანი არის ამერიკა და ეს უნდა გავითვალისწინოთ. საერთოდ ელჩთან ურთიერთობის „გასარჩევად“ საგარეო საქმეთა სამინისტრო არსებობს. კითხვები, რაც ჰქონდათ ჩამოწერენ და ამ ქალბატონს, დეგნანს დაიბარებენ და ეტყვიან, მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტს კითხვები აქვს, ან თქვენი ქცევის ეს ნაწილი არ მოგვწონს და ისიც, როგორც დიპლომატი, ამას გაითვალისწინებს. ესე ხდება მთელ მსოფლიოში, ზოგიერთებმა დიპლომატიაში ახალი ელემენტი შემოიტანეს", - აღნიშნა მან.

ამასთან, ვასილ კაჭარავა კიდევ ერთ ბრალდებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს „ქართული ოცნების“ შეცვლა და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება სურს. მისი თქმით, მსგავსი ბრალდებებით „ქვეყანა შარში არ უნდა გახვიონ“.

“ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ბრძოლაა და ერთმანეთს ებრძოლონ, რა შუაშია მანდ ამერიკა, ის მოსწონს თუ ეს მოსწონს? ამათაც ეხმარება და იმათაც, მთელს სახელმწიფოს ეხმარება. ერთმანეთში რომ ვერ გაურკვევიათ, ამაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ნუ რევენ და ქვეყანას შარში ნუ აგდებენ. ამერიკა ყველაზე მაგარი „ძველი ბიჭია“ მსოფლიოში და არ გამოგივა მასთან ასე ლაპარაკი. გეხმარება ხომ? მოხდა ინტერესების დამთხვევა, შეირგე. შენც შენი ღირსეული პასუხი გაცემული გაქვს ამაზე, ვალში არა ვართ. ჩვენი ერთგულებით, ჩვენი თანადგომით სხვადასხვა ორგანიზაციებში გვერდით ვუდგვართ ამერიკას. შეძლებისდაგვარად ჩვენი მოკავშირის და პარტნიორის ვალს ვისტუმრებთ“, - განაცხადა ვასილ კაჭარავამ.

რაც შეეხება განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში 2-ჯერ მეტი ფინანსური რესურსი აქვს დახარჯული, ვიდრე 2012 წლიდან, ვასილ კაჭარავას თქმით, თუ აშშ საქართველოს წინა ხელისუფლების დროს ორჯერ მეტად ეხმარებოდა, ეს „ოცნებამ“ თავის თავს უნდა დააბრალოს.

„ესეც ამერიკელების ბრალია კაცო? მე გეტყვით, რატომ დაიხარჯა უფრო მეტი - მიშას მთავრობამ და მიშამ, მიუხედავად თავისი ხარვეზებისა, იცოდა ამერიკელების ენა, როგორ ელაპარაკა, როგორ ეთანამშრომლა, ჩაჯდა მაგათ ინტერესებში, ლოიალურობაც დაუმტკიცა. ბუშთან ასე რომ არიან ჩახუტებულები, ეგრე ყველას არ ეხუტებოდა. მიშამ უკეთ იცოდა ეს ამბავი, ამათ ცოტა გაუჭირდათ. მაგათ ხელშია ხომ? ადექი, 12 წელია ხელისუფლებაში ხარ და გააუმჯობესე, თუ იმათ რაღაც კარგი ჰქონდა გაკეთებული გააგრძელე, ამასაც ამერიკელებს აბრალებენ, კაცო? საკუთარ თავს დააბრალე, რატომ არ მუშაობ ამ ამერიკელებთან ისე კარგად?“, - განაცხადა ვასილ კაჭარავამ.