რა საფრთხეს ელიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და რატომ გაუგზავნა ევროკომისიამ ადგილობრივებს იოდის ტაბლეტები

რა საფრთხეს ელიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და რატომ გაუგზავნა ევროკომისიამ ადგილობრივებს იოდის ტაბლეტები

ზაპოროჟიეს ატომურ ელეტროსადგურს ისევ რუსული ძალები აკონტროლებენ, მიმდებარე ტერიტორია ხშირად დაბომბვების ქვეშ ექცევა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ევროკომისიამ მოსალოდნელი შესაძლო კრიზისის თავიდან ასარიდებლად უკრაინას აეს-ის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ხუთი მილიონი იოდის ტაბლეტი გადასცა.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ბირთვული შანტაჟის ფონზე, ვლადიმერ პუტინი აცნობიერებს, რომ ბირთვული იარაღი აშშ-საც აქვს, თან უფრო მარალტექნოლოგიური და ახლა შესაძლოა სხვადასხვა დივერსიულ აქტებს მიმართოს, მათ შორის ერთ-ერთი ბერკეტი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იყოს და საფრთხე რეალურია.

ევროკომისარმა ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში იანეს ლენარჩიჩმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა საომარი მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„კორონავირუსის პანდემიის დროს უკვე ვისწავლეთ, რომ მხოლოდ კრიზისის შემთხვევაში რეაგირება არ შეიძლება. ამიტომ, ახლა ვცდილობთ მომავალი კრიზისების პროგნოზირებას და უნდა ითქვას, რომ ჩვენი პროგნოზი წარმატებული იყო, რადგან ომამდეც ვემზადებოდით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საგანგებო სიტუაციებისთვის. ახლა ჩვენ შევძელით იოდის ხუთი მილიონი ტაბლეტის მიტანა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების სიახლოვეს მცხოვრებთათვის.

„არცერთი ატომური ელექტროსადგური არ უნდა იქნას გამოყენებული ომის თეატრად. მიუღებელია, რომ საფრთხე ემუქრება მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს", - აღნიშნა იანეს ლენარჩიჩმა.

როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მუშაობას მალე განაახლებს. მათივე ცნობით, ატომურ სადგურზე ზედამხედველობას სრულად რუსული მხარე განახორციელებს.

„როიტერსი" კი წერს, რომ უახლოეს დღეებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი მოსკოვში ჩავა, რათა ატომურ სადგურზე არსებული სიტუაცია განიხილოს.

უკრაინული ენერგოატომის გენერალურმადირექტორმა პეტრო კოტინიმ განაცხადა, რომ 1-ელ ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელი იჰორ მურაშოვიგაიტაცეს. როგორც „ენერგოატომმა" მაშინ განაცხადა, მისი დაკავება ევროპის უდიდესი ბირთვული სადგურის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.

3 ოქტომბერს კი,ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსმა გაავრცელა.

"მივესალმები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. მე მივიღე დადასტურება, რომ ბატონი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა საკუთარ ოჯახში"- დაწერა გროსმა ტვიტერზე.

ამასთან, რაფაელ გროსმა განაცხადა, რომ იგორ მურაშოვი ოჯახთან ერთად უკრაინის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფება და თავისი მოვალეობების შესრულებას არ დაუბრუნდება. როგორც გროსი დასძენს, ჯერჯერობით გაურკვეველია მას ვინ შეცვლის. მისი თქმით, მურაშოვის ადგილზე არყოფნას ჰქონდა "დაუყოვნებელი და სერიოზული ეფექტი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე სადგურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".

გასული თვის ბოლოს „როიტერსი" პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით, წერდა, რომ ქვეყანა შეშფოთებულია უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ბრძოლით და იოდის ტაბლეტები რეგიონულ სახანძრო განყოფილებებს გადაუნაწილა, რათა რადიოაქტიური ზემოქმედების შემთხვევაში, ხალხს დაურიგდეს.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აღიშნავს, რომ ზაპოროჟიეს აეს-თან დაკავშირებით განსაკუთრებით დიდი საფრთხეა მას შემდეგ, რაც პუტინმა ბირთული შანტაჟი დაიწყო.

„არაა გამორიცხული, რომ პუტინის ბოლოდროინდელი ბირთვული შანტაჟის ფარგლებში თავად რუსეთმა გააკეთოს ისე, რომ თითქოს ატომურმა ენერგიამ გაჟონა. „ჩრდილოეთ ნაკადი 2"- ზე გაზმა გაჟონა, ბალტიის ზღვაში ეკოლოგიური გარემო მოიწამლა და კონკრეტულ ქვეყნებს შეიძლება პრობლემები შეექმნათ. ეს დიდი ალბათობით რუსეთის მიერ განხორციელებული დივერსია იყო, ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ ზაპოროჟიეს აეს-ზეც იგივე დივერსიას გეგმავდეს. თუ აფეთქებას ვერ გარისკავს, შესაძლოა რაიმე ტიპის გაჟოვა მოხდეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებებს აღწევენ და იგივე ხერსონს, სადაც 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. შესაძლებელია, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს აესზე რამე ტიპის ჭურვი მოარტყან და უკრაინას დააბრალონ. რაც ბირთვულ შანტაჟზე დაიწყო საუბარი, უფრო და უფრო რეალური ხდება, რომ რუსეთმა ასეთი რამ გააკეთოს.

„რაც შეეხება ბირთვული ტაქტიკური თუ სტრატეგიული იარაღის გამოყენებას, რუსეთი აცნობიერებს, რომ ეს პოტენციალი აშშ-საც გააჩნია, თან უფრო მარალტექნოლოგიური და ახლა პუტინი ამ იარაღს უფრო შანტაჟისთვის იყენებს და შესაძლოა ფიქრობდეს, რომ დივერსიულ მეთოდებს მიმართოს",-ანაცხადა მან.

კითხვაზე, თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რაიმე სახის გაჟონვა მოხდა, რა არეალს შეიძლება გასწვდეს, ჩიტაძემ განაცხადა:

„ეს იმაზეა დამოკიდებული თუ ენერგიის რა რაოდენობა გაიჟონება. ჩერნობილის აეს-ზე მეოთხე ბლოკი აფეთქდა და რადიაციის ქარმა ბელარუსს გადაუარა, რადიაციული ღრუბელი შვედეთის თავზე ჩამოწვა, ანუ უფრო ჩრდილოეთი რეგიონები მოიცვა.

„ზაპოროჟიე შედარებით სამხრეთითაა და არაა გამორიცხული, რომ რადიაციის ღრუბელმა შავი ზღვის აკვატორიისკენ გადმოინაცვლოს, თუმცა აქაც გააჩნია რა მოცულობის აფეთქება იქნება. უარესი სცენარის შემთხვევაში შესაძლოა რადიაციის ღრუბელმა საქართველომდეც მოაღწიოს.

„რუსეთი თავის ბირთვულ იარაღს ვერ იყენებს, ასე ადვილი არაა, იქ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის თანხმობაა საჭირო და შესაძლოა ყველა ერთ აზრზე არ იყოს. თან სხვადასხვა პროცედურებია გასავლელი. ასე ღილაკზე თითის დაჭერა ეგრევე არ ხდება. შეიძლება ითქვას, რომ „ჩრდოლოეთ ნაკადი" და ზაპოროჟიეს აესი პუტინისთვის შანტაჟის ბერკეტებს წარმოადგენენ", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".