„ასეთი კანონის მიღება დაუშვებელია - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მასში საკუთარი ინტერესების ჩადება სურთ“,

„ასეთი კანონის მიღება დაუშვებელია - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მასში საკუთარი ინტერესების ჩადება სურთ“,

„ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მათ მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს მხოლოდ ოპოზიციასთან კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში მიიღებენ. ოპოზიციაში კი მიჩნევენ, რომ ამ კანონმა მომავალში შესაძლოა მომავალში ქვეყნის დემოკრატიულ წესწყობილებას საფრთხე შეუქმნას. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს აზრით, ორივე მხარე თავისი ინტერესების ჩადებას ცდილობს, რაც მიუღებელია.

პოლიტიკური სპექტრი კვლავ ვერ თანხმდება დეოლიგარქიის კანონის მიღებაზე. „ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ თუ მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსენსუსს ვერ მიაღწევენ, მას არ მიიღებენ, მითუმეტეს, რომ ეს არც ევროკავშირს მიაჩნია აუცილებლდა. ამის შესახებ განცხადება სამშაბათს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

აღნიშნა, რომ ოპოზიცია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში ვერ ერკვევა, როცა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.

„მარტივად არის საქმე - უკრაინული კანონი, რომელიც არავისზე არ იყო მორგებული, არც ერთ ქართველ პოლიტიკოსზე არ იყო მორგებული, გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, მანაც მოიწონა და შევთავაზეთ საბაზისო ვერსიად ეს ოპოზიციას. მაშინვე წამოვიდა წინააღმდეგობა ერთი მარტივი მიზეზის გამო - ნახეს, რომ ეს კანონი ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ შეეხება მათ არაერთ წარმომადგენელს, მათ არაერთ ლიდერს, მათ შორის, პირველ რიგში კეზერაშვილს, რომელიც მედიამფლობელია და პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ფორმით, რისი მაგალითებიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.

„მათ ამ კანონის მიღება არ აწყობთ. გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ისეთ კანონს შეიმუშავებენ, რომელიც მორგებული იქნება ივანიშვილზე. ეს თქვეს ღიად და საჯაროდ. ელემენტარულად, ვერ ერკვევიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში. კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული.

„როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ფეხქვეშ თელავდნენ. ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან, რაც არის სამწუხარო მოვლენა.

„კანონს ვერ მოვარგებთ. ამიტომ, უკრაინული კანონი ავიღეთ, რომელიც ყველამ მოიწონა და ვთავაზობთ ოპოზიციას. თუ მოინდომებენ ამაში თანამონაწილეობას, მზად ვართ, კანონი მივიღოთ, თუ არა, მაშინ არ მივიღებთ.

„თუ კანონის მიღების საკითხის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, ჩვენც კანონს არ მივიღებთ. მათ შორის ევროკავშირის ყოფილ ელჩს ნათქვამი აქვს, რომ ეს კანონი არ არის საჭირო. თუ ევროკავშირსაც და ოპოზიციასაც მიაჩნიათ, რომ ეს კანონი არ გვჭირდება, არ მივიღებთ", - განაცხადა კობახიძემ", - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ არ არსებობს იმის იმის იმედი, რომ „ქართულ ოცნება" მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც მომავალში სახელმწიფოს გამოადგება და ნორმალურ, დემოკრატიულ წესწყობილებას საფრთხე არ შეექმნება.

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია კი აცხადებს, რომ „ოცნება" არ იაპირებს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც „მომავალში სახელმწიფოს გამოადგება და ნორმალურ, დემოკრატიულ წესწყობილებას საფრთხე აღარ შეუქმნის".

„თვეების განმავლობაში რუსული ხელისუფლება უტიფრად საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. მეტიც, საუბრობენ, რომ ის არის მეცენატი. ეს არც გუშინ უთქვამთ და არც გუშინწინ, ევროპული დავალების სახით 12 რეკომენდაცია გაცემული არ იყო, რომ მათ ეს განცხადება გააკეთეს. ამიტომ იმის იმედი, რომ „ქართულ ოცნებას" პარლამენტში გაუნათდება გონება და მიიღებენ ისეთ კანონპროექტს, აქცევენ კანონად, რომელიც მომავალში სახელმწიფოს გამოადგება და ნორმალურ, დემოკრატიულ წესწყობილებას საფრთხე აღარ შეუქმნის, რა თქმა უნდა, არ არსებობს და არც იარსებებს, ვიდრე რუსული ხელისუფლება არის მართვის სადავეებთან. ისინი მათ შორის პარლამენტში, მიიღებენ ყველა კანონპროექტს, რომელსაც ჩათვლიან საჭიროდ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ამ კანონში საკუთარი ინტერესების ჩადება სურთ, ასეთი კანონის მიღება კი დაუშვებელია.

„თუ არ ვცდები სიტუაცია ასეთია, რომ ოპოზიციას სურს დაისაჯოს ივანიშვილი, როგორც „ოცნების" ოლიგარქი და არ დაისაჯონ მათი ოლიგარქები. როგორც ჩანს, ასეთი ტენდენცია გაჩნდა, ჩემი ოლიგარქი კარგად იყოს და შენი ოლიგარქი - ცუდად, ან პირიქით.

„ამ შემთხვევაში არ მიმაჩნია, რომ ასეთი წინააღმდეგობა მიუთითებდეს რაიმეს გარდა იმისა, რომ ასეთ კანონზე დათანხმება არ შეიძლება, ეს კანონი აღარაა, უბრალოდ, ის უნდათ ბრძოლის ინსტრუმენტად და არა ქვეყნის წინსვლისთვის.

„აქ საუბარია იმ კანონზე რომლითაც უკრაინა ცხოვრობს. ოპოზიციას კი სწორედ ეს არ უნდა, რადგან შეიძლება კეზერაშვილიც აღმოჩნდეს ამ კანონის მოქმედების სფეროში.

„რატომ უნდა გახდეს ევროპის მხრიდან კრიტიკის საბაბი ის, რომ საქართველომაც მიიღოს მათ მიერ მოწონებული უკრაინის კანონი? მგონი საკითხი გამჭირვალეა, აქ ევროპასთან ურთიერთობა არ არის წამყვანი, აქ წამყვანია კანონთან მიმართება. ოპოზიციას არ სურს კანონის მიღება, რათა მათი ოლიგარქები არ დაზიანდნენ, თავის მხრივ კი „ოცნებას" არ სურს მიიღოს ისეთი კანონი სადაც ივანიშვილი ოფიციალურად აღმოჩნდება ოლიგარქი", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ „ოცნება" კანონის ჩაგდებისათვის ემზადება და წინასწარ ქმნის საფუძველს, რომ მერე ეს ოპოზიციას დააბრალო, საყვარელიძე პასუხობს:

„შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარე სათავისოდ იყენებს ვითარებას. ასე რომ, აქ იქნება აზრთა ჭიდილი და კანონის მიღება-არმიღების საკითხს მხარები დააბრალებენ ერთმანეთს, უბრალოდ, ევროკავშირმაც და საზოგადოებამაც ლოგიკის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს ჭეშმარიტება სად არის".