რა მოჰყვება რუსი ლტოლვილების ახალ ტალღას - პანიკა რუსეთში და მრავალკილომეტრიანი რიგი ზემო ლარსზე

რა მოჰყვება რუსი ლტოლვილების ახალ ტალღას - პანიკა რუსეთში და მრავალკილომეტრიანი რიგი ზემო ლარსზე

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გასაწვევი ასაკის მამაკაცები მასობრივად გარბიან ისეთ ქვეყნებში, სადაც უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. ამის გამი უკვე მეოთხე დღეა საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას. მოქალაქეები სპეციალურად შექმნილ ჩატში განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საქართველოს საზღვარზე და უშალოდ საქართველოში.

მნიშვნელოვნად გაძვირდა ავიაბილეთები. რუსეთის ქალაქებიდან სტამბოლის, ბელგრადისა თუ დუბაის მიმართულებით ბილეთების შოვნა თითქმის შეუძლებელია. ანტალიის მიმართულებით ბოლო ბილეთის ფასი იყო 11 600 დოლარი.

რუსეთის 38 ქალაქში სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამასთან, მობილიზაციის გამოცხადებამ უკვე იმოქმედა როგორც რუბლის კურსზე და საფონდო ბირჟებზე, ასევე მნიშვნელოვნად გაძვირდა ბილეთები რუსეთიდან.

რუსების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას განსაკუთრებით ის იწვევს, რომ ოფიციალურად გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია არც ისე ნაწილობრივი აღმოჩნდა. საომრად იძახებენ ყველას, მათ შორის ვისაც ჯარში არ უმსახურია ან უვარგისია სამხედრო სამსახურისთვის - მრავალშვილიან მამებს, 60 წელს გადაცილებულებს და მათც კი, ვისაც საერთო არ აქვთ სამხედრო ბილეთი.

ყოველივე ამან რუსულ საზოგადოებაში სერიოზული უკმაყოფილება და პანიკაც კი გამოიწვია.

რას ფიქრობენ დასავლეთში რუსი ლტოლვილების მასიურ ტალღაზე

უნდა გაიხსნას თუ არა ევროპის საზღვარი რუსეთის იმ მოქალაქეებსიათვის, ვინც პოლიტიკური მოსაზრებების გამო ტოვებს სამშობლოს - ამაზე ევროკავშირის წევრს სახელმწიფოებში აზრთა სხვადასხვაობაა. ბალტიის სახელმწიფოები და ჩეხეთი ჯარში გაწვევისაგან თავის არიდებას არ მიიჩნევენ საკმარის საფუძვლად რუსეთის მოქალაქეების მისაღებად. გერმანიაში კი პირიქით, - პუტინის ომში მონაწილეობაზე უარი ბერლინისთვის გაბედული ნაბიჯია და დევნილებისთვის კარსაც აღებენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „პოლიტიკოსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარის გაღებას მხარს უჭერს.

„ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, ვისაც პოლიტიკური შეხედულებების გამო საფრთხე ემუქრება. პოლიტიკური შეხედულებების გამო რუსეთში ხალხი თუ საფრთხეშია, რადგან მათ არ სურთ დაემორჩილონ კრემლის შეშლილ იდეას წამოიწყოს ომი უკრაინაში, მაშინ ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა შარლ მიშელმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი კი მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ პირების მიღება, ვინც რუსეთის რეპრესიებს გაურბის.

„ისინი, ვინც „გაფილტვრის" პროცესსა და იძულებით დაკავებას გადაურჩნენ, ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდნენ, რომელიც თბილისში იმყოფებოდა ვიზიტით. მას გაუზიარეს შემზარავი ცნობები დამცირების, დაკითხვის, წამებისა და შეურაცხყოფის შესახებ მანამდე, სანამ საქართველოში გაემგზავრებოდნენ უსაფრთხო თავშესაფრის მოსაძებნად.

„საქართველოში ბევრმა მათგანმა დახმარება, გულუხვი სტუმართმოყვარეობა და თანაგრძნობა იპოვა. ქართველი ხალხი რუსეთის აგრესიას გამოქცეულ ლტოლვლებს ხელგაშლილი და ღია გულით დახვდა. სამოქალაქო საზოგადოების ხელმძღვანელობით შეიკრიბნენ საქართველოს მოქალაქეები საჭიროებებზე რეაგირებისა და გულუხვი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად.

„საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის რუსეთის აგრესიის ადამიანური მსხვერპლი, ყოველდღიური შეხსენებებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.

„ბოლო ორასი წლის განმავლობაში, რუსეთი არაერთხელ შეეცადა ძირი გამოეთხარა საქართველოსთვის - ქართული ენის, რელიგიის, ტრადიციების, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

„2008 წელს ასობით ქართველმა გაწირა სიცოცხლე საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დასაცავად და ასობით ადამიანის ცხოვრებას ადგება ზიანი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციით.

„ჩვენ მივესალმებით ქართველ ხალხს, ვინც თანაუგრძნო და გულუხვი დახმარება აღმოუჩინა მათ, ვინც ცდილობს თავის დააღწიოს ძალადობას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავაც იქნება თავშესაფარი იმ ადამიანებისთვის, ვინც უკრაინის ომს და რუსეთსა და ბელორუსიაში შევიწროებას გამოექცა.

„არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოზე უკეთ გაიგებს მათ ტანჯვას. ჩვენ ერთად ვდგავართ - ძალა ერთობაშია!", - ნათქვამია კელი დეგნანის განცხადებაში, რომელიც ინტერნეტში შაბათს გავრცელდა.

აღსანიშნავცია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეებისთვის კარის გახსნის საკითხს ორშაბათს განიხილავენ.

რას წერენ რუსები საქართველოს საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით

მობილიზაციას გამოქცეული რუსები სპეციალურად შექმნილ ჩატებში ცდილობენ ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები და გამოცდილება, თუ როგორ მოიქცნენ საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას.

„ტელეგრამში" შექმნილი ჩატი „ზემო ლარსი" ერთ-ერთი ასეთი კომუნიკაციის საშუალება რუსეთის მოქალაქეებისთვის. ზოგიერთი მადგანი პირდაპირ იმ გრძელი რიგებიდან წერს, რომელიც საზღვართან არის შექმნილი.

„ვინმეს საწვავის მოტანა შეუძლია? 15-20 ლიტრი. გადავიხდით".

„ბიჭებო, ურიგოდ გამატარეთ. დღეს ფეხბურთია, საქართველო თამაშობს, მატჩზე უნდა წავიდე".

„ზემო ლარსი" 90 ათასი კაცია გაწევრიანებული. მათი დასმული კითხვები კი ასეთია:

- რამდენ ხანს უნდა იდგე ხერგილში, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთო?

- თუ უშვებენ იმათ, ვისაც სამხედრო გაწვევა ეხება?

- მანქანაზე გამოსახულ Z-ს რა ვუყოთ?

ნაწილი ჯერ მხოლოდ ცდილობს მგზავრობა დაგეგმოს:

„მგზავრი ვარ, მივდივარ რუსეთიდან საქართველოში. გამგზავრების თარიღი: 25:09:2022. ინფო: ორი ბიჭი ვლადიკავკაზიდან, 19 და 26 წლისები, ორი ჩანთით".

იქვე არის ბიზნესწინადადებებიც. მაგალითად, საზრვრის ურიგოდ გადაკვეთის შეთავაზება შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ და საზღვრი გადაკვეთა სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით: მსუბუქი ავტომობილი, მინივენი, ტრაილერი და სკუტერიც კი.

ხოლო ისინი, ვინც უკვე საზღვარზე გადავიდნენ, სხვებს არიგებენ:

„უმანქანოდ შედარებით სწრაფად გასვლის მეთოდი: ხერგილის ბოლომდე ტაქსით მიდით, მერე ფეხით საგუშაგომდე და საზღვრამდე კილომეტრის რადიუსში მოძებნეთ სამარშრუტო ტაქსი ან მინივენი. იქ დგანან ცარიელები, ორ საზღვარს ურტყამენ წრეს. გუშინ ერთი ადგილი 15-20 ათასი რუბლი (დაახლოებით 725-965 ლარი) ღირდა".

აქვე, პასუხებიც გვხვდება მთავარ კითხვასთან დაკავშირებითაც - უშვებენ თუ არა კაცებს საზღვარზე?

„14:00-ზე გადმოვედით საზღვარზე. მანქანაში ხუთი კაცი ვისხედით: 55, 19, 23, 35 და 45 წლის. ყველას ეხება სამხედრო სამსახური. კაცს საშალოდ 20 წუთი სჭირდება გასასვლელად. კითხვები: სახელი, გვარი, მამის სახელი; დაბადების ადგილი და დრო; მსახურობდი თუ არა და დაწვრილებით სამხედრო ბილეთის შესახებ; სამსახური; მობილიზაციის შესახებ თუ ხარ ინფორმირებული. კიდევ შეიძლება დამატებითი კითხვებიც იყოს. ჩვენს წინ და ჩვენთან ერთად ყველამ გავიარეთ, ხალხი კი ბევრი იყო სხვადასხვა ფანჯარასთან".

როგორ უნდა მოიქცეს საქართველო

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვალელი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ პროცესები შესაძლოა ბევრად მარტივი ყოფილიყო, თუ საქართველოს დაწესებული ექნებოდა სავიზო მიმოსვლა რუსეთთან.

„ამაზე ალბათ იქნება საერთაშორისო მსჯელობა და ევროპელი დიპლომატები გადაწყვეტენ როგორ მოიქცნენ აღნიშნულთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი პრობლემა არის კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ვინაა რეპრესირებული და ვინ არა?

„რაც შეეხება საქართველოს საკითხს, როგორც ცნობილია, საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით რუსი შემოდის. ამასთან, რთულია იმის გაარკვევია, აქედან, რეალურად ვინ წარმოადგენს პოლიტიკურ დევნილს და ვინ - უბრალო ადამიანს რომელიც ცდილობს ჯარში გაწვევის თავიდან არიდებას.

„ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც რუსეთის დატოვებას ცდილობს, სამხედრო ბილეთის მქონეა. ისინი ექვემდებარებიან ომში გაწვევას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სავიზო რეჟიმის შემოღება. ჩვენ რომ სავიზო რეჟიმი გვქონდეს, ინდივიდუალურად გაირკვეოდა ყველა დეტალი და იმ პირთა გაფილტვრაც მოხდებოდა, ვინც თანადგომას რეალურად საჭიროებს.

„ახლა, როდესაც ქვეყანას სავიზო რეჟიმი არ აქვს, ვერ კონტროლდება ვინ და რა მიზნით შემოდის ქვეყანაში. ბუნებრივია, ეს საფრთხეს ქმნის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით.

„ამასთან, ჩვენ არ ვიცით მომავალში როგორ გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი, გარდა ამისა, არც ის ვიცით რა მოხდება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის. იქაც რომ გაუარესდეს სიტუაცია, საქართველოს მოაწყდება ლტოლვილთა დიდი ნაკადი, რამაც შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.

„ხელისუფლებამ ახლავე უნდა იფიქროს ამ ყველაფერზე, რადგან ქვეყანას უბრალოდ არ შეუძლია ამდენი ადამიანის მიღება, ამის რესურსი ფიზიკურად არ იქნება", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".