„ხვალ ან ზეგ რუსეთი საზღვრებს ჩაკეტავს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯარში გაწვევა ეხება და ამ თემით სპეკულაციაც დასრულდება“

„ხვალ ან ზეგ რუსეთი საზღვრებს ჩაკეტავს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯარში გაწვევა ეხება და ამ თემით სპეკულაციაც დასრულდება“

რუსეთში, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ, ქვეყანაში სრული პანიკაა. პრეზიდენტის გამოსვლის პირველი წუთებიდან ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რუსეთის დატოვება დაიწყო. გარბიან ყველა მიმართულებით, საითაც კი გაქცევაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ქვეყანა კი, რომლის საზღვართანაც ავტომობილების და ფეხით მოსიარულე რუსეთის მოქალაქეების რიგები დგას, საქართველოა.

ლარსის საბაჟოზე 21 სექტემბრიდან დღემდე, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლის მოლოდინში არიან. მათი ნაწილი მედიასთან პირდაპირ ამბობს, რომ ომში წასვლა არ სურს, ქრისტიანია და მოძმე ერის უკრაინელების მოკვლის არანაირი მიზეზი არ აქვს, ამიტომაც საქართველოში თავშესაფრის სათხოვნელად ჩამოვიდნენ. ნაწილი კი რეალურ მიზეზს პირდაპირ არ ასახელებს, თუმცა მედიასთან პირად საუბარში ამბობენ, რომ ისინი ომის მოწინააღმდეგეები არიან და საომრად წასვლა არ სურთ.

რა წერია მობილიზაციის მეშვიდე პუნქტში, რომელიც გასაიდუმლოებული იყო, თუმცა მედიაში ონფორმაციამ მაინც გაჟონა? ამ მუხლში წერია, რომ მობილიზაცია შეეხება არა 300 000-ადამიანს, როგორც ამას თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამტკიცებდა, არამედ მილიონ ადამიანს.

For.ge-ს ერთ-ერთი ქართველი ქალი, რომელსაც რუსი ქმარი ჰყავს და მათ საქართველოში შემოსვლა უკვე მოასწრეს, უყვება, რომ მისი მეუღლე ექიმია და მას ომში გაწვევის ფურცელი სახლში მაშინ მიუვიდა, როცა ისინი უკვე თბილისში იყვნენ. ის გვიყვება, რომ ხალხი პოლიციას ომში პირდაპირ სახლებიდან, ავოტმობილებიდან და ქუჩიდან მიჰყავს. მეტიც, რუსეთის საბჭო მუშაობს ინიციატივაზე, რომ შეკვეცონ იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლის გამოც ჯარში გასაწვევი პირის დაწუნება ხდება.

ამ ფონზე კი საქართველოში საზოგადეობასა და პოლიტიკოსებს შორის მიდის დისკუსია, რა უნდა ქნას ჩვენმა ხელისუფლებამ, უნდა ჩაკეტოს თუ არა საზღვარი, დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან და უარი უთხრას ქვეყანაში შემოშვებაზე იმ ადამიანებს, რომლებსაც ომი არ უნდათ და ადამიანის მოკვლაზე უარს ამბობენ?

„ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება სავიზო რეჯიმის დაწესებას არ აპირებს და ეს ხელოვნურად წამოწყებული პანიკაა. საბაჟოზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა არ ხდება მასობრივად და საბაჟოზე არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ამის აუცილებლობა გახდეს.

უსაფრთხოების საკითხების სეპეციალისტი ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ რუსების საქართველოში მასობირივი შემოდინების თემა ხელოვნურად არის წამოწეული და ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევას ვცდილობთ. ალადაშვილი ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებას გარკვეული რისკები ახლავს, მაგრამ სწორედ იმიტომ გვაყავს უსაფრთხოების სამსახური, რომ ეს რისკები უნდა შეაფასოს და სიტუაცია მართოს. ხვალ ან ზეგ რუსეთი საზღვრებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯარში გაწვევა ეხება, ჩაკეტავს და ამ თემით სპეკულაციაც დასრულდება.

„საქართველოს საბაჟოზე მოსულ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ყველას შემოუშვებენ. კი ბატონო, უვიზო რეჟიმი გვაქვს, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით სხვადასხვა მიზეზების გამო, მებაჟეს შეუძლია, უცხო ქვეყნის მოქალაქეს შემოშვებაზე უარი უთხრას. მაგალითად, საქართველოში არ შემუშვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან ნამყოფი. ამის გადამოწმება მებაჟეს შეუძლია. ასევე არსებობს შავი სიები, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები ადგენენ. შესაძლოა მებაჟეს ჰქონდეს დამატებით მითითებები გარკვეული რისკებიდან გამომდინარე, რომ ყოფილი სამხედრო, ყოფილი პოლიციელი ან რომელიმე ძალოვან სტრუქტურაში დასაქმებული პირები არ შემოუშვას.

მებაჟეს სრული უფელბა აქვს ყველანაირი განმარტების გარეშე პირი უკან გააბრუნოს. ამიტომ ეს პანიკა, რომ არიქა, აქ ყველას უშვებენ და ქვეყანა რუსებით გაივსება, მცდარია. მეორეც, თუ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ე.წ. აგენტებს საქართველოში შემოსვლა უნდათ, მაინც და მაინც პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას ელოდებოდნენ? აგენტებს თუ შემოსვლა უნდათ, ამისთვის სავიზო რეჟიმი საჭირო არაა, ის ყველაფრის ფასად შემოღწევას მაინც მოახერხებს“, - ამბობს ალადშვილი.

მისივე თქმით, ასევე არ ვამბობთ, რომ ქვეყანაში შემომსვლელ რუსეთის მოქალაქეებს შორის ეთნიკურად ქართველებიც არიან. ომის ფონზე სამშობლოში დაბრუნების მსურველი ქართველების რაოდენობა დიდია. ალადაშვილი ამბობს, რომ რისკები არსებობს სოცილური კუთხით, რადგანაც შესაძლოა ამ შემოდინებამ ბინების, რესტორნების, სასტუმროების და სხვადასხვა სახის სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატება გამოიწვიოს.

თუმცა გვეძლევა შანსი, რომ ომის მოწინააღმდეგე ადამიანებს გადარჩენის საშუალება მივცეთ. მათ ჩვენი თავი და ქვეყანა უკეთესად გავაცნოთ. ვუთხრათ, რომ მათი მტერები არ ვართ და ჩვენს შესახებ მათამდე მისული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

„ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობა და შვეიცარიის მეშვეობით ვკონტაქტობთ. წარმოიდგინეთ, ახლა ეროვნებით ქართველს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და მას რუსეთის ჯარში მსახური და ომში წასვლა არ უნდა, სამშობლოში არ შემოვუშვათ? ანუ ისიც უნდა ჩავკეტოთ? ან როგორ გადავარჩიოთ - ქართველი ეროვნების შემოვუშვათ, კავკასიელი და რუსი ეროვნების არა?

პუტინის მიერ გასაჯაროვებულ დოკუმენტში ასევე არის მუხლი, რომელიც გასაიდუმლოებულია. ზუსტად არავინ იცის ვის ეხება ომში გაწვევა. გამოდის, რომ ძალიან ბევრი ადამიანის გაწვევაზეა საუბარი. სადღაც მილიონამდე კაცზეა ლაპარაკი, ვისაც სამხედრო კათედრა აქვს გავლილი. ამიტომ საზღვარზე შეზღუდვა თავად რუსებს აქვთ დაწესებული და ასეთ ხალხს საქართველოსკენ მაინც არავინ გამოუშვებს. თუ გამოუშვებენ, ჩვენებიც დამატებით ცხრილავენ. ამიტომ ასე მარტივად არაა საქმე“, - ამბობს ალადაშვილი.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძეც მიიჩნევს, რომ ადამიანს, რომელიც ომს გაურბის, წარმოუდგენელია თავშესაფარზე უარი ვუთხრათ. არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მას ყაბარდო- ბალყარეთიდან დაურეკეს და 4 ახალგაზრდა საქართველოში მოდის, რადგან ომში წასვლა არ სურთ და მას დახმარებას სთხოვენ. მისი თქმით, მათ თურქეთში წასვლა არ სურთ და საქართველო ბევრად სასურველი ქვეყანაა. არეშიძე ამბობს, რომ ეს გასაკვირი არ არის, რადგანაც კავკასიელებისთვის საქართველო ბევრად ახლობელი ქვეყანაა.

„უკრაინაში ჩრდილოეთ კავკასიიდან იმდენი კაცი რომ არ იბრძოდეს, რამდენიც ახლა, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ამიტომ ჩვენი ქვეყანა თუ იმაში წვლილს შეიტანს, რომ პუტინმა ვერ შეძლოს მობილიზაცია, ამაში ცუდი არაფერია. კი ბატონო, არსებობს გარკვეული რისკები, მაგრამ ეს ხალხი აქ ხომ არ რჩება სამუდამოდ? უმეტესობა მათგანი საქართველოს როგორც გამტარ ქვეყანას ისე იყენებს და სხვა ქვეყნებში გადადიან. ამიტომ ამაზე პანიკის ატეხვა და საუბარი, რომ ხალხი უკან გავყაროთ, ლოგიკას არის მოკლებული. ფილტრაცია, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ საბაჟოზე კონტროლი მაინც ხდება. როგორც სხვადასხვა წყარო ამბობს, საქართველოში 700 000-მდე რუსი შემოვიდა, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე აქედან 50 000-ია დარჩენილი. ძირითადად, ეს ის ხალხია, რომლებისთვისაც პუტინის რეჟიმი პრობლემა გახდა. კი ბატონო, არ არის გამორიცხული, რომ ამ მასაში სპეციალურად გამოგზავნილი ხალხიც იყოს. თუმცა ქვეყნის ძლიერება იმაშია, რომ როგორმე ამის სელექცია მოხდეს“,-ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, საქართველოს საბაჟოზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა არც თუ მარტივად ხდება და არა ერთ ინგუშს თუ ჩეჩენს საზღვარზე უარი უთხრეს. თუმცა მათთვის მიზეზი არავის განუმარტია. რაც შეეხება რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, არეშიძე ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, მობილიზაცია და ომში გაწვევა მათაც ეხებათ, ამიტომ სამშობლოში ბრუნდებიან.

„ვიცი, რომ ქართველებს რუსეთში უკვე სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ქართული ოჯახი ორ ახალგაზრდა ბიჭთან ერთად ავტომობილით აეროპორტის მიმართულებით მიდიოდა, რომ საქართველოში წამოსულიყვნენ. ისინი გზაზე პოლიციამ გააჩერა და ეს ახალგაზრდები ავტომობილიდან ჩამოსვეს, უთხრეს, რომ ისინი რუსეთის ტერიტორიას ვერ დატოვებდნენ. ამიტომ მშობლებიც იძულებულები გახდნენ დარჩენილიყვნენ. თუმცა ბევრმა ქართველმა წამოსვლა მოასწრო. რაც შეეხება იმას რუსეთის საზღვრებს რატომ არ კეტავს, ჩაკეტავს, ეს უბრალოდ ბიუროკრატიული პროცედურებია, რომელიც მალე უკვე ამომქმედდება. ამიტომ არის, რომ ჩქარობენ და უნდათ ქვეყნის დატოვება მოასწრონ.

ჩაკეტვის შემდეგ დაიწყებენ თუ არა საქართველოში რუსები არალეგალურად ე.წ. მწვანე ბილიკებით შემოსვლას, ესეც რთული საკითხია, რადგან უკვე ზამთარი მოდის და ეს გაჭირდება. მთებში თოვა დაიწყო და აგვისტოს შემდეგ მსგავსი სახით ქვეყანაში შემოპარვა გაჭირდება. მეორეც, სხვა მონაკვეთებში ამის გაკეთება გაჭირდება, ეს იქნება სვანეთის თუ რაჭის მონაკვეთი, რადგან ქართველები განსაკუთრებულად აკონტროლებენ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთს რაც შეეხება, იქიდან მგონია ე.წ. ხელისუფლება ამის საშუალებას არ მისცემს, თუმცა ოსი ეროვნების რუსეთის მოქალაქეების შემოპარვის გზით გამოშვებას არ გამოვრიცხავ“, - ამბობს არეშიძე.

leviko ხოდა არც ტურისტები შემოვლენ და არც არავინ მერე ვნახავთ ევროპა როგორ დაგვეხმარება
1 წლის უკან
leviko აბა რა უნდოდათ საქარტველოში ომის დროს გაიქცნენ და თავი შეაფარეს რუსეთს და ახლა იქიდან გარბიან ასე არ ხდება ან იქით უნდა იყო ან აქეთ ანდა მდიდარი მშობლები უნდა გყავდეს რომ დაგიცვან
1 წლის უკან
leviko უკრაინაში გამოცხადდა მობილიზაცია და ბევრი იქ ჩასული ქართველი გაიქცა არ უნდოდა ომში წასვა და ისე უკრაინაშიც ასეთი სიტუაცია იყო და არის ევროპას თხოვდა ჩემი ბიჭაბი დამიბრუნეო დონბასში ომი რომ იყო მაშინ პროტესიტ რატომ არ განაცხადეს იმ უკრაინელებმა ეხალ ასეთი სიტუაცია არ შეიქმნებოდა არხეინად იყვნენ და კიევურ მაიდანს უყურებდნენ ახლა ასეა ბატონო სიტუაცია, კიდევ კარგი რომ ქართველები მიხვდენე უკრაინული მაიდანი რას მოუტანდა
1 წლის უკან