რა მოხდა კიევში გამართულ საიდუმლო ფორუმზე და რატომ არ ენდობა უკრაინა „პარტნიორების საუბარს მშვიდობაზე“

რა მოხდა კიევში გამართულ საიდუმლო ფორუმზე და რატომ არ ენდობა უკრაინა „პარტნიორების საუბარს მშვიდობაზე“

უკრაინა არ გაითვალისწინებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თხოვნას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობასთან დაკავშრებით. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. კიევში კი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები შეიცვალა - თუკი აქამდე სამშვიდობო მოლაპარაკების გასამართად უკრაინა ითხოვდა, რომ რუსულ არმიას დაეტოვებინა 24 თებერვლის შემდეგ დაკავებული ტერიტორიები, ახლა ყირიმისა და დონბასის სრულ დეოკუპაციას ითხოვენ. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კი „რეზონანსთან" იმაზე საუბრობს, თუ როდის და რა ვითარებაში იქნება შესაძლებელი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში გაიმართა საიდუმლო ფორუმი „იალტა ევროპული სტრატეგია", რომელში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც და უკრაინულ მხარეს გააცნო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გზავნილი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

მედიის ცნობით, რამდენიმე უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა უარი განაცხადა მსგავსი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობაზე. ერთ-ერთი არის უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი. მისი თქმით, ისინი არ ენდობიან არანაირ საუბრებს მშვიდობაზე.

„ჩვენ (ომის პერიოდში) ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ვისწავლეთ არ ვენდოთ არანაირ საუბრებს მშვიდობაზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ", - განაცხადა რეზნიკოვმა.

მანვე დაასახელა უკრაინის ახალი პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების დაწყების პირობებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კიევი აღარ დასთანხმდება იმას, რაც მან ადრე რუსებს შესთავაზა.

„გავამხელ საიდუმლოს - (ბელარუსსა და სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე) ჩვენ რუსებს ვუთხარით: მოლაპარაკებების გასაგრძელებლად და შესათანხმებლად, თქვენ უნდა გაიყვანოთ ჯარები 23 თებერვალს არსებულ მდგომარეობამდე. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. მაგრამ მათ უკვე არაერთხელ გადალახეს უკან არდაბრუნების წერტილი და ეს ვარიანტი დიდი ხანია შეუძლებელია", - განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინელები ახლა კიევში დონბასისა და ყირიმის სრულ დეოკუპაციას ითხოვენ.

„24 თებერვლის ვარიანტი არ არსებობს, მხოლოდ 1991 წლის პირველი დეკემბრის", - თქვა რეზნიკოვმა.

სგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან"აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მოლაპარაკებები, თუ რუსეთი დათანხმდება უკრაინის მოთხოვნას საოკუპაციო ძალების გაყვანის შესახებ.

„დიდი ხნის წინ დააფიქსირა თავისი პოზიცია უკრაინამ - ჯერ საოკუპაციო ძალები უნდა გაიყვანოს რუსეთმა მათი ტერიტორიიდან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი მოლაპარაკებების მაგიდასთან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული პირობა აუცილებელია საზავო შეთანხმების მისაღწევად. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს იწყებს რუსეთთან დათმობების ხარჯზე, რაც სრულიად მიუღებელია.

„ის განცხადებები, რაც გაჟღერდა უკრაინის მაღალჩინოსნებისგან, არის ამ პრინციპული ხაზის კიდევ ერთხელ დადასტურება და მეტი არაფერი.

„ამ ეტაპზე შეუძლებელია ისე შეიცვალოს ვითარება, რომ უკრაინა ამ მოთხოვნის გარეშე დათანხმდეს მოლაპარაკებას კრემლთან. მაშინ უპირატესობა უნდა აიღოს რუსეთმა და კიდევ უფრო წაიწიოს წინ ფრონტის ხაზზე, ხოლო უკრაინის არმია სრული დამარცხების წინაშე აღმოჩნდეს. როგორც ვხედავთ, ამას ვერ მიაღწევს რუსეთი, რადგან ფაქტობრივად უკვე განიცადა სამარცხვინო მარცხი. სრულიად ბუნებრივია, რომ ახლა არავითარ მოლაპარაკებებზე არ წავა უკრაინა.

„წინასწარ მიჭირს საუბარი, მაგრამ, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია გაჩნდეს სერიოზული პრობლემები კრემლში. ბატონი პუტინის პოლიტიკურ კარიერას ფაქტობრივად ესმევა წერტილი. ამ პირობებში კი არა მარტო ჯარს გაიყვანს პუტინი, არამედ იძულებული გახდება დათანხმდეს ყველა პირობას, რასაც წამოაყენებენ უკრაინელები. მათ კი უამრავი ასეთი პირობა აქვთ. პირველ რიგში რეპარაცია, ანუ იმ დანაკარგების საფასურის გადახდა, რაც განიცადა უკრაინამ. ეს კი უზარმაზარ ფინანსებთან არის კავშირში. ამაზე რუსული მხარის დათანხმება შეიძლება მხოლოდ მარცხის პირობებში და დღეს ვხედავთ, რომ მარცხდებიან კიდეც", - განაცხადა მენაღარიშვილმა.