"მოსკოვშიც არ უნდათ აზერბაიჯანის განაწყენება და ილჰამ ალიევი ამით ძალიან კარგად სარგებლობს... დღეს უპირატესობა აქვს აზერბაიჯანულ და თურქულ ტანდემს"

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა "ტვიტერზე" რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დაბრუნდნენ: „დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით, აზერბაიჯანული არმია ქალაქ ლაჩინშია განლაგებული, სოფლები ზაბუხი და სუსი კონტროლს ექვემდებარებიან. ვულოცავ ლაჩინელებს და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს“. ეს ქალაქი 1992 წლიდან ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებოდა. მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში, ყარაბაღში სიტუაციის გამწვავების შემდეგ, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე რუსი სამშვიდობოების მეშვეობით მოითხოვდა ყარაბაღსა და სომხეთს შორის ახალი მარშრუტით გადაადგილების ორგანიზებას.

ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე მდებარე ბერძორის, აღავნოსა და სუსის მცხოვრებლებს შეატყობინეს ისიც, რომ 25 აგვისტოდან ამ ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები აღარ იქნებოდნენ და თვის ბოლომდე სახლები უნდა დაეტოვებინათ, რადგან აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ ბრუნდებოდა. ადგილობრივები გააფრთხილეს, არ დაეწვათ მიტოვებული სახლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კომპენსაციას ვერ მიიღებდნენ.

12 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც მოუწოდა იქ მაცხოვრებლებს, რომ ლაჩინი (ბერძორი) და სოფლები ზაბუჰო (ახავნო) და სუსი დაეტოვებინათ და იქ უნდა დასახლებულიყვნენ აზერბაიჯანული ოჯახები, რომლებმაც ეს ადგილები 1990-იან წლებში დატოვეს. ე.წ. მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორს დამაკავშირებელ ახალი გზა, ლაჩინის კორიდორის ახალი მარშრუტი სექტემბრის პირველ კვირაში ამოქმედდება. მას შემდეგ, რაც ყველა საგუშაგოზე "რუსეთის სამშვიდობო ძალები" განლაგდებიან. ლაჩინის კორიდორი ბაქოს კონტროლქვეშ 2020 წლის 1 დეკემბერს გადავიდა - ყარაბაღის მეორე ომის შედეგების საფუძველზე. ომის დასრულების შემდეგ ხელმოწერილ სამმხრივ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ლაჩინის 5 კმ-იანი სიგანის დერეფანი, რომელიც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, "რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშ რჩება". ახალი გზა აზერბაიჯანმა ლაჩინის გვერდის ავლით გაიყვანა. ე.წ. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც სომხეთს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქთან აკავშირებდა.

რა გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს ეს პროცესი - ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ლაჩინის კორიდორი, ზოგადად, საინტერესო სივრცე იყო გასაბჭოების მერე. ამ სივრცეში ცხოვრობდნენ ქურთები, ქურთისტანის მაზრა იყო, რომელიც ცნობილია, როგორც წითელი ქურთისტანი და სულ ექვსი წლის განმავლობაში არსებობდა, 1923 წლიდან 1929 წლამდე. იგი აზერბაიჯანის სსრ-ის ნაწილი იყო. მისი ადმინისტრაცია მდებარეობდა ქალაქ ლაჩინში. პირველი კონფლიქტის დაწყების მომენტშიც იქ იყო მუსლიმანი მოსახლეობა, აზერბაიჯანული, ქურთული, მერე სიტუაცია შეიცვალა, როცა ლაჩინის კორიდორი გახდა განსაკუთრებული შემაერთებელი კორიდორი სომხეთის მთიან ყარაბაღთან, აქედან აყარეს აზერბაიჯანული მოსახლეობა, უფრო სწორად გადასახლდნენ და იქ დასახლდა სომეხი მოსახლეობა. მეორე კონფლიქტის შემდეგ, რომელიც 2020 წელს დაიწყო, ამ კორიდორის დაცვა თავის თავზე აიღეს "რუსმა სამშვიდობოებმა", მათ ჰქონდათ გარკვეული, 5-წლიანი ვადა და ეს შემდეგაც შეიძლება გაგრძელებულიყო. აქ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია - სამშვიდობო ხელშეკრულება დაერქვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას, სადაც საუბარია შემოვლითი გზის აშენებაზე, რომელიც ქალაქ სუსთან გაივლიდა. სომხებს არ მოუკლავთ თავი ამ გზის მშენებლობისთვის, მაქსიმალურად წელავდნენ დროს. საბოლოოდ, აზერბაიჯანმა ეს გზა თვითონ ააშენა, თანამედროვე გზაა და ამ გზის მშენებლობის შემდეგ რუსეთზე გარკვეული ზეწოლა განახორციელა, რათა რუსები გაეყვანა ამ ადგილიდან და ისინი ახალაშენებულ გზაზე დაეყენებინა. ხელშეკრულებაში ასე წერია, მაგრამ იქ ვადები სხვა იყო მითითებული, ამიტომ ახლა სომხები სწორედ ამ ვადების დარღვევას აპროტესტებენ. გარკვეული კონფლიქტური ვითარება შეიქმნა ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში. აზერბაიჯანი კი მოქმედებს თავისი მეთოდოლოგიით, რომელსაც ახორციელებს ნაბიჯ-ნაბიჯ და სომხეთზე ზეწოლას მაქსიმალურად ცდილობს, რათა გაათავისუფლოს ის სივრცეები, რომლებიც თავის დროზე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეკუთვნოდა. გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს, მოსკოვშიც არ უნდათ აზერბაიჯანის განაწყენება და ილჰამ ალიევი ამით ძალიან კარგად სარგებლობს. უკრაინაში ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ის მოსკოვში იყო ჩასული და ხელი მოაწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებას რუსეთთან.

- გამოდის, რუსეთს სომხეთის ინტერესები არ დაუცავს.

- პრაქტიკულად, ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთმა საკმაოდ უგულებელყო სომხეთის ინტერესი და ანგარიშს დიდად არ უწევს მის ტრადიციულ მოკავშირეებს. მოსკოვი ამას არაფრად დაგიდევთ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს სომხეთს და იძულებულია, მაინც იყოს რუსეთთან, რადგან ბევრად არის დამოკიდებული რუსეთზე, მათ შორის - ეკონომიკურადაც. სინამდვილეში, სერიოზული რამ მოხდა, რუსეთის არასწორი პოლიტიკის გამო, თურქეთი დაბრუნდა სამხრეთ კავკასიაში, ამას ხვდებიან, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, ეს არის გაგრძელება იმ პროცესების, რომელზეც უკვე მქონდა ლაპარაკი. ყარაბაღის ახალი გეოპოლიტიკური სურათი შეიცვალა, უაღრესად გაძლიერდა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი ანგარიშგასაწევი გახდა და თურქეთი დაბრუნდა სამხრეთკავკასიურ სამხედრო-პოლიტიკურ სივრცეში. თურქეთის და აზერბაიჯანის დაბრუნების პროცესი კიდევ გაგრძელდება და შეიქმნება თურქეთ-აზერბაიჯანის ბლოკი, რომელსაც ბევრად მეტი საშუალება ექნება სამხრეთ კავკასიაში თავისი მოქმედების გაფართოებისა, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია.

აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იღებს ისეთი ტიპის კრიტიკას ევროკავშირისაგან, როგორც ჩვენ - საქართველო, რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო, რაც ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ ამის მიუხედავად, ის მაინც მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არის ერთგვარი ცინიზმი - აზერბაიჯანს, რადგან ევროპის ენერგო დონორია, ეპატიება ისეთი რამ, რაც არ ეპატიება საქართველოს. ვიღაცა იტყვის, აზერბაიჯანს არ უნდა საქართველოსგან განსხვავებით ევროკავშირში გაწევრება და სხვანაირად უნდა მოიქცესო, მაგრამ ეს არის ზედაპირული შეფასება. თუ ობიექტურად მივუდგებით, დავინახავთ, რომ ზოგ შემთხვევაში, იმ ქვეყნებთან, რომლებიც უფრო ნაკლებად სჭირდებათ, ვიდრე დონორი ქვეყნები, შედარებით უფრო მკვახედ ლაპარაკობენ, ენერგოდონორ ქვეყნებთან კი - რევერანსებით. ისეთებთან, როგორიც არის სპარსეთის ყურის ქვეყნები, აზერბაიჯანი იქნება თუ კასპიის ზღვის ქვეყნები, ერთადერთი გამონაკლისია ირანი, რომელთანაც საკმაოდ დიდ სანქციებზე საუბრობენ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ვითომ არ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვა თუ სხვა ფასეულობები, რომლებიც დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია. ასევე იქცევა რუსეთიც. რუსეთიც რევერანსებით ელაპარაკება ამ ქვეყნებს და ცდილობს, არ გაამწვავოს ურთიერთობა, მაგალითად, ყაზახეთთან და ა.შ.

- თურქეთის ასე გაძლიერება რუსეთს ხელს აძლევს?

- არა, მაგრამ ვერაფერს აკეთებს, რადგან თურქეთს ორგანიზებული პოლიტიკა აქვს და რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად თამაშობს. თურქეთი რუსეთს სჭირდება იმისათვის, რომ გარკვეულწილად აკონტროლოს ენერგოკორიდორები, რომლებიც სამხრეთიდან ევროპისკენ მიემართება და, ასევე, უნდა, რომ დასავლეთთან კომუნიკაციის საშუალებებიც ჰქონდეს, რადგან თურქეთი ნატოს წევრია, ამიტომ, თურქეთთან გადამტერება ნიშნავს, რომ ცენტრალურ აზიაში დისკომფორტს შეიქმნის. დღეს რუსეთს ურჩევნია თურქეთთან ეჭვნარევი მეგობრობა ჰქონდეს, ვიდრე - მტრობა.

- სომხეთი აზერბაიჯანთან პოზიციებს თმობს?

- სომხეთი დათმობს პოზიციებს, ის იძულებულია, რადგან წინააღმდეგობას ვერ გაუწევს თურქეთს და აზერბაიჯანს. სომხეთს რუსეთის იმედი არ აქვს. რუსეთს აქვს ერთადერთი ვალდებულება - თუ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიას თავს დაესხმება, მაშინ დაიცავს, მაგრამ სომხეთზე თავდასხმას არავინ აპირებს. აქ თავდასხმაზე არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია შეზღუდვაზე სხვადასხვა საშუალებების - ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ სხვა ტიპის. სომხეთი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

- ახალი გზა ჩვენთვის რამეს ცვლის?

- ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ გზას არ აქვს, გზამ რამდენიმე კილომეტრით გადაინაცვლა, უფრო ცენტრისკენ, ყარაბაღის ტერიტორიაზე. ჩვენთვის ამით არაფერი იცვლება. ვხედავთ იმას, რომ ძალთა გადანაწილების კუთხით, დღეს უპირატესობა აქვს აზერბაიჯანულ და თურქულ ტანდემს და შესაბამისად, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ.