რას აპირებს ოპოზიცია შემოდგომაზე - უნდა ველოდოთ თუ არა ვადამდელ არჩევნებს?

რას აპირებს ოპოზიცია შემოდგომაზე - უნდა ველოდოთ თუ არა ვადამდელ არჩევნებს?

ოპოზიცია საზოგადოებას „ცხელ შემოდგომას" ჰპირდება და აცხადებს, რომ ყველა მეთოდი განიხილება, რაც „ქართული ოცნების" ჩამოშორებისთვისაა საჭირო. თავად მმართველი გუნდი საპასუხოდ ამბობს, რომ „ოპოზიციის გეგმები შორს ვერ წავა". ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ოპოზიცია ისეთ პროტესტს ვერ ააგორებს, რომ ან რევლუციური მუხტი შექმნას, ან ხელისუფლებაზე იმ დონის ზეწოლა განახორციელოს, რომ ვადამდელ არჩევნებზე დათანხმდეს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კრიტიკული მასის გამოყვანას შეძლებენ, თუმცა რიგგარეშე არჩევნებისთვის მზად ჯერ არ არიან.

„დღევანდელი სიტუაცია 2003 წლისას არ ჰგავს, მაშინ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციურად იყო განწყობილი. შევარდნაძეს მომხრეები საერთოდ არ დარჩა. ახლა ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელისუფლებას სხვადასხვა მიზეზის გამო მომხრეები ჰყავს," პოლიტიოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს

„ქართული ოცნება" არის ისეთი სუსტი, როგორიც არასდროს ყოფილა, უბრალოდ ამას უნდა ბრძოლა, სწორი სტრატეგია და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მხრიდან კოორდინირებული მოქმედება. ყველა საკითხი იქნება განხილული, ყველა საკითხს აქვს თავისი ლეგიტიმაცია. ზოგადად, იმისთვის, რასაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ბრძოლა ჰქვია, ყველა მეთოდი, რომელიც დაშვებულია კონსტიტუციით, გამოყენებული იქნება. ყველა პროცესის მონაწილე ვიქნებით - ეს იქნება პარლამენტში მიმდინარე პროცესები, მათ შორის მწვავე პროტესტი და ასევე ქუჩის აქციები. არცერთია გამორიცხული. ყველაფერი იქნება გამოყენებული, ოღონდ თანმიმდევრულად, გეგმაზომიერად და კოლეგებთან თანამშრომლობით. ყველა პარტიასთან ვაპირებთ თანამშრომლობას, ვინც თვლის, რომ „ქართული ოცნება" აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ვინც არის პროდასავლური ორიენტაციის და რეალურად „ოცნების" ოპოზიცია", - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებელის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა შედეგები მოიტანა ოპოზიციის მიერ აქამდე გამართულმა აქციებმა, მათ შორის 24 ივნისის შეკრებამ, ჩიხლაძის თქმით, „ყველა ხედავს, რომ საქართველოს მოსახლეობა არის პროევროპული, ხოლო ხელისუფლება პრორუსული".

ვფიქრობ, ბუნებას არ უნდა შეეწინააღმდეგო - შემოდგომა ცხელი არ გამოდის, ცხელი შეიძლება ზაფხული გამოიყვანო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ მგონია, რომ მათი გეგმები არის რელევანტური ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების მიმართ. ეს არის მათი გეგმები, რითაც არ მგონია, შორს წავიდნენ", - თქვა ქადაგიშვილმა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ოპოზიცია ქუჩაში იმდენივე ადამიანს გამოიყვანს, რამდენიც გამოჰყავდა, ამ მასით კი რევოლუციურ მუხტს ვერ შექმნის. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს უკვა თავად ოპოზიციას არ აწყობს.

„არაფერი არ მომხდარა ისეთი, რომ ოპოზიციისთვის მეტი ავტორიტეტი მიემატებინა და იმაზე მეტ ხალხს ალბათ ვერ გამოიყვანს, ვიდრე ადრე გამოჰყავდა. ადრინდელი გამოყვანილი ადამიანების რაოდენობა, მათი ენთუზიაზმი და ერთგულება რევოლუციურ პროცესებს არ ჰყოფნიდა. ოპოზიცია ქუჩაში რევოლუციურ მუხტს ვერ შეაგროვებს.

„ოპოიციას ვადამდელი არჩევნები არ აწყობს, ყველა გამოკვლევამ და აქამდე ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიცია გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერ იღებს, ვადამდელი არჩევნებიც ხომ ისეთივე შედეგებით დასრულდება?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა უფრო საბაბია, რომ ხელისუფლებასთან პროტესტი რაიმეს გამო ჰქონდეთ, ვიდრე მათი რეალური ინტერესი. ამ საბაბით ხალხს კრებენ და რევოლუციის შანსიც არაა.

„ხალხი ამ ხელისუფლებით უკმაყოფილოა და 2003 წელსაც ასე იყო, მაგრამ მაშინ ხალხს იმედი გაუჩნდა, იმიტომ, რომ ჯგუფი, რომელმაც რევოლუცია მოაწყო, სრულიად უცნობი იყო იმ მხრივ, რომ ხელისუფლებაში მოსულები რას იზამდნენ არ იცოდნენ. ახლა ის ალტერნატიული ჯგუფი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, უკვე ცნობილია საკმაოდ მძიმე ბრალდებებით და შესაბამისად ეს ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

„რაც შეეხება მესამე ძალას, საქართველოში პარტიების რაოდენობა არ გვაკლია, სამასზე მეტია, მაგრამ მათში ამომრჩეველი ძალას ვერ ხედავს, ამიტომ არსებული პარტიებით მესამე ძალის ჩამოყალიბების რეალური პერსპექტივა არ ჩანს, თან საზოგადოება ალტერნატივის წინაშე დგას, ვინ დასვას ხელისუფლებაში. არიან ჯგუფები, რომლებიც იმდენად არასერიოზულად იქცევიან, რომ ადამიანს ხელისუფლებაში მათი დასმა არ მოუნდება, ჯგუფი, რომელიც გავარდება და შარვალს ჩაიხდის... აქ ყველაფერი გასაგებია.

„ყურადღების მიპყრობა ერთია და ოპოზიციური პარტიები მედიასაშუალებებით ახერხებენ კიდეც, მაგრამ ხელისუფლებაში მოსასვლელად რომ გამოდგეს, ასეთი ცოტაა. ასეთი შანსი გახარიას ჰქონდა და ბევრი უჭერდა მხარს სწორედ იმიტომ, რომ სერიოზულ ფიგურად აღიქმებოდა", - განაცხადა საყვარელიძემ.

განსხვავებული მოსაზრებისაა შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე. იგი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას ქუჩაში ხალხის კრიტიკული მასის გამოყვანის რესურსი აქვს, თუმცა ვადამდელი არჩევნებისთვის ჯერ მზად არაა და არც ისეთი წინასარევოლუციო სიტუაციაა, როგორიც 2003 წელს იყო.

„ოპოზიციას იმის რესურსი გააჩნია, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს, თუნდაც მიმდინარე წლის 20-24 ივნისს სამოქალაქო საზოგადოებამ ასი ათაზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლო, როცა საქმე ევროინტეგრაციას ეხებოდა, ამ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურადაა განწყობილი. ამიტომაც საქართველოში ეს მუხტი მაღალია. თუმცაღა მეორეს მხრივ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომხრეები ხელისუფლებასაც ჰყავს, სხვადასხვა მიზეზებით ემხრობიან, მაგრამ ფაქტია, რომ ჰყავს. სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევევბით კი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ოპოზიციურ და სახელისუფლებო პარტიის მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი.

„ოპოზიცია ვადამდელი არჩევნებისთვის ნაწილობრივადაა მზად. მგონია, რომ ის არ უნდა აჩქარდეს. ერთია ხალხის გამოყვანა და აქციები და მეორეა რეგიონების მოსახლეობაში კონკრეტული საინფორმაციო კამპანიის წარმართვა და დარწმუნება, თუ რატომ სჯობს, ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიცია მოვიდეს და რატომაა აუცილებელი „ქართული ოცნების" შეცვლა.

„დღევანდელი სიტუაცია 2003 წლისას არ ჰგავს, მაშინ განსხავებული ვითარება იყო და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციურად იყო განწყობილი. შევარდნაძეს მომხრეები საერთოდ არ დარჩა. ახლა ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელისუფლებას სხვადასხვა მიზეზის გამო მომხრეები ჰყავს, მაგალითად ადამიანთა გარკვეული რაოდენობა საჯარო სექტორშია დასაქმებული, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებაზე გაბრაზებულია - ოღონდ ენმ არა და „ოცნება" იყოსო და ა.შ.

„ეს ფაქტორები ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვადამდელი არჩევნების წინაპირობა შეიქმნას და მოსახლეობამ ოპოზიციურ ძალებს მისცეს ხმა. დღევანდელი ვითარება 2003 წლისას არ ჰგავს. სჯობს, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ არა რევოლუციური, არამედ ევოლუციური გზით იარონ," - განაცხადა ჩიტაძემ.