2013 წლის 26-27 ივნისს საქართველოს მთავრობის მოწვევით საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გაიმართება. დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და დელეგაციაში იქნებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები.
ეს იქნება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე ვიზიტი საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ვიზიტი ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების ინტენსივობისა და წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ:
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით.
დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრებთან. ნატო-ს გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და უმცირესობის ლიდერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე, შედგება სამუშაო სადილი თავდაცვის მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანთან. ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა სტუდენტებთან შეხვედრაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მიესალმება ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან ავღანეთში, ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად.
ნატო-ს ელჩები შეხვედრებს გამართავენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, მედიის წარმომადგენლებთან.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტები 2008 – 2011 წლებში:
ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს პირველი ვიზიტით 2008წ. 15-16 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს და გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წლის 9-10 ნოემბერს გაიმართა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად 28 ნატოს წევრი სახელმწიფო მიესალმა საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, გამოხატა ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შესახებ
ჩრდილოატლანტიკური საბჭო არის ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. საბჭოს თავმჯდომარეობს ნატო-ს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ჩრდილოატლანტიკურ საბჭოზე განიხილება პოლიტიკური და სამოქმედო საკითხები. საბჭოზე გადაწყვეტილებები მიიღება კონსესუსის საფუძველზე, სადაც საბჭოს ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი უფლებით.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო იკრიბება კვირაში ერთხელ, ან მეტჯერ ელჩების დონეზე, წელიწადში ორჯერ საგარეო საქმეთა მინისტრებისა და წელიწადში სამჯერ თავდაცვის მინისტრების დონეზე და პერიოდულად სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მონაწილეობით.