ბიძინა ივანიშვილი - ვალმოხდილი ფანტომი?!

ბიძინა ივანიშვილი - ვალმოხდილი ფანტომი?!

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის...! სად...? ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი მისსავე უკვე პოპულარულ ანეგდოტს გავიხსენებ - ქალი რომ „იმნაირი"არ იყო და „ბუტკაში" აგზავნიდნენ. არ ყოფილა და არ არის ეს კაცი პოლიტიკოსი და ზუსტად მისივე ანეგდოტის გმირივით აიძულეს იქ შესულიყო. ახლა კი ბრუნდება „იმნაირ" გარემოში, თავად „რანაირიცაა" - როგორც ძველ დროს, ახლაც შორიდან, ფანტომივით გასცეს განკარგულებები, დაავალოს და აღასრულებინოს. მიდის იმიტომ, რომ საკმაოდ ძნელი ყოფილა საარჩევნოდ გაცემული უხვი დაპირებებს შესრულება. მიდის რათა, სამომავლოდ მას არ უწოდონ ბიძინა ცრუ, ბიძინა ყალბი... მიდის იმიტომ რომ ყველაზე რთული შესასრულებელი მაინც სამართლიანობის აღდგენაა, რომლის განმარტებაც დღემდე არავის გაუკეთებია როგორ ესმით და ასე შემდეგ... შედგების მიხედვით კი სამართლიანობის აღდგენა მისთვის შურისძიება იყო და იძია კიდეც.
***
„არ ვაპატიებ!", - ეს ფრაზა ივანიშვილმა 2010 წელს თქვა, სააკაშვილთან მორიგი „მუსაიფის" დასრულების შემდეგ. თქვა ორიოდე ადამიანის გასაგონად. სულ ცოტა ათჯერ მაინც უკითხავს ვანო მერაბიშვილს მიხეილ სააკაშვილისთვის, რით გაამწარა ივანიშვილი, თუმცა ამაზე არც ერთი საუბრობს და არც - მეორე. გახსოვთ, სააკაშვილი-ივანიშვილის პირველი შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში? ასე მგონია, სწორედ მაშინ უთხრა ივანიშვილმა, რომ „ხომ შეგისრულეო".... შემდეგ კი უკვე გარეთ აშკარად კმაყოფილი ივანიშვილის ფრაზა - „ ჩვენ, ჩვენს ოპონენტებს - ვაცხადებდით და ვაცხადებთ დღესაც - მოვექცევით არა ისე როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი კულტურა."
რამდენიც უნდა ამტკიცოს ივანიშვილის გარემოცვამ, რომ ამჟამად პრემიერმა პოლიტიკაში მოსვლა ქვეყნის გადარჩენის მიზნით მიიღო, ძნელად დასაჯერებელი იქნება. უფრო და უფრო რეალური ხდება, რომ ის პოლიტიკაში პირადი შურისძიების მოტივით შევიდა.
***
ცხადია, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ პოზიტიური როლი ითამაშა. რაც უნდა საპირისპირო ამტკიცოს „ნაციონალურმა მოძრაობამ", ეს მათთვისაც უდიდესი სარგებლის მომტანი იყო. 1-ლი ოქტომბერი სასარგებლო იყო - ათი ათასობით გაყეყეჩებული ქართველისთვის, რომლის ფუნქცია მქუხარე ტაშის დაკვრისა და „მიშა, მიშას" სკანდირებით შემოიფარგლებოდა; ათასობით ნაბადმოხურული ჩინოვნიკისთვის, რომელთათვისაც სამშობლო საკუთარი კუჭიდან იწყებოდა; ასობით ნაციონალური თავხედისთვის, რომლებიც წმინდა რასის წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ თავს; ათობით ელიტარული მლიქვნელისთვის, რომლებმაც მილიონების გამო ყველაფერი იკადრეს და აკადრეს; ერთეული გვირგვინოსნებისთვის, რომლებმაც ქვეყანაში კონსტიუტუციისა და სხვა კანონების ნაცვლად - ერთი სამართალი - „მე ვარ კანონი" დაამკვიდრეს.
***
პოლიტიკას აქვს თავის კანონები. ორი ისტორიული პერსონის - შარლ დე გოლისა და უინსტონ ჩერჩილის გახსენება საკმარისია იმის დასტურად, რომ პოლიტიკური მადლიერება არ არსებობს. ისევე როგორც, წარსულის დამსახურებები ვერ გამოდგება სამომავლო ინდულგენციად. პოლიტიკა დღევანდელობაა, უპირვლესად. მომავალი პოლიტიკაში მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებებია, რომელიც სწორედ, რომ მომავალში გაზღვევინებს.
პოლიტიკის არცოდნა აიძულებდა და იძულებულს ხდის ბიძინა ივანიშვილს მას ჩამოშორდეს. დაანონსებულ წასვლამდე საზოგადოებისთვის იმის „შეპარება" რომ მიდის, ეს ტაქტიკურად სწორი ნაბიჯია. სტრატეგიულად კი - არა. თუმცა სტრატეგიულადაც სწორია, ალბათ ივანიშვილის გადასახედიდან, რადგან მას სურს ძალაუფლება, მაგრამ არა - პასუხისმგებლობა. დიახ, მან არჩევნების შემდეგ რეალურად იგრძნო რა დიდი ტვირთია, როცა საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებ; რა დამამცირებელი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შენს მიერ „დასმულ" პრეზიდენტს ეახლო უშიშროების საბჭოს სხდომაზე და „სუფრის თავში" არ იჯდე. „რა უბედურებაა" ვიღაც შენს კარებთან იჯდეს და თავშესაფარს გთხოვდეს, ბანკის კრედიტების გადავადებას გემუდარებოდეს, „რა დროს ძილიაო" გიყვიროდნენ და ა.შ. განა უმჯობესი არ არის, ფლობდე რეალურ ძალაუფლებას და არ გქონდეს პასუხიმგებლობა? ჰო, ივანიშვილი ამ გზას ირჩევს.
***
მარგველაშვილი-ვასაძის დუეტი, რომელიც სამეგრელოდან ღიად დაანონსდა, ქვეყნის „სამართავად" ემზადება. უფრო სწორად, რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი მეშვეობით აპირებს ივანიშვილი ქვეყნის მართვას. ფილოსოფოსი მარგველაშვილის პოლიტიკურ წონაზე საუბარი არ ღირს, რადგან მას რეალურად მხოლოდ ფოლოსოფიურ უწონადობაში აქვს წონა. თუმცა იქაც რამდენს იწონის, ეს მისმა კოლეგებმა უნდა განსაზღვრონ. აი, ბატონი ვასაძის დიდაქტიკა და ურაპატრიოტიზმი, მისი რუსეთუმეობა და, თუნდაც, „ბაგრატიონობა" ბევრისთვის არის ცნობილი.

***
პრემიერ-მინისტრი დღესაც რეალურად არ მართავს ქვეყანას. უფრო სწორად, ის არ იღებს გადაწყვეტილებებს და იმ ქაოსს, რომელიც ამჟამად გვაქვს ეროვნული ეკონომიკისა თუ საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, სწორედ ეს გარემოება განაპირობებს.
არ იღებს გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ გაურბის პასუხისმგებლობას. არ იღებს მოქალაქეობას იმიტომ, რომ მას იმთავითვე სხვა მიზნები ჰქონდა... როგორც კი მის წინაშე სვამენ კონკრეტულ საკითხს პასუხობს: „თქვენ რა მიგაჩნიათ სწორად?", „იმოქმედეთ კანონის შესაბამისად", „თქვენ გადაწყვიტეთ"... თავად კი, ფაქტობროვად, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, არ გასცემს განკარგულებებს. შესაბამისად, მისი მინისტრთა კაბინეტის წევრები ცდილობენ რაც შეიძლება ცოტა კითხვები დაუსვან პრემიერს, რადგან მათ წინასწარ იციან სავარაუდო პასუხები...
მას ეშინია! დიახ, ეშინია, სამომავლოდ ამა თუ იმ სფეროში განხორციელებული ქმედებები, რეფორმები და გადაწყვეტილებები ცუდად არ შემოუბრუნდეს. ეშინია მომავალი მთავრობის, რომელმაც, შესაძლოა, „ოცნების" მთავრობის ანალოგიურად დაიწყოს „ქექვა". დაკითხოს რომელიმე მინისტრი და ნამინისტრალმა უპასუხოს - პრემიერმა დამავალაო. მერე მეორე მინისტრმაც იგივე თქვას, მესამემაც და ასე შემდეგ... ჰოდა, რომ მიადგან ქოთანს ყური, ისე როგორც ახალ მთავარობას მოესურვება, რა მოხდება?
თუნდაც გამორიცხავთ, სამომავლოდ მართლმსაჯულებამ დადოს დასკვნა, რომ დადგმული ცოცხების კადრების უკან, სწორედ ივანიშვილი იდგა და ამის გამო აჩუქეს ბატონად შერაცხულ - „გტკივა" ბედუკაძეს თავისუფლება? მერე? რა მერე - მასაც მოუწევს მერაბიშვილის გვერდით ჯდომა. შესაბამისად, ივანიშვილს იმდენი ჭკუა ჰყოფნის, ასე არ მოიქცეს და მთელ პასუხისმგებლობას საკუთარი გუნდის წევრებზე ანაწილებს. ინერტული მინისტრები გრძნობენ ამ ვითარებას და სწორედ ამიტომაც არ აქტიურობენ. დინებას მიჰყვებიან. დიდი-დიდი, დროთა განმავლობაში, მათაც ვინმე გულგრილობისთვის შეედავოს.
***
„ბატონმა ბიძინამ ქვეყნისა და ხალხის წინაშე თავისი ვალი მოიხადა", - გამოსათხოვარი განცხადებასავით ბრძანა ქართული პოლიტიკის გურუმ - დავით საგანელიძემ. და რა? ივანიშვილს პატრიარქობა სურს, სამოქალაქო პატრიარქობა? ძალაუფლება პასუხისმგებლობის გარეშე? ეს უფრო სინამდვილეს ჰგავს, იმიტომ, რომ ის არ არის „იმნაირი" - ივანიშვილი „ვალმოხდილი" ფანტომია.