"მესმის საზოგადოების სერიოზული შფოთი, მაგრამ მოდით, ამ ბუნებრივი შფოთვის შემდეგ დავიწყოთ ამ პროცესის რაციონალური გააზრება. ბიძინა ივანიშვილის წასვლის შესახებ ინფორმაცია ჩემთვის არ იყო ახალი, რადგან ეს ბატონმა ბიძინამ დაახლოებით ორი წლის წინათ გაანდო საზოგადოებას თავის პირველ მიმართვაში. ახლა გადავიდეთ მის არგუმენტებზე. ივანიშვილი დაგვპირდა, რომ ის ააშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს. თუ სამოქალაქო საზოგადოება არ იქნება ძლიერი, რაც არ უნდა ძლიერი მთავრობა ჰყავდეს, ასეთ ქვეყანას მომავალი არ უწერია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი მიდის იმ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება მდგრადი ქვეყნის განვითარებას, რათა ამ ქვეყანაში არა მხოლოდ ეს მთავრობა იყოს წარმატებული, არამედ ყველა მომდევნო მთავრობა", - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რას უმხელს "ალიას" გიორგი მარგველაშვილი?".
"მე შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ადამიანს აიძულებს, იფიქროს, რომ შეიძლება გიორგი მარგველაშვილისგან ჩამოყალიბდეს ან კორუმპირებული ადამიანი, ან დიქტატორი. თუმცა ბუნებრივია, არასდროს არ უნდა დაგემართოს ამპარტავნება და საკუთარ თავზე არ უნდა თქვა, რომ რაიმე საშიშროების წინაშე არ დგახარ. თუ რომელიმე ჩვენგანმა გადაუხვია სწორ გზას, გარანტი იმისა, რომ ეს იქნება დროულად აღკვეთილი, არის ის ბალანსი, რომელიც არსებობს ხელისუფლების შტოებს შორის. გარანტი არის სამოქალაქო საზოგადოება, რომელშიც იქნება ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე - ბიძინა ივანიშვილი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილი.
"არ მინდა ცალ-ცალკე ინდივიდების განხილვა დავიწყო, თავად ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ის ფიქრობს ახალ პრემიერზე. ამ საკითხს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. განათლების მინისტრის შემცვლელიც კი პრემიერის პრეროგატივაა, რომ დაასახელოს კანდიდატურა, მაგრამ ვიტყვი მხოლოდ ერთს და ინდივიდებზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ჩემი და ლევან ვასაძის ბავშვობიდან მოყოლებული მეგობრობა არანაირად არ არის დაკავშირებული ლევანის პრემიერად დასახელებასთან. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ნამდვილად არ ყოფილა პრემიერ-მინისტრად ლევან ვასაძის კანდიდატურაზე საუბარი. მე და ლევანი წავედით ჩვენი ბავშვობის მეგობართან, მეუფე შიოსთან სენაკში, სადაც სკოლის გახსნაში მე და ლევანი ვეხმარებოდით. ლევანი ფინანსურად, მე კი - ჩემი გამოცდილებით. ახლა, რადგან მეუფე შიოსთან წავედით, მცდელობა იმისა, ამ ფაქტიდან რამენაირად გამოადნონ, ეს იმას ნიშნავს, პრემიერობა განიხილებაო, ცოტა რთული კომბინაციაა. ჩემთან ლევან ვასაძის კი არა, არავის კანდიდატურა არ განხილულა, თუმცა ვიცი, რომ ბატონ ბიძინას ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები აქვს და ფიქრობს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სააკაშვილისგან ყოველთვის მოველი უარესს და ისეთ გაუაზრებელ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას ცუდად უტრიალდება, მაგრამ მინდა დღესვე განვაცხადო, თუ ვადაზე ადრე ის გადადგა პრეზიდენტობიდან, ეს მისი მხრიდან იქნება გამიზნული ბოროტება, რომელსაც ის ჩაიდენს ქართული სახელმწიფოს წინაშე. ზვიად გამსახურდიას შემდეგ საქართველოში არ დაუსრულებია არც ერთს საპრეზიდენტო ციკლი, არადა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა საპრეზიდენტო ვადა დაასრულოს და ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, თუ სააკაშვილი ვადაზე ადრე წავა პრეზიდენტობიდან, ეს იქნება გამიზნული იქითკენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტაბილურობის მომენტი არ განხორციელდეს. მისგან ყოველთვის მოველი ისტერიულ ნაბიჯებს", - დასძენს გიორგი მარგველაშვილი.