"სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა".

"ქართველი საზოგადოება მუდამ ორ რადიკალურ სიბრტყეში ცხოვრობს. არც ის ვარგოდა, რომ ეს ფირები არავის ენახა და დამარხული დარჩენილიყო და არც ის ვარგა, რომ ყველამ ნახოს, რადგან ძალზე მძიმე სანახავია. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ასეთ ფორმატში შედგა მისი ჩვენება. ყოფილი ხელისუფლება ცდილობს ვითარება ის წარმოაჩინოს, თითქოს დევნიან, მაგრამ რადგან ამ რიტორიკას ქვეყანაში გასავალი არა აქვს, ცდილობენ, დასავლეთს შეუქმნან ასეთი წარმოდგენა. სახელმწიფოებრივი ინტერესია, დასავლეთს დავანახვოთ, რა დანაშაულებრივ სისტემასთან გვქონდა საქმე", - აცხადებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა".

"კონგრესს ახლა შეგვიძლია ვუთხრათ, განცხადებების გაკეთებამდე ნახეთ ფაქტები და შემდეგ გააკეთეთ დასკვნა. გარდა ელჩებისა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ფირები ენახა საზოგადოების იმ ნაწილს, რომლის მიმართაც ნდობა მაღალია. ასეთ შემთხვევაში, "ნაციონალურ მოძრაობის" პროპაგანდისტული შესაძლებლობები იზღუდება - ვეღარ იტყვიან, არაფერი ხდებაო და კვლავ ტყუილსა და დემაგოგიაზე ვერ ააგებენ თავიანთ რიტორიკას. მე ამ ფირების მცირე ნაწილი ვნახე, რადგან არ შემიძლია ასეთი რამეების ყურება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"ინდივიდუალური პირები ასეთ რამეებს არ აკეთებენ. ეს სისტემური დანაშაულია, რაც ყველა სეგმენტში ხდებოდა. ეკონომიკურ სისტემაშიც იგივე ხდებოდა, - ადამიანს დაიჭე¬რდნენ და საკანშივე მიჰყავდათ ნოტარიუსი, რომ მისი ქონება სხვისთვის გაეფორმებინათ. ეს არ არის ადამიანის გაუპატიურების ერთ-ერთი ნაირსახეობა? ვისაც ზეწოლითა და მუქარით ქონებას ართმევდნენ, არაპირდაპირი გაგებით აუპატიურებდნენ. ის, რაც ციხის ვიდეოფირის სახით ვნახეთ, საზოგადოების ყველა სეგმენტში იყო სხვადასხვა ინტერპრეტაციით გაბნეული. ასეთი იყო იმ ძალადობრივი რეჟიმის სახე, რომელიც ადამიანის ღირსების შელახვაზე იყო აგებული. გამიჭირდება წარმოვიდგინო, რა იყო ყოფილი ხელისუფლების ამოცანა, როდესაც ასეთ სისასტიკეს სჩადიოდა. ალბათ, მათსავით გარყვნილი უნდა იყო, რომ მათი მოტივაცია გააცნობიერო. ზოგჯერ ისინი სადიზმს ისეთ ვითარებაშიც ავლენდნენ, სადაც არ ჩანს ამის პრაგმატული ამოცანა", - ამბობს რესპონდენტი.

"ჩხატარაშვილს არც უმუშავია ჩემთან და არც იმუშავებს. როდესაც პრეზიდენტმა ჩხატარაშვილი დააკავშირა შს სამინისტროში მომხდარ დანაშაულებთან, ამით ფაქტო¬ბრივად აღიარა, რომ ეს დანაშაული სისტემური იყო, რადგან ჩხატარაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. სააკაშვილმა თავის განცხადებით აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ეს დანაშაულები სისტემური ხასიათის იყო, მასში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა და ის არ ყოფილა კონკრეტული პირების თვითშემოქმედება. პრეზიდენტმა კი თქვა, ლევან ქარდავა და ჩხატარაშვილი ხელისუფლებასთან თანამშ¬რომლობენო, მაგრამ ისიც არ ვიცი, სად არიან ისინი. ლევან ქარდავა ნანახიც არ მყავს. ჩხატარაშვილთან კი რამდენჯერმე ეპიზოდური კონტაქტი მქონდა, ეს არ ყოფილა შეხვედრა. ასეთი კონტაქტი შეიძ¬ლება ქუჩაში შემხვედრ ადამიანთანაც გქონდეს. პრეზიდენტის განცხადების მერე მირჩევდნენ, პატივისა და ღირსების შელა¬ხვის გამო მისთვის მეჩივლა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ძალზე აბსურდულია, რომ ჩემი მცირე პრობლემით შევიდე იმ საქმეში, რასაც რეჟიმის გასამართლება ჰქვია. ჩემი ეპიზოდი ძალზე უმნიშვნელობა იმ სისტემურ დანაშაულთან, რასაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა. ჩემი, როგორც ერთი ადამიანის და არა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის აზრით, სააკაშვილის რეჟ¬იმმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი საშინელი სისასტიკის გამო. სააკაშვილისადმი აგრესია არ მაქვს, ეს მისი პირადი ტრაგედიაა. სააკაშვილი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული პერსონაჟია და აზრს ვერ ვხედავ, რომ ვუჩივლო", - განაგრძობს გია ხუხაშვილი.

"ფირების განადგურება ვერ იძლევა 100%-იან გარანტიას, რომ ის მომავალში არსად გამოჩნდება. ამ პროცესს ორი მოტივი აქვს: პირველი - ხელისუფლება უარს ამბობს ასეთი ტიპის ქმედებებზე და მეო¬რე მხრივ, ფირების განადგურება ამნისტიის პაკეტში შედის. ვისაც აქვს ეს ფირები და ნებაყოფლობით დააბრუნებს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. ამით ამ პირებს სტიმულს აძლევენ, რომ სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდნენ. ეს ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მაქსიმალურად ლოკალიზებას. თუმცა არ შეიძლება იმის თეორიული გამორიცხვა, რომ ეს ფირები გამოჩნდება. განადგურდება მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. რაც შეეხება თვალთვალს, დევნას და ა.შ. ამ სახის ფირები შენარჩუნდება და გამოძიება მათ გამოიყენებს. ეს ფირები დაცული უნდა იყოს, რომ მომავალში კიდევ არ მოხდეს გაჟონვა. მას შემდეგ, რაც ესა თუ ის ფირი ამა თუ საქმეზე მაქსიმალურად იქნება ათვისებული, საქმე დაიხურება და განაჩენსაც გამოიტანენ, ვისურვებდი, ამ საქმესთან დაკავშირებული ფირები განადგურებულიყო", - დასძენს რესპონდენტი.