ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალს წაუყენებენ
"ირინამ სიკვდილამდე მხოლოდ ის მოახერხა, რომ ფურცელზე დაწერა "სანდრო"
"მაგის მოდგმას ამ ტვირთის ტარება მთელი ცხოვრება მოუწევს"
შვიდწლიანი ლოდინის შემდეგ სანდრო გირგვლიანის მამა დარწმუნებულია, რომ ყველა ის პირი დაისჯება, ვინც მისი ერთადერთი შვილის სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში მონაწილეობდა. ჩვენი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. ამჯერად მას სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შემდეგ წარმოებული გამოძიების არასწორად წარმართვას, მტკიცებულებათა გაყალბებას და გამოძიებაზე ზემოქმედებას ედავებიან, რისი მიზანიც იყო, პასუხისმგებლობა აერიდებინა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებისთვის და ასევე არ გამოკვეთილიყო მისი მეუღლის კავშირი "შარდენ ბარში" მომხდარ ინციდენტთან.
სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს და ამ მკვლელობამ სააკაშვილის ხელისუფლების იმიჯს პირველი სერიოზული დარტყმა მიაყენა. მართალია, შს სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, შემსრულებლები გაასამართლეს, მაგრამ ამ საქმეზე ვნებათაღელვა არ შემწყდარა. გურამ გირგვლიანის თქმით, მერაბიშვილის დაკავებით მისი ოჯახისთვის სამართლიანობის აღდგენა დაიწყო.
გურამ გირგვლიანი: - ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მერაბიშვილს ბრალს წაუყენებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დასრულდეს ეს საქმე. ყველა ხედავდა, როგორ იბრძოდა ჩემი მეუღლე ირინა. მარტო ვანოს დასჯა არ არის საკმარისი. ცხადია, ის საქმის გამყალბებელი და დამნაშავეებზე ხელის დამფარებელია, რათა დაეცვა თავისი ცოლი და ის კომპანია, რომელიც "შარდენ ბარში" იჯდა. სალაყაიამ ჩემი შვილის მკვლელობის მერე გვარიც გამოიცვალა და მერაბიშვილი გახდა. ამ ქალბატონს ისე მოაქვს თავი, თითქოს ანგელოზი იყოს.
- თქვენ ფიქრობთ, რომ თაკო სალაყაიაც უნდა ჩაჯდეს ციხეში?
- ალბათ, ეს რთული იქნება, ვნახოთ, შედეგს ყველა დავინახავთ. ისე, რა მნიშვნელობა აქვს, ის ჩაჯდება თუ მისი მეუღლე. მაგის მოდგმას ამ ტვირთის ტარება მთელი ცხოვრება მოუწევს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უკვე სულერთია, დაისჯებიან თუ არა ისინი, ამით ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება. აქ მორალური საკითხია, თორემ სანდროს და ირინას ვერავინ გამიცოცხლებს.
- თქვენ პროკურატურასთან სისტემატურად გაქვთ კავშირი, თუ იცით, კიდევ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?
- ეს გამოძიების პროცესში გამოჩნდება. წინასწარ რაიმეს თქმა არ მინდა. ახლა გვარებს ვერ გეტყვით. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რა მოლოდინიც მქონდა, ამის ასრულება იწყება. მჯერა, ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, მაინც დაისჯებოდნენ დამნაშავეები, მაგრამ ამ მოვლენებმა პროცესი დააჩქარა. ჩვენს საქმეზე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უწევდა ხელისუფლებას ყოველწლიური ანგარიშის ჩაბარება და, ბოლოს და ბოლოს, იძულებული იქნებოდა, დაესაჯა დამნაშავეები.
- თქვენი აზრით, პრეზიდენტი რატომ არ აიძულებდა შს მინისტრს, ბოლომდე მიეყვანა ეს საქმე?
- სააკაშვილზე რა ვთქვა? ის ახლა იხდის ბოდიშს, მაგრამ ეს მხოლოდ პიარია. ის კარგი ჯამბაზია. ცხონებული ჩემი მეუღლე ცოცხალი რომ იყო, მაშინ შეეძლო მიეღო ზომები, მაგრამ ეს არც უცდია... ირინა ბოლო დროს ხმასაც ვერ იღებდა. საავადმყოფოში ორი თვე გაატარა და გათიშული იყო. ბოლო კვირას მოვიდა გონს, ესმოდა ყველაფერი, რასაც ვეუბნებოდით, მაგრამ ვერ გველაპარაკებოდა. სიკვდილამდე მხოლოდ ის მოახერხა, რომ ფურცელზე დაწერა "სანდრო".
- ამით განიშნათ, რომ ბრძოლა თქვენ გაგეგრძელებინათ?
- ჩვენ მივხვდით, რისი თქმაც უნდოდა. ისედაც სულ ვეუბნებოდით, რომ სანდროს საქმეს ასე არ დავტოვებდით და ახლა ეს დრო დადგა, დამნაშავეები პასუხს აგებენ!