„2008 წელს, სააკაშვილს თავისი გეგმები შეთანხმებული არ ჰქონდა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რაც გამოუსწორებელი შეცდომა იყო“

„2008 წელს, სააკაშვილს თავისი გეგმები შეთანხმებული არ ჰქონდა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რაც გამოუსწორებელი შეცდომა იყო“

აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. 14 წლის შემდეგ for.ge-თან ინტერვუში ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე იმ პოლიტიკურ შეცდომებზე საუბრობს, რომელიც იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა.

აგვისტოს ომის დროს იმდოინდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკურად რა შეცდომები დაუშვა?

- საქართველოს ისტორია არც გვესმის და არც გვიყვარს. სხვა შემთხვევაში გვეცოდინებოდა, რომ ცივილიზაციის არსებობა მნიშვნელოვანწილად იმპერიულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. როდესაც საჭიროა, უნდა ვეომოთ და ამის მაგალითი აღმაშენებელმა მოგვცა. როდესაც საჭიროა, დიპლომატია უნდა მოვიშველიოთ. სხვათა შორის ამის მაგალითი ვახტანგ მე-6-ს ჰქონდა. მას უნდოდა, რომ ამ გზით სპარსეთთან დაებალანსებინა ურთიერთობები. რუსეთთანაც ჰქონდა კონტაქტები. საბოლოო ჯამში, მან მმართველობა წარუმატებლურად დაასრულა. შესაბამისად, ჩვენ მორიგ კრიზისში შევედით. მთელი მაშინდელი ელიტა მასთან ერთად ქვეყნიდან გავიდა.

რატომ გავიხსენე ისტორია, პარალელი გავავლოთ თუ რა შეცდომები დაუშვა სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის ომის დროს. ცხადია, სააკაშვილს ვერ დავაყვედრით და ვერ დავამუნათებთ იმის გამო, რომ მას უნდოდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ეს პოლიტიკოსისთვის და ქვეყნის ლიდერისთვის ჩვეულებრივი მომენტი იყო, რომელმაც 2007 წლის ნოემბრის ამბების შემდეგ უძლიერესი ოპოზიციური მოძრაობა მიიღო. ფაქტობრივად, ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში სერიოზული მარცხი განიცადა. ამის შემდეგ, მას ისეთი რამ უნდა გაეკეთებინა, რომ ხელსუფლება გაემყარებინა. ამ ნაბიჯის გადადგმა დააპირა, თუმცა რაც მან გააკეთა, შეცდომების ერთი დიდი კასკადი იყო. სტრატეგიული პარტნიორები ვერ შეიპირა, მოვლენათა შესაძლო განვითარების შემთხვვაში რა უნდა ექნათ ჩვენს მთავარ მხარდამჭერებს.

ომის დროს დასავლელი პარტნიორების პასიურობა გამოწვეული იყო მიხეილ სააკაშვილის იმდროინდელი გატარებული პოლიტიკიდან გამომდინარე?

- რუსეთთან მიმართებაში გარვეული პოზიცია დასავლეთს მაშინ ჩამოყალიბებული არ ჰქონდა. ეს ყველაფერი დასავლეთისთვის გასაგები არ იყო. გარდა ამისა, დიპლომატიური მხარდაჭერაც სააკაშვილს სათანადო არ ჰქონია. ამაზე მეტყველებს კონდოლიზა რაისის განცხადებებიც, იგივე ჰილარი კლინტონის პოზიციც. სააკაშვილს თავისი გეგმები შეთანხმებული არ ჰქონდა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რაც გამოუსწორებელი შეცდომა იყო. სხვათა შორის ვფიქრობ, რომ რუსების შესაძლო რეაქციაც მას სხვაგვარად წარმოედიგინა. რატომღაც ყოფილ პრეზიდენტს არ ეგონა, რომ რუსეთის პასუხი მის ქმედებებზე არ იქნებოდა ასეთი მყისიერი და მკაცრი. სააკაშვილს გარკვეული ურთიერთობები ჰქონდა რუსეთთან, ასევე ხვდებოდა პუტინსა და რუსულ ელიტას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არაფორმალური ურთიერთობა ექნებოდა მას რუსეთის სხვადასხვა წრეებთანაც. ყოფილ პრეზიდენტს ეგონა, რომ რუსეთი ოლიმპიადის პარალელულად სამხედრო ოპერაციის ჩატარებას ვერ გაბედავდა. ჩვენ ვსაუბრობთ პუტინზე, რომელიც დიდი იმპერიის აღდგენით არის შეპყრობილი და რომელიც უკან არაფერზე დაიხევს.

აქედან გამომდინარე, საქართველოში ომის დასრულების შემდეგ იმ ლიდერების ჩამოსვლა ფორმალობა იყო და უბრალოდ საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად იყვნენ ჩამოსულები?

- თვალებში ნაცრის შეყრა არ ყოფილა. პოლიტიკურად დასავლეთი გვერდით გვედგა. იმ ლიდერების პოლიტიკური კარიერისთვისაც და მათი ქვეყნების უსაფრთხოებისთვისაც გარკვეული რისკი იყო მათი აქ ჩამოსვლა. ასე ცალსახად სააკაშვილს ვერ გადავუვლით და ყველაფერი ცუდი ვთქვათ მასზე, ამას ვერ ვიკადრებ. რა თქმა უნდა, იყო მხარდაჭერა, მაგრამ ეს მხარდაჭერა საკმარისი იყო? შეცვალა რამემ ამ მხარდაჭერამ? ვფიქორობ, არაფერი შეუცვლია. რუსეთმა აინუსშიც არ ჩააგდო ამ სახემწიფოების ლიდერები. რუსეთმა თავისი გააკეთა და თავის მიზანს მიაღწია.

იმპერიებიდან რატომ წამოვედი - გავიხსენოთ 1999 წლის სტამბულის შეხვედრის გადაწყეტილება. ამ შეთანხმების საფუძველზე რუსეთმა საქართველოდან სამხედრო ბაზები გაიყვანა, პუტინმა კი შემოაბრუნა და დასვა საქართველოს ტერიოტირიაზე. ანუ, დასავლეთთან სტრატეგიული რევანში აიღო. ეს მარტო საქართველოს დამარცხება არ იყო. იმ უზარმაზარ შეიარაღებას, რომელსაც ჩვენები ყიდულობდნენ დასავლეთსგან, სხვათა შორის, რუსების ხელში აღმოჩნდა, საქართველოდან გაიტანეს. რუსებმა სერიოზული სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვეს. დღეს, ჩვენი ქვეყნის 22% აქვთ ოკუპირებული და ამ ტერიტორების დაბრუნების შანსი ჯერ არ ჩანს. აგერ, ათი წელია ოსებს და აფხაზებს ვეუბნებით მშვიდობიანად უნდა დაგიბრუნოთ, ომი აღარ გვინდა. ერთ მშვენიერ დღეს კი, პოდოლიაკი გვეუბნება, რომ შეიჭერით ცხინვალში და აფხაზეთში. რა ვქნათ, გავწმინდოთ ეს ტერიტორია აფხაზებისგან და ოსებისგან? აქამდე ვეუბნებოდით, რომ თქვენთან არ ვიომებთ და ახლა უნდა შევჭრილიყავით იმისთვის, რომ მოკავშირეებისთვის მხარი დაგვეჭირა?! კი მაგრამ, ჩვენ შეგვეძლო ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარება, გვყავს შეიარაღებული ძალები? ჩვენ გვყავს გმირები, მეომრები, მებრძოლები, მაგრამ კარგი შეიარაღება არ გვაქვს. მაშინ, 2008 წელს ამაზე არ ფიქრობდნენ. იმ დროს სააკაშვილი დეზორიენტირებული იყო. შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის მინისტრი არ ხელმძღვანელობდა და გიგი უგულავა იყო საომარი ოპერაციების კოორდინატორი.

სწორედ აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ იმდროინდელმა უწყების ხელმძღვანელებმა კეზერაშვილმა და ადეიშვილმა სააკაშვილი შეცდომაში შეიყვანეს და ომი წამოაწყებინეს?

- სააკაშვილი ისეთი ინდივიდია, ვერავინ ვერაფერს ვერ წამოაწყებინებს და ვერ აცდუნებს. ის ძალიან კარგად მართავდა პროცესებს. რაც მოხდა, ყველაფერი მის ნებას ექვემდებარებოდა. ამით იმასაც ვამბობ, რომ სააკაშვილი ძალიან ნიჭიერი ადამიანია, რამდენად ადეკვატურია და რამდენად ქვეყნისთვის სასარგებლო იყო და არის, ეს სხვა თემაა. პროცესებს ის თავად მართავდა და რომელი კეზერაშვილი ან ადეიშვილი მოახდენდა მასზე ზეგავლენას? - ეს გამორიცხულია. მას ჰყავდა ხილული და უხილავი მრჩევლები - ერთი მხრივ ბიძა, მეორე მხრივ გლუკსმანი. მათ უფრო უსმენდა, ვიდრე ამ ორ პიროვნებას. კეზერაშვილსა და ადეიშვილს თავიანთი ფუნქცია ჰქონდათ, მაგრამ ის, რომ სააკაშვილი ეცდუნებინათ, არა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არც ის მიმაჩნია ამ ქვეყნისთვის სანიმუშოდ, რომ იმ პირობებში, როდესაც პარტნიორების თვალში სასამართლოს ნდობა მაღალი არაა, სააკაშვილი ციხეში ზის და საზოგადოებაში აურზაურის საფუძველი ხდება. მესმის, რომ ივანიშვილი იძულებული გახდა ის დაეპატიმრებინა. ბიძინა იმდენად პრაგმატული ადამიანია, რომ ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა, მაგრამ შემოიჭრა და ერთი ამბავი ატეხა, ამიტომ სხვა გზა არ ჰქონდა. ახლა გამოსავლის ძიება ჯობს. ამ საკითხზე ცოტა კომპრომისებზე წასვლაა საჭირო.