პუტინის პატივმოყვარეობის პროექტი

პუტინის პატივმოყვარეობის პროექტი

“იმდენად დაუჯერებელია, რაც შსს-მ იპოვა სამეგრელოში, რომ უბრალოდ, შეუძლებელია, სიმართლე არ იყოს”, _ დაასტატუსა განათლების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა “ფეისბუქზე”. სინამდვილეში, ეს ფრაზა ასე ჟღერს: “იმდენად დაუჯერებელია, რასაც ეს ჯარისკაცი ჰყვება, რომ უბრალოდ, შეუძლებელია, სიმართლე არ იყოს” და იგი ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული ფილმიდანაა. ასე რომ, ბატონი ზურაბიშვილი ცოტა “წაიპლაგიატებს”, მაგრამ სამეგრელოს თემას კარგად მოარგო ეს ფრაზა.

მართლაც, დაუჯერებელია, რომ სამეგრელოში, სადღაც მიწისქვეშა სამალავებში, “ნაციონალების” არქივები (მეგის ქარდავას სკოლის დღიურითურთ) იპოვეს დასასჯელთა სიებით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით, ყველანაირი ნარკოტიკით და შეურაცხმყოფელი ვიდეოებით.

ლოგიკა მკარნახობს, რომ ასეთი ტიპის მასალები, როგორც წესი, ერთად არ უნდა ინახებ-იმალებოდეს, მაგრამ რას გაუგებ ქართული პოლიტიკის ლოგიკას. ქართული პოლიტიკა არაცნობიერის ფსიქოანალიზით უნდა აღიქვა. ამაზეა ნათქვამი, მონასტერი აირიაო. მონასტერი კი, პირდაპირი და ირიბი გაგებითაც, მაგრად აირია და მხოლოდ საქართველოში კი არა, არამედ, _ მთელ მსოფლიოში. კვირის აღსანიშნავი ამბები კი, შემდეგი თანმიმდევრობით ლაგდება:

 

დიდი რვიანიდან სოჭის სკანდალამდე

ირლანდიაში დიდი რვიანის სამიტი ჩატარდა და პუტინმა კიდევ ერთხელ თავზარი დასცა ევროპას. “ვაშინგტონ პოსტი”  წერს: “სანამ ობამა სომნაბულასავით (მთვარეული) დახეტიალობს, პუტინი ენერგიულად ახორციელებს თავის მიზნებს სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში”.

გამოცემა “დეილი მაილი” კი, სკანდალურ სტატიას აქვეყნებს სოჭის ოლიმპიური სოფლის მშენებლობაზე: “პუტინის “პატივმოყვარეობის პროექტი” _ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა დიდი გამოცდაა პრეზიდენტისთვის, რომელმაც შესაძლებელია, უფრო ადრე ჩამოაგდოს იგი, ვიდრე _ ოპოზიციის მიტინგებმა და პირადი ცხოვრების დეტალებმა. ოლიმპიურ სოფელში შენობები და გვირაბები ინგრევა, გაზის მილსადენები ფეთქდება და შეკვეთილი მკვლელობები ხორციელდება.

რუსები თავს იმტვრევენ, რატომ მაინც და მაინც ეს დრო აირჩია პუტინმა ცოლთან გაყრის საჯაროდ გამოცხადებისათვის. დადის ხმა, რომ 2014 წლის თებერვალში, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე, იგი ახალ პირველ ლედისთან ერთად წარსდგება მსოფლიოს წინაშე. ექსპერტები თვლიან, რომ პუტინის პოლიტიკის ხანგრძლივობა სოჭის ოლიმპიადის წარმატება-მარცხზეა დამოკიდებული. ამიტომაც, პუტინი უკვე პირადად აკონტროლებს სოჭის მშენებლობას და, პრაქტიკულად, სულ იქაა, რადგან მშენებლობის ტემპი ძალიან ჩამოსცდა გრაფიკს, ხარისხი კი, კრიტიკას ვერ უძლებს. ნემცოვის ინფორმაციით, თავდაპირველად ხელისუფლებამ 50 მილიარდი დოლარი გამოყო მშენებლობისათვის და ამ თანხიდან 30 მილიარდი ვიღაც-ვიღაცების ჯიბეში დაილექა. დღეისათვის ოლიმპიური სოფლის ასაშენებლად უკვე 200 მილიარდი რუბლია დახარჯული და კორუფციამ ასტრონომიული მასშტაბი მიიღო”.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთში ბევრს ძალიან ეშინია, რომ თუ სოჭის ოლიმპიადის შესაძლო სკანდალს პუტინი გადაჰყვება, მაშინ მისი შემცვლელი, შესაძლოა, მასზე უარესი აღმოჩნდეს.

როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო, 2014 წლის თებერვალი ჯერ კიდევ შორსაა, მანამდე კი, შესაძლებელია, “ნაციონალები” შიმშილით დაიხოცნონ.

 

მერაბიშვილი შიმშილობს, შევარდნაძე სააკაშვილის დასჯას ითხოვს

“ნაცმოძრაობის” დატუსაღებულ ლიდერ ვანო მერაბიშვილს სასამართლომ ქონება დაუყადაღა (საბანკო ანგარიშები, უძრავი ქონება). მისი ოჯახი უსახსროდ დარჩა, რადგან ვერც ბანკიდან გამოიტანს ფულს და ვერც უძრავ ქონებას გაყიდის. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში ოჯახი? _ მერაბიშვილის პარტიული მეგობრები აცხადებენ, უპატრონოდ არ დავტოვებთო. ცხადია, ფინანსურად დაეხმარებიან და შიმშილის პერსპეტივა არ ელის მერაბიშვილის ოჯახს, მაგრამ თავად ბატონმა ვანომ ოფიციალურად გამოაცხადა შიმშილი. მისი მოთხოვნებია _ ტელევიზორი საკანში და ყადაღის მოხსნა ქონებაზე.

გავაანალიზოთ მომხდარი და გამოიკვეთება, ვის წისქვილზე ასხამს წყალს სასამართლოს გადაწყვეტილება.

“ნაცმოძრაობამ” საერთაშორისო დონეზე ატეხა სკანდალი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ ლიდერზე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა და გავლენიანმა პრესამ კვერი დაუკრა “ნაცმოძრაობის” გარეთ დარჩენილ ლიდერებს. არაერთხელ ითქვა და ოფიციალური ნოტებიც გამოიგზავნა, რომლებშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერების პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და მათზე შერჩევითი სამართალი ხორციელდება და ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, “ნაცმოძრაობის” წისქვილზე ასხამს წყალს _ მერაბიშვილი წამებულ გმირად იქნება შერაცხული და საკითხავია, შეგნებულად ხდება ეს თუ შეუგნებლად? დიდი ეჭვი მაქვს, რომ სასამართლო შეუგნებელ გადაწყვეტილებებს არ იღებს და ამ ისტორიას ბანალური გაგრძელება არ ექნება.

მას შემდეგ, რაც ჯორჯია დიდი გეოპოლიტიკის, გადამეტებული არ მგონია და ერთ-ერთი ან, სულაც, ერთადერთი ქვაკუთხედი გახდა, პოლიტიკური ამინდი საქართველოში ისე სწრაფად იცვლება (საათებსა და წუთებში), რომ ადამიანი გაოცებას ვეღარ ასწრებს, რადგან ემოციები დაუჩლუნგდა. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური თავდაცვის ერთ-ერთი ძირითადი იმუნიტეტი. არამეცნიერულად კი, ასე ვიტყოდი: საზოგადოება სახტად დარჩენილის რეჟიმში იმყოფება და თუ დიდი ძვრა არ მოხდა, ასეც დარჩება.

რაც შეეხება შევარდნაძის განცხადებას, ამაზეა ნათქვამი, ბებერი ხარის რქაც ხნავსო. კარგად მახსოვს, როდესაც შევარდნაძე მიდიოდა და სააკაშვილი მოდიოდა, ხალხში ხმა გავარდა, შევარდნაძემ თქვა, მოგენატრებითო. სხვათა შორის, ამ ცხრა წლის განმავლობაში, მართლაც, არაერთხელ მოენატრა შევარდნაძე ხალხს.

მოკლედ, ბატონმა ედუარდმა განაცხადა, სააკაშვილი უნდა დაისაჯოს მერაბიშვილის და მისნაირების შექმნისათვისო.

ასე რომ, იერარქიულად (ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი), მართლაც, სააკაშვილის რიგიც მოვიდა. არ მგონია, სააკაშვილის დაკავება უახლოეს ორ თვეში მოხდეს, მაგრამ როგორც პოლიტკულუარებში ამბობენ, აგვისტო პოლიტიკურადაც ძალიან ცხელი იქნება.

 

და კიდევ ერთხელ: უნდა ჰყავდეს თუ არა საქართველოს ჯარი?!

ბევრი რუსეთუმე პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველოს არ სჭირდება, მით უმეტეს, _ ძლიერი ჯარი. ქვეყნისთვისAაბსოლუტურად საკმარისია კარგად დისციპლინირებული, მაღალპროფესიონალური ძლიერი პოლიცია. რამდენად მისაღებია ქვეყნის მოწყობის ასეთი ფორმულირება და, პირველ რიგში, ვის აწყობს ეს? _ დიდი მკითხაობა არ უნდა, ჩვენ ძველ მეზობელსა და ქართველთყლაპია რუსეთს სჭირდება ასეთი საქართველო. უფრო სწორად, საქართველო ქართველების გარეშე. მთავარია, შემოვიდნენ და ეს საქმეც უცბად “მოყომარდება”.

ბევრი ამბობს, საქართველოში უკვე ისე ბნელა, რომ ყველაფერი ნათელიაო, მაგრამ არც ასეა საქმე _ ჯერ ისე არ ბნელა, რაც რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს სენატში კენჭის ყრით დამტკიცდა: “აშშ-ის კონგრესის ეროვნული თავდაცვის აქტში, რომელიც 2014 წლის თავდაცვის ბიუჯეტის დაგეგმისთვისაა საჭირო, ერთ-ერთი მუხლი საქართველოს ეთმობა. აღნიშნული აქტის 1244-ე მუხლში, სახელწოდებით _ “კონგრესის აზრი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ”, ნათქვამია, რომ აშშ-მ საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს. მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, უზრუნველყოს საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ტერიტორიის მთლიანობა”.

ზემოაღნიშნულ ფაქტს წინ უსწრებდა ჯერ გაერო-ს რეზოლუცია, 62-მა ქვეყანამ  მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, 16 _ წინააღმდეგი იყო და რუსეთის საგარეო უწყების განცხადება გაერო-ს რეზოლუციაზე.

რუსეთის საგარეო უწყება: “2008 წლის ოქტომბერში, ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებიდან მოყოლებული, საქართველო ჯიუტად არიდებს თავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, რის გარეშეც შეუძლებელია რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა, მათ შორის, ლტოლვილთათვის უსაფრთხოების შექმნის მიზნით”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე, აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, ყურადღება არ მიექცეს ბოლო დროს სამხრეთ ოსეთის მიერ საკუთარი საზღვრის მოწყობის მიმართ გადადგმული ნაბიჯების გარშემო ატეხილ გაბუქებულ ხმაურს, რომელიც რიგი დასავლური სახელმწიფოების ოფიციალური პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, ნატო-ს მხრიდან წამოვიდა. ამ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას “შაბლონურად” რუსეთისთვის ცდილობენ.

“მერამდენედ განვმარტავთ, რომ რუსი მესაზღვრეები, ამა თუ იმ, უფლებამოსილებას სამხრეთ ოსეთის მხარესთან ორმხრივი შეთანხმების მიხედვით ახორციელებენ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის შეთანხმება 2009 წლის 30 აპრილს შედგა. ამ საზღვრის თაობაზე ნებისმიერი შეკითხვა ქართულმა მხარემ კონკრეტულ სახელმწიფოსთან, ამ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთთან უნდა შეათანხმოს”, _ ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

“დღეს, როცა ქართველ მოღვაწეთა ამჟამინდელ კოჰორტას აგრესორის რეპუტაციიდან პოლიტიკური გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა, გვინდა, გვქონდეს იმედი, რომ ქართული საზოგადოების ცნობიერებაში გარდატეხა მოხდება, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებში აისახება და მიმართული იქნება სიტუაციის გრძელვადიან დარეგულირებაში, მათ შორის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემის მოგვარებაში მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან _ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებების გზით”.  

როგორც სტატიის შესავალშივე აღვნიშნე, დღევანდელ ქართულ პოლიტიკას რაციონალურ, ადექვატურ და ლოგიკურ ანალიზს ვერ გაუკეთებ. ირაციონალურად, ფსიქოანალიზის დონეზე უნდა აღიქვა. ამასვე არ გვთავაზობს რუსეთის საგარეო უწყება?!

და ისევ რეალობას დავუბრუნდეთ: უნდა იყოს თუ არა ავღანეთში ქართული ჯარის დიდი კონტიგენტი?

ირაკლი ალასანია: “ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად აბსოლუტურად სწორი იყო. მე და მთელი ჯარი ვამაყობთ, რომ საქართველოს ასე ღირსეულად შეუძლია ამ ტვირთის ტარება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არაჩვეულებრივი სამხედრო გამოცდილებაა ქართველი სამხედროებისთვის. გარდა იმისა, რომ ეს ჯარები ემსახურებიან ავღანური სახელმწიფოს შექმნას, “ალ-ქაიდასა” და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ვაცლით საყრდენს. თუ ისინი აღადგენენ საყრდენს ავღანეთში, იგივე განმეორდება, რასაც 11 წლის წინ აკეთებდნენ _ ევროპის დედაქალაქებსა და საქართველოში ტერორისტული აქტები მოეწყობა. ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში ყოფნით ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას იცავენ. უკან დახევა და ტერორისტების მოთხოვნებზე აყოლა არ გვარგებს. როგორც კი მოწინააღმდეგე დაინახავს, რომ მათმა ტაქტიკამ და ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ ჩვენზე გაჭრა და კონტიგენტი შევამცირეთ, თავდასხმა გაათმაგდება. ტერორისტებთან დათმობაზე ვერ წავალთ”.

დღეს თავდაცვის სამინისტრო ნამდვილად მოწოდების დონეზეა, რადგან ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისათვის და არა მარტო მათთვის, მართლაც, უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ოჯახებს, განურჩევლად იმისა, რომელ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, დაენიშნება პენსია ათასი ლარის ოდენობით, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდება: 2014 წლიდან დაენიშნებათ 500-ლარიანი პენსია, ხოლო 2015 წლიდან კიდევ 500 ლარი დაემატებათ. საერთაშორისო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს გაეწევათ ერთჯერადი 100 000-ლარიანი დახმარება. ეს გავრცელდება საერთაშორისო ოპერაციებში აქამდე დაღუპულ გმირებზეც.

როგორც ბატონი ალასანია აცხადებს: “აფხაზეთში იბრძოდნენ შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, პოლიციელები, სასაზღვრო ძალები, მოხალისეები, გვარდია, “მხედრიონი” და პენსია დაენიშნება ყველა მებრძოლის ოჯახს, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.

ასე რომ, ძლიერი ქართული ჯარი არ სჭირდება რუსეთს, მაგრამ სჭირდება საქართველოს და ეს საამაყო უნდა იყოს ყველა ნამდვილი ქართველისათვის. სწორედ ეს გარდატეხა უნდა მოხდეს ქართული საზოგადოების ცნობიერებაში