ნატომ გადალახა ის, რაც პუტინის შიშით ვერც 2008 და ვერც 2014 წელს ვერ გაბედა...

ნატომ გადალახა ის, რაც პუტინის შიშით ვერც 2008 და ვერც 2014 წელს ვერ გაბედა...

ნატოს მიერ რუსეთის მთავარ საფრთხედ აღიარება წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ალიანსს სასწრაფოდ სჭირდება ძირეული ტრანსფორმაცია, რომ ევროპის რეალურ დამცველად გადაიქცეს და ერთ დიდ ბიუროკრატიულ და მოუქნელ მექანიზმად არ დარჩეს

2022 წლის მადრიდის სამიტზე ნატომ, ბოლოს და ბოლოს, გამოიღვიძა და ფხიზელი გონებით შეხედა ურთულეს რეალობას - პუტინის რუსეთის იერიშს სამეზობლოს დასაპყრობად და ახალი იმპერიის შესაქმნელად.

ეს სწორედ ის ნატოა, რომელმაც 2010 წლის ლისაბონის სამიტზე რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მიიწვია და რუსეთს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შეუთანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე წლით ადრე სწორედ ამ რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო.

ნატოსთვის გაკვეთილად ვერც 2014 წელი იქცა, როდესაც იმავე რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია-ანექსია შეძლო, დონბასში კი რვაწლიანი სეპარატისტული ომი წამოიწყო და სანამ ნატოს გაუბედაობით ფრთაშესხმულმა პუტინმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმაც არ გაბედა, ნატო ისევ მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებას სჯერდებოდა, ახლა კი, 12-წლიანი დაგვიანებით, ის, როგორც იქნა, ცვლის რუსეთისადმი დამოკიდებულებას და მას ოფიციალურად აღიარებს ალიანსის წევრი თუ პარტნიორი ქვეყნების უმთავრეს საფრთხედ! ანდერს ფოგ რასმუსენმა (ნატოს გენერალური მდივანი 2009-2014 წლებში) მორცხვად აღიარა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოსთვის მაპ-ის (ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა) არმიცემა ალიანსის წევრი ქვეყნების დიდი შეცდომა იყო, რამაც პუტინის რეჟიმი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად წაახალისა, მაგრამ თავად რასმუსენი არ იყო ნატოს გენერალური მდივანი, როდესაც 2010 წლის ლისაბონის სამიტზე ტაშს უკრავდა ალიანსის რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას?!

სწორედ რასმუსენების, მერკელების, სარკოზების, ობამების, ოლბრაიტებისა და სხვა მათი მსგავსი ვითომ გამჭრიახი მსოფლიოს დონის პოლიტიკოსების პროფესიონალური სიბეცის გამო გაბედა პუტინმა ამდენი და ჯერ - ჩეჩნეთი, შემდეგ - საქართველო და სირია, ახლა კი უკრაინა სასაკლაოდ აქცია.

სწორედ ნატოს გაუბედაობა და მისი ცინიკური დაპირება „ალიანსში შესასვლელი ღია კარის“ შესახებ იქცა რუსეთის აგრესიული მოქმედებების მთავარ წამახალისებელ ფაქტორად.

ამერიკამ და ნატომ სადღაც, შორეულ ავღანეთში, ოცი წლის განმავლობაში აბსოლუტურად უშედეგოდ ჩაყარეს ტრილიონ დოლარზე მეტი და ათასობით მებრძოლი გაიმეტეს, იმის მაგივრად, რომ ეს სახსრები ევროპაში საკუთარი არმიების გასაძლიერებლად გამოეყენებინათ და ალიანსის აღმოსავლეთ მიმართულებით გაფართოება-გაძლიერების პროცესი დაეჩქარებინათ. დღეს კი ამაყად ამბობს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომ ალიანსის რეაგირების ძალებს თითქმის ათჯერ - 40-დან 300 ათასამდე გაზრდიან, მაგრამ ეს ნატოს რამდენიმე წლის წინ რომ გაეკეთებინა, გაბედავდა კი პუტინი უკრაინაზე ასეთ ფართომასშტაბიან თავდასხმას?

დღეს რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული უკრაინისადმი ნატოს, როგორც მსოფლიოს უდიდესი საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის სამხედრო მხარდაჭერა მიზერულია, რადგან უკრაინის არმიას ტანკებსა და ჰაუბიცებს ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა ინდივიდუალურად უგზავნის.

ნატო, ისევე, როგორც გაერო თავისი უშიშროების საბჭოთი, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა დიდ ბიუროკრატიულ სხეულად, რომლის დროული რეაგირების დიდი იმედი აგრესიულ რუსეთთან საერთო საზღვრის მქონე ალიანსის წევრ ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს შეიძლება არც უნდა ჰქონდეთ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრა ბოლო გაფრთხილებაა ნატოსთვის, რომ ის ძირეულად უნდა შეიცვალოს, რათა მართლაც გახდეს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური სივრცის ღირსეული დამცველი.

P.S. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯებით მართლაც იმსახურებს მოწონებას თუნდაც მაკრონსა და შოლცთან შედარებით, მაგრამ სწორედ ამ ჯონსონმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა: ყველამ იცოდა, რომ ახლო მომავალში უკრაინა ნატოს არ შეუერთდებოდა. “

ეს, ბუნებრივია, საქართველოსაც ეხება, ანუ „ნატოს ღია კარი“ დიდი ბლეფი აღმოჩნდა, საქართველოსა და უკრაინის დასაბოლებლად“ მოგონილი, ანუ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე განცხადებული დაპირება ჩვენი ქვეყნების ალიანსში გაწევრების შესახებ ნატომ ინანა, თუმცა თავმოყვარეობის გამო უკან ვეღარ იხევს და ცრუ დაპირებებით ჩვენს კვებას აგრძელებს?!

სამწუხარო რეალობა ის გახლავთ, რომ ვერც საქართველო და ვერც უკრაინა ვერასდროს გახდებიან ნატოს წევრები, ისევე როგორც ევროკავშირის, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, „კარგად მოქცევის“ შემთხვევაში კი ექვს თვეში ჩვენც იმავეს გვპირდებიან.დიდი ალბათობით, საქართველოს არც ნახევარი წლის შემდეგ მიანიჭებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და რუსეთი უკრაინასთან ომში მწარედ დამარცხდა, რუსეთის დიდ ქალაქებში კი პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო, რასაც კრემლი აუცილებლად სისხლში ჩაახშობს, მაშინ ყველაფერია მოსალოდნელი.