"არ გამოვრიცხავ, სამეულის გარშემო ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს - "ქართული ოცნების" რადიკალური ნაწილი"

სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ პარტია „ქართული ოცნების“, ფრაქციისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების ფაქტი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელისუფლების ახალ სატყუარად მიიჩნიეს. მართალია, მმართველი გუნდის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა - დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით, შესაძლოა, უხერხულობები შექმნანო, მაგრამ ეს არავისთვის აღმოჩნდა სარწმუნო და ოპოზიციონერები საკუთარ ვერსიებზე ალაპარაკდნენ. ზოგიერთის აზრით, სუბარი-ყაველაშვილი-ხუნდაძის ჯგუფი ზუსტად იმ შავრაზმული შინაარსის მატარებელი გახდება, რასაც „ალტ-ინფო“ აკეთებს პარლამენტს გარეთ. მათი მიზანი იქნება, რომ „ქართულ ოცნებაზე“ უფრო მეტად უნდა "ამხილონ" ევროპა, ყველანაირი თვითცენზურის გარეშე. მეორე ვერსიით, არ გამორიცხავენ, რომ სამეულს სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ, ხელოვნურად შექმნან პოლიტიკური კრიზისი და, საბოლოოდ, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს. რაც მთავარია, ყველა ვერსია ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. ყველა თანხმდება, რომ პროცესის გადალაგება, მით უფრო, თუ ეს პროცესი ვადამდელი არჩევნებისკენ წავა, ბიძინა ივანიშვილის ჩარევის გარეშე წარმოუდგენელია. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რა პოლიტიკური პროცესების საწყისებთან შეიძლება ვიყოთ:

- ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებაში“ გადაჯგუფება დაიწყო, განხეთქილება კი არა, გადაჯგუფება - ახალი რეალობის შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რაც მდინარაძემ და სამმა დეპუტატმა თქვეს, მათ მხოლოდ ერთადერთ საკითხში აქვთ უთანხმოება და ეს უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელთ არსებულ ინფორმაციას, რომელსაც მმართველი გუნდი ვერ ან არ ასაჯაროებს. გუნდიდან გამოყოფილი სამეული ფიქრობს, რომ ეს ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს. ამ მოცემულობის შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს სამეული საკუთარ თავზე აიღებს იმ აგრესიული რიტორიკის გაგრძელებას, რაც ადრე მთელი „ქართული ოცნებისთვის“ იყო დამახასიათებელი. თავად „ქართული ოცნება“ კი გახდება დიპლომატიური, გაცილებით დახვეწილი და კონსტრუქციული. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სწორედ დეპოლარიზაციას უკავშირდება. დეპოლარიზაციას კი, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი. ამიტომ, „ქართული ოცნების“ პარტია და ხელისუფლება ცუდს არაფერს იტყვიან, ხოლო ინფორმაცია, რომელიც დღემდე დამალული იყო, სამეულის პირით გაცხადდება. ამ ეტაპზე ასეთი რეალობაა, ახალი დეტალები პროცესში გამოჩნდება. „ოცნების“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი დღემდე მიიჩნევს, რომ კოჰაბიტაცია შეცდომა იყო. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ თუ „საქმე კარგად წავა“ და ამომრჩევლის ანგარიშგასაწევი ძალა გუნდიდან „განდეგილებს“ დაუჭერს მხარს, სამეულის გარშემო ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს. ეს იქნება „ქართული ოცნების“ რადიკალური ნაწილი. ვერსიას, რომ თითქოს ამ სამმა თავიანთი ინიციატივით მიიღეს გადაწყვეტილება, მე გამოვრიცხავ.

- როგორ გგონიათ, რა უნდა თქვას ამ სამეულმა იმაზე უარესი, რაც უკვე თქვეს, მათ ხომ დასავლეთი დაადანაშაულეს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში?!

- არ ვიცი, ძნელი სათქმელია. მეც ინტერესით ველოდები.

- თქვენი წარმოდგენით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მიიღებს ასეთი თამაშის წესებს?

- მშვენივრად მიიღებს. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ზუსტად ისეთივეა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. რაოდენობრივადაც კი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ორივე გუნდი მიიჩნევს, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას.