M&A-ს შთანთქმების და შერწყმების ბაზარი 2007 წლის შემდეგ, როგორც იქნა, პირველად 2010 წელს გაიზარდა და კონსალტინგური სააგენტო Thomson Reuters-ის მონაცემებით 2,25 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად 6 მილიარდი დოლარის ყიდვა-გაყიდვის გარიგებები ფორმდებოდა. თანაც, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზრდის ტენდენცია 2011 წელსაც გაგრძელდება.
შთანთქმების და შერწყმების მოცულობა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის სიჯანსაღეზე მიუთითებს. თუ M&A-ს ბაზარს მასშტაბურად, 10-15 წლის გადასახედიდან დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ რამდენიმე აღმასვლისა და დაცემის პერიოდი დაფიქსირდა. 21-ე საუკუნეში პიკი 2000 და 2007 წლებში დაფიქსირდა, როცა, ბაზრის მოცულობამ, შესაბამისად, 3,4 და 4,2 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
2008-2009 წლებში გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს M&A-ს ბაზარზე დაღმასვლა მოჰყვა. კერძოდ, 2008 წელს ბაზროს მოცულობამ 2,9 ტრილიონი, 2009 წელს კი 2 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ცხადია, ეს მოსალოდნელი იყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ის კომპანიები, რომლებიც კრიზისმა ვერ გააღატაკა, მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდნენ და გაკოტრებული კონკურენტები ხელთ ჩალის ფასად იგდეს.
როგორც ცნობილია, 2009-2010 წლებში ეკონომიკის სტიმულირებისათვის ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ განახორციელა ე.წ. „იაფი ფულის“ პოლიტიკა, ანუ, საპროცენტო განაკვეთი მინიმუმამდე დასწია. ასე რომ, ვისაც სურს შთანთქმა სესხით განახორციელოს, სწორედ მშვენიერი პერიოდია.
მართალია, M&A-ს ბაზარი ნელი ტემპით გაიზარდა, მაგრამ საერთო სურათისათვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია. თანაც, ყოველივე ეს ძალიან დადებითად აისახება საბანკო სფეროზე, რადგან სწორებ ბანკების მეშვეობით ხორციელდება გარიგებების უდიდესი ნაწილი.
არსებული მონაცემებით, 2010 წელს განვითარებული ქვეყნების ბაზარზე 378 მილიარდი დოლარის მოცულობის გარიგებები განხორციელდა, რაც რეკორდი გახლავთ. სამაგიეროდ, აშშ-სა და ევროპაში ზრდა არცთუ მნიშვნელოვანი იყო. უნდა ითქვას, რომ რეკორდის მიუხედავად, განვითარებადი ქვეყნები მხოლოდ საწყის სტადიაში არიან. პროგნოზების მიხედვით, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სხვა ქვეყნები მომავალ წლებში M&A-ის მოცულობას სულ უფრო გაზრდიან. უპირველეს ყოვლისა, ცხადია, გამოყოფის ღირსია ჩინეთი, რომლის ეკონომიკა საოცარი ტემპებით იზრდება და რომელსაც ასეულობით ტრილიონი გააჩნია მთელი მსოფლიოს მასშტაბით შთანთქმების განსახორციელებლად.
თუ 2010 წლის M&A-ის ბაზარს ცალკეული სექტორების მიხედვით განვიხილავთ, განსაკუთრებული აქტივობა ენერგეტიკულ სფეროში დაფიქსირდა. ამ ბაზარზე სულ 482 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებები დაფიქსიდა. ენერგეტიკულ სექტორს დაახლოებით 100 მილიარდით ჩამორჩა ფინანსური სფერო. ასევე სერიოზული გარიგებები განხორციელდა სატელეკომუნიკაციო და ნედლეულგადამამუშავებელ სფეროში.