მხარდაჭერის რა ახალ პაკეტს მიიღებს საქართველო ნატოს მადრიდის სამიტზე - „უკრაინის ომმა მსოფლიო უსაფრთხოება მთლიანად შეცვალა“

მხარდაჭერის რა ახალ პაკეტს მიიღებს საქართველო ნატოს მადრიდის სამიტზე - „უკრაინის ომმა მსოფლიო უსაფრთხოება მთლიანად შეცვალა“

28-30 ივნისს მადრიდში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც საქართველოს დელეგაციაცაა მიწვეული, სამიტზე ახალ კონცეფციას დაამტკიცებენ, რომელშიც რუსეთი ნახსენები იქნება როგორც ყველაზე სერიოზული და პირდაპირი საფრთხე ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის. ასევე, ალიანსი გეგმავს, გააძლიეროს უკრაინის და რისკის წინაშე მყოფი სხვა პარტნიორების მხარდაჭერა. სამიტზე ახალი პაკეტები იქნება მიღებული საქართველოსთვის და კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის.

ანალიტიკოსთა შეფასებით, საქართველოსთან მიმართებით ალიანსისგან უფრო მეტად გაძლიერებული მხარდაჭერაა მოსალოდნელი, იმაში თუ როგორც გაძლიერდეს ქვეყნის უსაფრთხოება, რუსეთის აგრესიის ფონზე.

ამასთანავე, ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა მთლიანად შეცვალა, რამაც ნატო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, რისთვისაც ალიანსს კონკრეტული გეგმები და ამოცანები აუცილებლად ექნება, რომელიც ახალ კონცეფციაში გამოჩნდება.

ნატოს სამიტზე ესპანეთის დედაქალაქში მიწვეულია საქართველოს დელეგაცია პრემიერ-ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, საქართველოს ხელისუფლება ელოდება, რომ სამიტზე იქნება აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ ნატოში ინტეგრაციის გზაზე განიცადა.

„მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება ჩემი ხელმძღვანელობით. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ნატოს სამიტზე. პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე და ველოდებით რომ იქნება შეფასებული და აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ.

„მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან. მიმაჩნია, რომ ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენ გავხსენით ნატოსთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში და ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა რომ თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა ჩვენი ჯარის. ჩვენ ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს ჯარში აქტიური რეფორმები, ტრანსფორმაციის და რეფორმების პროცესი და ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული და ქვეყანა გავა სამშვიდობოზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე პარტნიორი ქვეყნებისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებენ.მისივე თქმით, პაკეტები მიღებული იქნება საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მოლდოვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის.

„მადრიდის ნატო-ს სამიტში საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის - საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, ნატოსგან უფრო მეტად გაძლიერებული მხარდაჭერაა მოსალოდნელი, ვიდრე აქამდე იყო, მისი თქმით, ალიანსის წევრები ჩამოყალიბდებიან იმაზე, თუ რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მდგომ პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოება რა კონკრეტული ნაბიჯებით უნდა გაძლიერდეს.

„ჩვენ რაც გვინა, ისეთი კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება, მითუმეტეს უკრაინის ომის ფონზე, მაგრამ, სავარაუდოდ საქართველოსთან მიმართებაში რაღაც „აფგრეიდია" მოსალოდნელი, ასევე, ბოსნია ჰერცოგოვინაზე იყოს საუბარი, რომ როგორც პარტნიორ ქვეყნებს უსაფრთხოების გაძლიერებაში დახმარების თვალსაზრისით უფრო კონკრეტიკა იქნება.

„ალბათ ჩამოყალიბდებიან თუ ამ ქვეყნებს როგორ უნდა დაეხმარონ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და რუსეთის უშუალო მეზობელია, ალბათ ამაზე იქნება საუბარი მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორ მოხდება. შესაძლოა დამატებით სამხედრო წვრთნებზეც იყოს საუბარი, ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებაზე.

„თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე თუ ქართული მხარე კიდევ დამატებით რას მოითხოვს. შეიარაღების თვალსაზრისით რაიმეს შესყიდვა თუ იქნება შესაძლებელი. ბევრი სხვა რამ, ორმხრივ მოლაპარაკებებში უფრო ნათლად გამოჩნდება" - განაცხადა კაკაჩიამ.

მისივე თქმით, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე საკითხი ჯერჯერობით დაპაუზებულია და ახლა მათზე გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება.

„რაც შეეხება ფინეთისა და შვედეთის ამბავს, ეს ჯერჯერობით თურქეთის სიტუაციის გამო გაყინულია. დრო სჭირდება და ახლა ეს გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება. ერდოღანი ამ საკითხს ამერიკელებთან სავაჭროდ იყენებს, თან რუსეთსაც უწევს ანგარიშს და ანახებს, რომ შემიძლია რაღაცაში დაგეხმაროო. ამასობაში ორივე მხარესთან ვაჭრობს.

„რაც შეეხება უკრაინას, უკრაინელები ელოდებიან, რომ ნატოს წევრი ქვეყნები შეიარაღების მიწოდებას გაზრდიან და ახალი ტიპის იარაღს მიაწვდიან, რომელიც დღეს ქვეყანას წყალივით სჭირდება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავი დაიცვას და რუსეთზე უკვე სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვოს, რადგან, როგორც ვხედავთ სიტუაცია გართულდა.

„უკრაინელი ლიდერებიც აღნიშნავენ, რომ ქვეყანას სამხედრო თვალსაზრისით რუსეთთან პარიტეტის აღდგენა ძალიან სჭირდება და შეიარაღების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან, ამიტომ ნატოს წევრ ქვეყნებისგან მოსალოდნელია, რომ სამხედრო სახის მხარდაჭერა კიდევ გაზარდონ. ასევე, გაზარდონ მხარდაჭერა ეკონომიკისა და უსაფერთხოების თვალსაზრისით, რადგან უკრაინის საკითხი ნატოს უსაფრთხოების საკითხებსაც ეხება",- განაცხადა კაკაჩიამ.

ამბობს, რომ 28-30 ივნისის სამიტის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ნატო ახალი გამოწვევებისთვის უფრო მეტად შეემზადოს.

„ბოლო სამიტის შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, უკრაინის კონფლიქტმა როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურა მთლიანად შეცვალა, ეს კი ნატოს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, მანამდე ნატოს შეეძლო ტრაფარეტული ჩვეულებრივი პროგრამა გაეკეტთბინა, მაგრამ, ახლა უკვე ამ ომმა ნატო როგორც ორგანიზაცია, გამოაცოცხლა, მიზანი მისცა. ამიტომ კონკრეტული გეგმებიც უნდა ჰქონდეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მსოფლიოს რუსეთმა შეუქმნა.

„იგივე ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებისთვის ყველაფერი უნდა მომზადდეს, რადგან ფინეთის შეერთების შემდეგ, ნატოს რუსეთთან 120 კილომეტრიანი საზღვარი ემატება. ასევე, გარდამავალ პერიოდში ამ ორი ქვეყნის უსაფრეთხოება უზრუნველყოფილ უნდა იქნას. ახლა ნატოს პუტინის პოლიტიკის გამო ის ფუნქცია აქვს, როგორიც ცივი ომის ჰქონდა.

„თავად ნატოს წევრ სახელქმიფოებშიც მიდის უკვე რეფორმები, გერმანია უკვე მზადაა, რომ გადაიარაღებისთვის ახალი უზარმაზარი თანხები გამოყოს.

„ნატოს ხედვას უკვე მთლიანად კონცეპტუალური განახლება სჭირდება, რადგან აქამდე თუ მაინც არიდებდნენ თავს და რუსეთს კონკრეტულ მოწინააღდეგედ არ წერდნენ, ახლა უკვე ახალ დოკუმენტებში შეიძლება ჩაიწეროს, რომ რუსეთი ნატოსთვის და საერთაშორისო წესრიგისთვის უკვე საფრთხეა.

„ამიტომ ეს ყველაფერი გასაახლებელია, როგორც კონცეპტუალურ დონეზე, ასევე ნატოს მხრიდან შექმნნილი რეალობიდან გამომდინარე, რაღაც ახალი მიდგომების შემუშავებაა საჭირო. ლიეტუვასა და რუსეთს შორის სიტუაცია ისე იძაბება, რომ ეს ყველა სცენარი დამუშავებული უნდა იყოს და ნატომ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ თუ რომელიმე წევრს სახელმწიფოზე გამოყენებული იქნება მუქარა, ან შეიჭრებიან, ალიანსი პასუხისთვის მზადაა.

„ეს ყველაფერი არის ნაწილი სამიტზე განსახილველი საკითხებისა, ამის გარდა კიდევ სხვა საკითხებია, რომლებიც წევრი სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება",- განაცხადა კაკაჩიამ.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ესპანურ გამოცემა „ელ პაისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ახლა დღის წესრიგში არ დგას.

კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა ალიანსმა უკრაინისთვის კარი ღია საშუალოვადიან პერიოდში, შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების შემდეგ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ახლა წამოწეული არ არის.

„მინდა, ნათლად განვაცხადო: თუ ვინმე ფიქრობს, რომ გაწევრიანების საკითხი იყო რუსეთის უკანონო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინაში, მაშინ ეს ასე არ არის. ეს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია. მაგიდაზე არასდროს ყოფილა, არც ახლაა", - აღნიშნა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგნა „პოლიტიკოსთან" დეტალურად ისაუბრა მადრიდის სამიტზე მოსალოდნელ; გადაწყვეტილებებზე.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელი გზისთვის. მე ვერ გეტყვით ზუსტად, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი. თუმცა მე ვეუბნები ნატო-ს დედაქალაქებში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, არსებითი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

„ჩვენ შევათანხმებთ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას ნატო-სთვის, რომლითაც ნატო იხელმძღვანელებს რადიკალურად შეცვლილ უსაფრთხოების გარემოში. მე ველოდები, რომ 2022 წლის კონცეფციაში რუსეთი ნახსენები იქნება როგორც ყველაზე სერიოზული და პირდაპირი საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის... ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის და რისკის წინაშე მყოფი სხვა პარტნიორების მხარდაჭერას. მოხარული ვარ, რომ სამიტზე სიტყვით გამოვა პრეზიდენტი ზელენსკი. უკრაინა კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება და სასწრაფოდ საჭიროა ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ფინეთისა და შევედეთის გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების ტაობაზე ისტორიული მოვლენა უწოდა და აღნ იშნა, რომ ეს დადებითის მომტანია, როგორც ქვეყნების, ასევე ალიანსისთვის. სტოლტენბერგი დასძენს, რომ ქვეყნები თურქეთთან გარკვეული საკითხების მოვარებას და შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.