“იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, სხვა პირობების შესრულებასთან ერთად, საქართველოს წლის ბოლომდე დეოლიგარქიზაციაც მოეთხოვება. მმართველ გუნდში აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზად შესაბამისი კანონის მიღება მიაჩნიათ. კონსტიუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “რეზონანსთან” მომავალი კანონის სავარაუდო შინაარსზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანონი აუცილებლად ყველა მთავარი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერით უნდა იქნას მიღებული. ევროკავშირი ქვეყნის განვითარების აუცილებელ პირობად მიიჩნევს - ოლიგარქების დამაზიანებელი პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ზეგავლენების შეზღუდვას. კანონი დეოლიგარქიზაციასთან დაკაშირებით უკვე არსებობს უკრაინაში. აღნიშნული კანონის მიღებაზე საუბრობენ “ქართულ ოცნებაშიც”. მათი თქმით, არ არის გამორიცხული მასზე მუშაობისას ზოგიერთი რამ უკრაინაში მოქმედი ანალოგიური კანონიდან გადმოიღონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დეოლიგარქიზაცია - რას წერია უკრაინის შესაბამის კანონში და როგორი კანონის მიღება სურს “ოცნებას” საქართველოში.
“დეოლიგარქიასთან დაკავშირებით, უკრაინაში მოქმედი კანონის სრული სახელწოდებაა - კანონი “ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების აღმოფხვრის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადაჭარბებულ ზეგავლენასთან”. კანონის თანახმად, ამა თუ იმ პირის ოლიგარქად აღიარება ევალება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის, უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკის, ან ანტიმონოპოლიური სამსახურის წარდგინებით. ამასთან, იმისათვის, რომ ესა თუ ის პირი ოლიგარქად იქნეს აღიარებული, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი 4-დან მინიმუმ 3 კრიტერიუმს: 1. მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში; 2. მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; 3. არის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი ბიზნესსუბიექტისა, რომელსაც კანონის ამოქმედების დროისთვის არის ბაზრის მონოპოლისტი, ანდა უჭირავს მონოპოლიური მდგომარეობა და ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ მდგომარეობას; 4. ამ პირის (და მისი ბიზნესსუბიექტების აქტივების) დადასტურებული ღირებულება აღემატება 1 მილიონ საარსებო მინიმუმს, რომელიც დადგენილია შრომისუნარიანი ადამიანებისთვის შესაბამისი წლის 1 იანვრისთვის (უკრაინაში 2021 წელს ეს მაჩვენებელი - 2.27 მილიარდ გრივნას შეადგენდა - დაახლოებით 85 მლნ აშშ დოლარი). კანონის მოქმედების არეალი მხოლოდ უკრაინით რომ არ შემოიფარგლოს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასცა დავალება შემუშავდეს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციის მექანიზმი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რას აპირებს “ოცნება”? საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ქართული ოცნებაში” დეოლიგარქიზაციის კანონზე აპირებენ მუშაობას. მისი თქმით, კანონი იქნება ზოგადი, შექმნის კონკრეტულ ჩარჩოებს და კრიტერიუმებს და ვინც ჩაჯდება ამ ჩარჩოებში, იმას შეეხება. “დეოლიგარქიზაცია არის ძალიან ზოგადი ტერმინი... ამ კანონზე გვიწერია მოთხოვნებში, ვიმუშავებთ და ვის შეეხება და ვის არა, ვნახავთ. კანონში ერთი ადამიანის სახელი და გვარი არ იწერება”, - განაცხადა დავითულიანმა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ შესაძლოა კანონზე მუშაობისას უკრაინის გამოცდილება გაითვალისწინონ. ამასთან, იგი კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასთან დაკაშირებით, რადგან, მისი თქმით, იგი შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“უკრაინაში მოქმედებს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. შეგვიძლია, ეს კანონი საქართველოში პირდაპირ დავაკოპიროთ და ვნახავთ, რომ ამ კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერაფრით ჩაითვლება ოლიგარქად, მაგრამ ჩაითვლებიან კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ან დავაკოპიროთ, ან უკრაინულ ენაზეც დავამტკიცოთ - ეს ნახევრად ხუმრობით. ის, რომ უკრაინული კანონის მიხედვით ივანიშვილი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად და ჩაითვლება კეზერაშვილი და ხაზარაძე, ამას აქვს მიზეზი. კერძოდ, უკრაინულ კანონში ოთხი მიზეზია ჩამოთვლილი, რომლის მიხედვით, ადამიანი ოლიგარქად ითვლება - ეს არის ის, რომ 85 მილიონ დოლარზე მეტი ქონება უნდა ჰქონდეს, მედიაზე გავლენა, ასევე პოლიტიკაზე გავლენა და ბიზნესში უნდა ჰქონდეს დომინირებული მდგომარეობა. პირი ოთხიდან სამს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კრიტერიუმებს რომ გავყვეთ, ერთადერთი ოთხიდან, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკმაყოფილებს, 85 მილიონ დოლარზე მეტი ქონებაა. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის ოთხიდან სამს აკმაყოფილებს, ხაზარაძე - ოთხიდან სამს”, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, “თუნდაც ერთი მტკიცებულება მოიტანონ იმის, რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე გავლენა აქვს პოლიტიკაზე ან მედიაზე”, - დასძენს გამოცემა.
“დეოლიგარქიზაცია ნიშნავს იმას, რომ ოლიგარქის გავლენით შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურები უნდა შემოწმდეს და მოხდეს მათი გათავისუფლება. ოლიგარქი არის ადმიანი, რომელიც ფლობს დიდ ფინანსურ რესურსს, ახდენს გავლენას სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე და მონაწილეობს სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში. კანონი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით არ არის კონსტიტუციური და ვერ იქნება ვერც ორგანული. ეს არის ჩვეულებრივი კანონი, მაგრამ სულაც არ ითხოვს კანონის მიღებას ევროკომისია. უბრალოდ, გადაწყვიტეს “ქართულ ოცნებაში”, რომ თუ გვინდა განვახორციელოთ დეოლიგარქიზაცია, უნდა გვქონდეს ამის სამართლებრივი საფუძველი, ეს არის გასაგები და სწორი პოზიცია. დეოლიგარქიზაცია უფრო მეტად პოლიტიკური პროცესია, ვიდრე სამართლებრივი, მაგრამ არაფერი დაშავდება კანონის არსებობით. ერთადერთი, რაც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი, ეს კანონი უნდა მიიღონ კონსენსუსით, ანუ ოპოზიციის თანხმობით. თუ ის მიიღება მხოლოდ უმრავლესობის მხარდაჭერით, დიდია რისკი, რომ იქ გაწერილი იყოს ისეთი ნორმები, როგორიც აწყობს მხოლოდ მმართველ გუნდს. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ „ოცნებაში" უკვე საუბრობენ მიხეილ სააკაშვილისა და ჯაფარიძე-ხაზარაძის ოლიგარქობაზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.