2007 წლიდან დღემდე სასურსათო საქონელზე ფასები 3-ჯერაა გაზრდილი, რამაც შინამეურნეობების სასურსათო ხარჯებიც საგრძნობლად გაზარდა და სამომხმარებლო ხარჯებში მისმა წილმა 2020 წელს 47%-ს მიაღწია. ამას ადასტურებს პირველადი მოხმარების საქონლის ბაზრის კვლევა. საბოლოოდ კი, დგინდება, რომ დღესდღეობით შინამეურნეობის ხარჯების 43.7% სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე მოდის, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
„შინამეურნეობების ხარჯების ზრდა განპირობებულია სასურსათო საქონელზე ფასების მაღალი ზრდით. 2007 წლიდან დღემდე ფასები სასურსათო საქონელზე დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი.
ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 20%-ზე მეტად არ უნდა გაზრდილიყო 2015 წლიდან დღემდე. თუმცა, ფასები მკვეთრად გაზრდილია როგორც სურსათზე, ასევე სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე“, - წერია კვლევაში.
ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე მკვეთრად გაზრდილი ფასები ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და განკარგვად შემოსავლებს სხვა ტიპის საქონელსა თუ მომსახურებაზე.
„ფასების ზრდაზე დიდი გავლენა აქვს მთავრობის მიერ დაწესებულ გადასახადებს როგორც ნავთობპროდუქტებზე, ასევე თამბაქოზე და ალკოჰოლზე. თამბაქოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე გაწეულ დანახარჯებზე მთლიანი დანახარჯების საშუალოდ 10% და 4% მოდის. ხოლო საწვავი მნიშვნელოვანი შუალედური საქონელია მიწოდების ჯაჭვში“, - აღნიშნულია „საზოგადოებისა და ბანკების“ მიმოხილვაში.
კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დღეისთვის მთავარი პრობლემები არის გაცვლითი კურსი, მაღალი ინფლაცია და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები.
„სამწუხაროდ, როგორც ღარიბ ქვეყნებს ახასიათებს, ჩვენი დანახარჯის ნახევარი სურსათზე და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე მოდის. შესაბამისად, რითეილ სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, თუ როგორ მიმდინარეობს ფასწარმოქმნა ამ სექტორში.
გამოიკვეთა გარკვეული გამოწვევები, რაც ინფლაციას, ლარის კურსს ეხება, რომელიც ძირითადად პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასებზე მოქმედებს. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა გეოპოლიტიკური სიტუაცია. მოგეხსენებათ, რუსეთის აგრესიის შედეგად გარკვეული მიწოდების ჯაჭვების რღვევაა მოსალოდნელი, რისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც სექტორის აქტიური მუშაობა, ასევე მთავრობის ჩართულობა“, - განაცხადა ეკონომისტმა გიორგი კეპულაძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის 2021 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, რაც 43.7%-ს შეადგენს. დადასტურებულია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავალი არ რჩება ჯანმრთელობის დაცვისთვის, დასვენებისთვის, განათლებისთვის და ა.შ. შემოსავლის ნაწილის გადადება ქართველი ხალხის უმეტესობისთვის თითქმის წარმოუდგენელია, რაც გაძვირებული ცხოვრების პირობებში სულ უფრო რთულად მისაღწევია.
დღევანდელ პირობებში, როდესაც ცხოვრება ძვირდება და ინფლაცია ძალიან მაღალია, მოსახლეობის ნაწილს ელემანტარულით დაკმაყოფილებაც კი უჭირს. ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას ინფორმაციით, საშუალოდ მომხმარებლის მთლიანი დანახარჯების 1/3 მოდის სურსათზე.
„ადამიანი, პირველ რიგში, შემოსავალს ხარჯავს პირველადი მოხმარების საქონელზე და შემდეგ - სხვაზე. „საქსტატის“ კვლევის შედეგებიც ასეთია, რომ მომხმარებლის მთლიანი დანახარჯების 1/3 მოდის სურსათზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბალი შემოსავლები გვაქვს და მისი მესამედი სურსათს ხმარდება. შემდეგ არის მედიკამენტები და ცხადია, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ რჩება იმის ფული, რომ დასვენებასა და კულტურულ ღონისძიებებზე დახარჯოს უფრო მეტი. ერთი მხრივ, ეს დაბალი სოციალური მდგომარეობის შედეგია და, მეორე მხრივ, ეკონომიკასაც აკლდება.
მოსახლეობა მთავარ გაძვირებასა და ინფლაციურ წნეხს სურსათისგან ხედავს. ის, რომ საშუალო ხელფასი 1300 ლარამდეა, არ ნიშნავს იმას, რომ უმეტესობას შემოსავალი 1000 ლარი აქვს. გაძვირებული ცხოვრება და მაღალი ინფლაციური მაჩვენებელი მსყიდველუნარიანობაზე კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს, რაც მოსახლეობის ჯიბეზე პირდაპირ აისახება“, - აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.