ტექდათვალიერების გაუვლელობაზე დიდი და ხშირი ჯარიმები დაწესდება

ტექდათვალიერების გაუვლელობაზე დიდი და ხშირი ჯარიმები დაწესდება

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა 23%-ით არის შემცირებული. ავტომფლობელები უკვე მუდმივად არიდებენ თავს სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას. მიზეზი ჯარიმის ოდენობა და ვადაა, რომელიც მალე შეიცვლება. სანქციები 2023 წლიდან გამკაცრდება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილები წარადგინა, რაც ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმის გამკაცრებას ითვალისწინებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, ჯარიმა კანონის მხოლოდ განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გამკაცრდება. დღესდღეობით პირველ და განმეორებით შემთხვევებშიც ჯარიმა ტექნისპექტირების გაუვლელობისთვის 50 ლარია.

„შეხვედრაზე საკანონმდებლო პაკეტის კონცეფცია წარვადგინეთ, რაც ეხება ტექინსპექტირების გავლის ახლებურ რეგულირებულებას. შევჯერდით რომ ტექინსპექტირების პირველადი ჯარიმა არ გაიზრდება, მაგრამ განმეორებითობის ელემენტი შემოვა, რაც ამ სისტემას უფრო ეფექტიანს გახდის.

აღნიშნული კანონის ინიცირებას მიმდინარე წელს ვგემვათ. სამუშაო ჯგუფს ეს კონცეფცია გავუზიარეთ და მომდევნო კვირებში მათგან მოსაზრებების წარმოდგენას ველოდებით. ამ ეტაპზე თანხის ზუსტად თქმა არ შემიძლია, რადგან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ პირველადი ჯარიმა არ გაიზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმის საგრძნობი ზრდა მოხდება“, - განაცხადა ბითაძემ.

დაჯარიმებების ზრდის მიუხედავად, ტექინსპექტირების ცენტრები აცხადებენ, რომ 2022 წელს მომართვიანობა შემცირებულია. ტექინსპექტირების ცენტრ „ავტოტესტის“ დირექტორი ვაჟა იორდანიშვილი აცხადებს, რომ პირველ კვარტალში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით მიმართვიანობა, დაახლოებით, 15%-ით არის შემცირებული.

„2019 წლის მონაცემებით, 788 ათასმა ავტომობილმა გაიარა ინსპექტირება, 2020 წელი პანდემიის დასაწყისი იყო და კლება იქნებოდა ბუნებრივად, ამიტომ 500 ათასმა გაიარა ტექინსპექტირება, თუმცა 2021 წელს 750 ათასმა გაიარა ინსპექტირება. პარადოქსულია სიტუაცია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალაში 35 ათასი სატრანსპორტო საშუალება არ მივიდა ტექინსპექტირებაზე, რაც 15%-იანი კლებაა 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, არადა დაჯარიმებები გაორმაგებულია. აქედან დასკვნა არის ის, რომ მძღოლებს ურჩევნიათ დაჯარიმდნენ, ვიდრე გაიარონ ტექინსპექტირება“, - განუცხადა იორდანიშვილმა „ბიზნეს მედიას“.

დღეს მძღოლები ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის 50 ლარით ჯარიმდებიან, როცა თავად ტექნიკური დათვალიერების გავლა 60 ლარი ღირს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ავტომფლობელებს ურჩევნიათ ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე მანქანა მოაწესრიგონ და ტექნიკური დათვალიერება გაიარონ, რაც ბევრად ძვირი უჯდებათ.

სწორედ ამიტომ გადაწყა, რომ ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა გამკაცრდეს. პარლამენტში მისი ინიცირება რამდენიმე კვირაში იგეგმება, განხილვა კი, შემოდგომაზე დაიწყება.

კანონპროექტის მიხედვით, პერიოდული ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ფიზიკური პირი ისევ 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი - 200 ლარით. ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში, თუ აღნიშნული კანონდარღვევა ისევ დაფიქსირდება, ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 150 ლარით განისაზღვრება, იურიდიული პირი კი, 300 ლარით დაჯარიმდება. მეორედ ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში, კანონდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის კი, 500 ლარის ოდენობით.

თუ ავტომფლობელი მესამედ დაჯარიმდება და ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება ისევ არ შესრულდება, 300 და 500-ლარიანი ჯარიმა გასამმაგდება.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის შეფასებით, მოქმედი კანონმდებლობით, ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა იმდენად დაბალია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს ურჩევნიათ ჯარიმის გადახდა, ვიდრე ავტომობილის შეკეთება. ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობის გასაზრდელად, ჯარიმების გამკაცრებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ადმინისტრირების გაუმჯობესებაც.

„არსებული სტატისტიკური მონაცემები ტოვებს განცდას, რომ ადმინისტრირება უნდა გაუმჯობესდეს. კანონპროექტი გვეუბნება, რომ ჯარიმის გამკაცრება ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობის გაზრდის მოლოდინს ქმნის. ჯარიმა, რა თქმა უნდა, იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამის ადმინისტრირება. ვიცით, რომ ახლა ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა 23%-ით არის შემცირებული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

კანონპროექტი ძალაში რომ შევა, ანუ შემდეგი წლიდან უკვე დავინახავთ, რამდენად მუშაობს კამერები და გაიზრდება თუ არა ცენტრებში მიმართვიანობა. დღეს მაინც გვაქვს იმის განცდა, რომ მეტი კამერა უნდა მუშაობდეს და ადმინისტრირებაც უფრო მკაფიო იყოს“, - განაცხადა ლალიაშვილმა.