ვის გამო არ გამოდის ხალხი ქუჩაში და რატომ დაუპირისპირდა თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას

ვის გამო არ გამოდის ხალხი ქუჩაში და რატომ დაუპირისპირდა თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას

 პარტიის „კანონი და სამართალი" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის აქციების შეწყვეტაში ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მან „ხელოვნურად გააჩერა პროცესი". ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" განმარტავს, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ სურს ენმ-ის გვერდით დგომა და ამას ყველა უნდა შეეგუოს. მისივე თქმით, იმდენად ცხადია ენმ-ის რეიტინგის ვარდნა, რომ არ საჭიროვებს ღრმა ანალიზს.

პარტიის „კანონი და სამართლი" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ჯორჯიან თაიმსის" ეთერში განაცხადა, რომ ნიკა მელიამ ხელოვნურად გააჩერა პროცესი და ამაზე ცუდს ის ვერაფერს გაკეთებდა.

„რაც თქვენ თქვით, რომ ხალხი არ გამოდის, პირდაპირ ვადებ ხელს, ხელოვნურად გააჩერა პროცესი „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ. რატომ გეშინიათ ამის თქმა არ მესმის. დააძინა კაცმა პროცესი. რატომ დააძინა, თქვენ თვითონ იფიქრეთ. ზოგი რას იფიქრებს, ზოგი - რას.

„მე არ მიყვარს ხელოვნური ბრალდებები. არ მაინტერესებს ნებსით თუ უნებლიედ, შედეგი მოიტანა კატასტროფული. ამაზე ცუდი არ შეიძლებოდა პროცესისთვის გაეკეთებინა, ვიდრე ნიკამ გააკეთა. თუ ეს მოუვიდა იმით, რომ ვერ არის ლიდერი, არც ეს არ არის შვება," - განაცხადა ჩარკვიანმა.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, ენმ-ემ ვერ მიაღწია შედეგს მათთვის მნიშვნელოვან ვერცერთ საკითხზე, რაც ნათლად გამოხატავს იმას, რომ ხალხს არ სურს დგომა მათ გვერდით.

„არ მგონია, რომ ან თაკო ჩარკვიანი იყოს იმ წონის პოლიტიკოსი, რომლის განცხადებებიც საჭიროებს ღრმა ანალიზს, ან „ნაციონალური მოძრაობის" მდგომარეობა საჭიროებდეს დეტალებში ჩასვლას. ფაქტია, რომ ვერცერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის სააკაშვილის პატიმრობის საქმეზე, ვერ მოახერხეს ხალხის შეგროვება. არ უნდა ამ საზოგადოების დიდ ნაწილს ენმ-ის გვერდით დგომა. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და დანარჩენს ყველაფერს ეშველება.

„რაც შეეხება ნიკა მელიას რეიტინგს ენმ-ის მხარდამჭერებში, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, ასე ღრმად არ ვარ ჩახედული მათ შიდა სამზარეულოში. თანაც მეეჭვება თაკო ჩარკვიანის ამ კრიტიკულ შეფასებებს რაიმე შედეგი მოჰყვეს", - გამაცხადა საყვარელიძემ.