"დასავლეთთან ეკონომიკურ ომში რუსეთი ჯერჯერობით მოგებული რჩება, ვლადიმერ პუტინი კი უკრაინიდან ჯარის გაყვანას არ ფიქრობს" - Guardian

"დასავლეთთან ეკონომიკურ ომში რუსეთი ჯერჯერობით მოგებული რჩება, ვლადიმერ პუტინი კი უკრაინიდან ჯარის გაყვანას არ ფიქრობს", - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი, გაზეთის ეკონომიკური რედაქტორი ლარი ელიოტი.

მიმომხილველის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გამოცხადების შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ "ეკონომიკური ომი გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს და სანქციების საქმე ნამდვილად ცუდად არის".

"2022 წლის პირველი ოთხი თვის შედეგებით, ვლადიმერ პუტინს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ მას მიმდინარე ოპერაციებში დადებითი სალდო აქვს 96 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც სამჯერ და მეტად აღემატება 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. დასავლეთი იმდენად დაყოვნებით მოქმედებს რუსული ენერგომატარებლების უარსაყოფად, რომ ამით მოსკოვს ფინანსური კრიზისისადმი თავის არიდება უადვილდება. რუსული რუბლის კურსი, მთავრობის ძალისხმევით, განმტკიცდა. გარდა ამისა, რუსეთმა მეტ-ნაკლები წარმატებით გამონახა იმის ალტერნატიული შესაძლებლობა, რომ დასავლური სათადარიგო და მაკომპლექტებელი ნაწილები სხვა ქვეყნებიდან ჩაენაცვლებინა, სანქციების გვერდის ავლით", - აღნიშნულია სტატიაში.

ლარი ელიოტის შეფასებით, რუსეთი არ განიცდის სირთულეებს თავისი პროდუქციის გაყიდვაში, მოსკოვმა უკვე მონახა ახალი მსხვილი კლიენტები ინდოეთისა და ჩინეთის სახით. ავტორის დასკვნით, მთლიანობაში, სანქციებმა, შეიძლება ითქვას, დადებითი ეფექტი გამოიწვია: რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასები გაიზარდა, რუსეთის ხაზინაში დიდი რაოდენობით ფული შევიდა, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს სავაჭრო ბალანსს და ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დაფინანსებას.

რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სანქციები რუსეთისათვის სიხარულის მომგვრელია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, წლის ბოლოსთვის, როცა რუსეთს დასავლური პროდუქციისა და მარაგნაწილების რეზერვი ამოეწურება, მისი ეკონომიკა 8,5%-ით დაეცემა.

რუსეთის მდგომარეობის ფონზე, ავტორი წერს, რომ დიდ ბრიტანეთში [რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა ანტირუსული სანქციების შემოღების მხრივ], სიტუაცია უარესდება - ინფლაციის დონე მატულობს და უკვე 9%-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღალია ბოლო 40 წლის განმავლობაში. ბენზინის ფასიც რეკორდულად იზრდება. სხვადასხვა პროგნოზით, შემოდგომისთვის ნავთობის მინიმალური ფასი 700-800 გირვანქა სტერლინგს მიაღწევს. მართალია, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, მუშაობს მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების პაკეტების შესამუშავებლად (უკვე გამოქვეყნდა მესამე პაკეტის მოცულობა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში), მაგრამ ის არასაკმარისია და მეტის გაკეთებაა საჭირო.

ევროპის სხვა ქვეყნებიც მსგავს პრობლემებს აწყდებიან და თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი რუსულ ნავთობსა და გაზზე უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი, ვიდრე - დიდი ბრიტანეთი, მათი მდგომარეობა უფრო მძიმე იქნება.

ავტორი, აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს მსოფლიოს რიგ ქვეყნებში შიმშილის დაწყების შესაძლებლობაზეც - ხორბლით მათი უზრუნველყოფის საკითხი კრიზისულია, უკრაინიდან და რუსეთიდან, რომლებიც ხორბლით აფრიკისა და აზიის ქვეყნების ძირითადი მიმწოდებლები არიან, ბლოკადისა და სანქციების გამო, მარცვლეულის ექსპორტი ვერ ხერხდება.

ლარი ელიოტი, ასევე, წერს, რომ იმ დროს, როცა სანქციები სასურველ ეფექტს არ იძლევა, ერთადერთი იმედი იმ მიზნით, რომ როგორმე ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა მოხდეს, უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაა. იქნებ თანამედროვე მძლავრმა სამხედრო ტექნიკამ აიძულოს კრემლი იმ ნაბიჯზე, რაც ენერგეტიკულმა სანქციებმა ვერ შეძლო - გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან.

"კარგი იქნებოდა, რომ ვლადიმერ პუტინი სრულად დამარცხებულიყო ბრძოლის ველზე და ომი ასე დასრულებულიყო, თუმცა დღეს ამაზე ფიქრი საფუძველს არის მოკლებული. თუ კრემლზე არც იარაღის უკრაინისათვის მიწოდება არ იმოქმედებს, მაშინ რჩება მოლაპარაკების ვარიანტი", - აღნიშნავს ავტორი და იქვე მიუთითებს - ომის გაჭიანურება სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების დონის დაქვეითებას, შიმშილს და სასურსათო ბუნტს გამოიწვევს.

"რუსეთის არმიას ბევრი სიმხეცე აქვს ჩადენილი და, ალბათ, კრემლთან კომპრომისის დაშვება და "მისი გადაყლაპვა" ძნელი იქნება, მაგრამ ეკონომიკური რეალობა ერთს გვკარნახობს: ადრე თუ გვიან [დასავლეთისა და რუსეთის] გარიგება განხორციელდება", - ასეთი დასკვნაა გაკეთებული სტატიაში.