მოგცემთ ამერიკულ რაკეტებს, ოღონდ რუსულ ქალაქებს... არ ესროლოთ!

მოგცემთ ამერიკულ რაკეტებს, ოღონდ რუსულ ქალაქებს... არ ესროლოთ!

ამერიკულ-უკრაინულ სამთავრობო კულუარული მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთგვარ საჯილდაო ქვად იქცა ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი - პენტაგონმა უკრაინის არმიას გადასცეს თუ არა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "ჰიმარსი", შორსმსროლელი რაკეტებით...

უკრაინის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე ღია ტექსტით ეხვეწებიან თეთრ სახლს, რომ აშშ-მა რაც შეიძლება მალე გადასცეს უკრაინის არმიას ის "ჰიმარსები", რომლებსაც ზალპად გაშვებული შორსმსროლელი რაკეტებით ეფექტიანად შეუძლიათ რუსული ურიცხვი საარტილერიო დანადგარების "ჩაჩუმება" დონბასის ფრონტის ხაზზე.

უკრაინის არმია ისედაც იყენებს საბჭოთა დროიდან დარჩენილი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს - "გრადს", "ურაგანსა" და "სმერჩს", რომელსაც ბოლო დღეებში ჩეხეთის მიერ ნაჩუქარი "რმ-70"-ებიც შეემატა და ამერიკული "ჰიმარსების" საბრძოლო გამოყენების ნიუანსებში გარკვევა დიდად არ გაუჭირდება, მაგრამ აქ ძაღლის თავი სულ სხვაგანაა ჩამარხული...

საქმე ისაა, რომ ამერიკული "ჰიმარსი" უნივერსალური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემაა და, თავის თავში, ფაქტობრივად, აერთიანებს საბჭოთადროინდელი "გრადის", "ურაგანის", "სმერჩის", თვით "ტოჩკა-უ"-სა და "ისკანდერის" საბრძოლო შესაძლებლობებს, რადგან სხვადასხვა კალიბრის, მათ შორის - მართვადი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების, რაკეტის გაშვება შეუძლია სხვადასხვა მანძილზე - ამისთვის შეჯავშნულ, მაღალი გამავლობის სამხიდიან მანქანაზე დამონტაჟებული სარაკეტო პაკეტი იცვლება მხოლოდ (დაახლოებით, ასევე ხდება ქართული არმიის ზალპური "ლარ-160"-ის ტრანსფორმირება "გრად-ლარად")...

პუტინზე საშინლად გაბრაზებული ბაიდენი ზელენსკისთვის, "სტინგერებისა" და "ჯაველინების" შემდეგ, რა თქმა უნდა, არც "ჰიმარსების" მიცემას დაინანებს, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ერიდება ამ ომის კიდევ უფრო ესკალაციას, თუკი ამერიკელების ნაჩუქარი "ჰიმარსებიდან", თავიანთი ქალაქების რუსული არტილერიით განადგურების სანაცვლოდ გამწარებული უკრაინელები, რუსულ ქალაქებს შურისმაძიებელ სარაკეტო დარტყმებს მიაყენებენ...

„ჰიმარსი“ 300 კმ-ზე მფრენი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტის სტარტს ახორციელებს - სწორედ ამას უფრთხიან რუსი გენერლები...

არადა, "ჰიმარსებიდან" შეიძლება 300 კმ ფრენის სიშორის მქონე მართვადი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების სტარტიც, რომლებიც დიდი სიზუსტით გამოირჩევიან და უკრაინელებმა ისინი შეიძლება რუსი გენერლებით სავსე სამეთაურო პუნქტების გასანადგურებლადაც გამოიყენონ, რაც კრემლს ბევრად უფრო გააცოფებს, ვიდრე - რომელიმე რუსული ქალაქის დაბომბვა...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ კრემლი აფრთხილებს დასავლეთს, არ გადასცენ შორსმსროლელი საარტილერიო საშუალებები უკრაინის არმიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი კარდინალურ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამსო...

მართლაც, აბსურდის თეატრია - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს აბსოლუტურად ყველა სახისა და ტიპის შეიარაღებას, მასობრივი განადგურების იარაღის გარდა, მაგრამ, ამასთანავე, კატეგორიულად მოითხოვს - მე გესვრით, მაგრამ თქვენ არ გაბედოთ ჩემთვის ბალისტიკური რაკეტის სროლაო...

უკრაინა-ამერიკის კულუარულ მოლაპარაკებებში კი იკარგება ასე მნიშვნელოვანი დღეები - სევეროდონეცკთან და ლისიჩანსკთან მიმდინარე გააფთრებულ ბრძოლებში, რომელშიც ოპერატიულ ინიციატივას რუსი ოკუპანტები ფლობენ, მათ შორის - არტილერიის ფართოდ გამოყენების ხარჯზეც, უკრაინელ არტილერისტებს ჰაერივით სჭირდებათ ამერიკული "ჰიმარსები" კონტრსაბატარეო ზუსტი ცეცხლით რუსული არტილერიის "ჩასაჩუმებლად"...

პ.ს. სანამ უკრაინა-აშშ-ს ბოლომდე ვერ გაურკვევიათ "ჰიმარსების" გადაცემის დეტალები, პოლონეთმა სენსაციური სამხედრო შეკვეთის სურვილი გაახმოვანა - ვარშავა მზადაა შეიძინოს...500 "ჰიმარსი", რაც თითქმის 3 მლრდ დოლარის ღირებულებისაა! ამდენი "ჰიმარსით", მით უმეტეს - 300-500 კმ სიშორეზე მოქმედი რაკეტებით აღჭურვილ პოლონეთის არმიას რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიას წარმატებით მოგერიების დიდი შესაძლებლობები მიეცემა...