„ვიცი ის დასკვნები და შეფასებები, რომელსაც ევროკავშირი აკეთებდა და საქართველოს რამდენად მაღალი შეფასებები ჰქონდა, ამ ყველაფრის ფონზე, ლოგიკურია მოლოდინი, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“

„ვიცი ის დასკვნები და შეფასებები, რომელსაც ევროკავშირი აკეთებდა და საქართველოს რამდენად მაღალი შეფასებები ჰქონდა, ამ ყველაფრის ფონზე, ლოგიკურია მოლოდინი, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“

„ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ. ოპოზიციიდნ ვის არ სურს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ამას უმრავლესობაში ჯერ არ ასაჯაროვებენ.

რატომ ცდილობს პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი საქართველოს ხელი შეუშალოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში, ვინ დგას ამის უკან და მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს? for.ge-ს ამ კითხვებს უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი პასუხობს.

ოპოზიციის ნაწილი ბრიუსელში იმყოფებოდა, მათი ვიზიტი მმართველ გუნდში შეაფასეს ისე, რომ ისინი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს უშლიან. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ოპოზიციამ რა შეხვედრები გამართა და ის ოპოზიციონრები, რომლებიც ირაკლი კობახიძემ არ დაასახელა, ვინ არიან?

- ევროკავშირის კითხვარი შევავსეთ და გადავაგზავნეთ, ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმას, ოპოზიციის მხრიდან თუ რა ტიპის პოზიციები ფიქსირდება, თუმცა მათი მხრიდან არ გაგვკვირვებია დამაზიანებელი პოზიციების დაფიქსირება. ასე მოხდა ასოცირების ეტაპზეც. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ქვეყანას ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში. მათი მთავარი ამოცანაა რევანში, ძალაუფლების ხელში ჩაგდება, საქართველოს ომში ჩათრევა და მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა. მთელი რიგი ჩამონათვალია, რომ საქართველომ უარი მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე.

ცნობილი ფაქტია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში პრემიერ-მინისტრი არ უყვართ. როგორ ფიქრობთ, სპეციალურად დაამთხვიეს საკუთარი ვიზიტი ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში გამგზავრებას?

- ის ფაქტი, რომ პარალელურ რეჟიმში მოხდა ვიზიტი, ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. როდესაც ნატოს ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოვიდის გამო სტოლტენბერგი ვერ შეხვდებოდა პრემიერს, ამას ოპოზიციის მხრიდან მყისიერად ზარზეიმი მოჰყვა. მათი ჟრიამული მალევე დასრულდა, როდესაც სტოლტენბერგმა პირად რეზიდენციაში მიიღო ირაკლი ღარიბაშვილი და საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ევროკაშირთან ერთად ნატო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ასეთ მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს, ვნახეთ, როგორი „მხიარულობა“ ჰქონდათ. ესეც ერთ-ერთი გულდასაწყვეტი მომენტია და ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ქართველი ხალხის გვერდით არაა, პირიქით - სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს.

თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, გასაგებია რომ ოპოზიციას რევანში და ძალაუფლების მოპოვება სურს. ნუთუ მართლაც ამიტომ არს სურთ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიენიჭოს თუ სხვა რამეშია საქმე?

- ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე საქართველო მყარად 2014 წელს დადგა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერა დაესვა ვიზალიბერალიზაციის დოკუმენტს. წევრობა რომ მივიღოთ, დიდი გზა არის გასავლელი. საქართველო ამ რელსებიდან არ გადაუხვევს. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, ამის ფაქტები დევს. „ნაციონალური მოძრაობა“ მოწადინებულია, რომ პროცესი ჩაშალოს. რატომ? იმიტომ რომ, ისინი ფიქრობენ, ასეთ შემთხვევაში ხალხის განწყობას თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ და ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებენ. სამწუხარდ, ჩვენი ქვეყნის მომავალს ასე ხედავენ.

თუმცა, ოპოზიციაში საპირისპიროს აცხადებენ და ამბობენ, რომ მათი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ნიკა გვარამიას დაკავება და აცხადებენ, რომ ის პოლიტპატიმარია....

- მათი მიზანი სწორედ ეს არის, რომ რევანშის შემდეგ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ და ამით შემდეგ ხელი მოითბონ.

და მთავარი საკითხი, ივნისში ევროკავშირიდან ველოდებით პასუხს. რა შანსები გვაქვს, მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს?

- ვიცი ის დასკვნები და შეფასებები, რომელსაც ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში აკეთებდა. ვიცი საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით რამდენად მაღალი შეფასებები ჰქონდა. ამ ყველაფრის ფონზე, ლოგიკურია მოლოდინი იმისა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ უკრაინის და მათაც წარმატებას ვუსურვებ ამ გზაზე.

კითხვარში იყო ისეთი კითხვები, რომელიც მთავრობისთვის იყო უხერხული და რთულად გასაცემი?

- საქართველომ ევროკავშირის კითხვარი დამოუკიდებლად შეავსო და დროზე ადრე შევავსეთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, პასუხის გაცემა არ გაგვჭირვებია, რადგან ყველა სფეროში რეფორმები გატარდა - განათლების სისტემაში, სასამართლო სისტემაში და ა.შ. ჩვენი ქვეყნის რეფორმები მიმდინარეობს ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით.

Aburjga Tasmanieli ქალბატონო თამარ ვხედავ თქვენ ხართ ევროკავშირში შესვლის მომხრე?! გულწრფელად გთხოვთ, ნუ დაიზარებთ, გამაგებინეთ რა სიკეთეს უქადის საქართველოს თუ გავხდებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა?! და ბარემ ისიც გვითხარით ამ კანდიდატობას უარყოფითი მომენტები ახლავს თუ არა?!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli "... არსაიდამ ხმა, არსით ძახილი...." აუუ.... სად მოგვაგნო ამ მტარვალმა დასვლეთმა?!
1 წლის უკან