ვახტანგ ძაბირაძე: „ოცნება“ პიარში ისევ იგებს, ვერ გაიგო ოპოზიციამ, რომ ხალხს ომი არ უნდა

ვახტანგ ძაბირაძე: „ოცნება“ პიარში ისევ იგებს, ვერ გაიგო ოპოზიციამ, რომ ხალხს ომი არ უნდა

„ოცნება" გახარიასა და „ლელოს" ებრძვის, რათა სახიფათო ძალა არ გაჩნდეს და მიაბეს „ნაციონალებს" - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო გადატრიალება, რის შემდეგაც გახარიასთან და „ლელოსთან" ერთად მოდიოდა ხელისუფლებაში და ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით.

„სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა იმიტომ, რომ საარჩევნოდ სიტუაცია აეჭრა. ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო ხელისუფლების გადატრიალება. ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ სააკაშვილი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან - გახარიასთან და „ლელოსთან" ერთად, უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით. ამას ინფორმაციებზე დაყრდნობით ვამბობთ, ეს იყო დაგეგმილი სცენარი, რაც „ომის პარტიას" ჩაეშალა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ფაქტია, რომ პიარის კუთხით არის კურსი აღებული. „ოცნებამ" პიარის საუკეთესო მცოდნეებს ერთხელ უკვე მოუგო, როცა „ომის პარტია" დაარქვა. ახლა უნდათ, გახარია და „ლელო" ნაცმოძრაობასთან ერთად „ომის პარტიად" გამოცხადდეს. რამდენად გამოუვათ, არ ვიცი, მაგრამ, გულწრფელად გითხრათ, „ომის პარტია" რომ დაარქვეს, ამაში სააკაშვილმა და მისმა პარტიამ შეუწყო ხელი თავიანთი განცხადებებით. ვერ გაიგო ოპოზიციამ, რომ საქართველოს მოსახლეობას ომი არ უნდა. რა სისაძაგლესაც აკეთებს რუსეთი უკრაინაში, საზოგადოების უმრავლესობა ამბობს, რომ ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ.

გახარია და „ლელო" ომის პარტიას რომ მიაბეს, ამით „ოცნება" პოტენციაში ებრძვის, რომ სახიფათო ძალა არ გაჩნდეს. გახარიას აქვს რეიტინგი, მომავალ არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს. პოლიტიკურ არენაზე იშვიათად ჩნდება, მაგრამ ცდილობს, მისი გუნდის წევრები პოპულარული გახადოს, ესეც მისი ტაქტიკაა. გამოეხმაურება თუ არა კობახიძეს, ალბათ არა. აჟიოტაჟს არ ატეხს, რასაც ხელისუფლება ელოდება. „ლელო" კი ფიცხია და ვფიქრობ, მკვეთრი რეაქცია ექნება. ვინც ასეთ პოლემიკაში ჩაერთვება, მისთვის იქნება წამგებიანი, ვიდრე ხელისუფლებისთვის. მინდა, ოპოზიციას ვურჩიო, რომ ჰაერივით სჭირდებათ გაერთიანება და „ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირება," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.