"მილუოკი" და "ფინიქსი" სერიაში დაწინაურდნენ, "ატლანტამ" სხვაობა შეამცირა

NBA-ში პლეი-ოფი გრძელდება და მორიგ სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა. „ატლანტა ჰოუქსმა“ საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტი“ დრამარტულ, ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 111:110 დაამარცხა და სერიაში ანგარიში შეამცირა.

არადა, „მაიამი“ ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლო პერიოდი 11 ქულით დათმო და საბოლოოდ, ეს მარცხის ფასად დაუჯდა. „ჰიტის“ რიგებში ტაილერ ჰერო გამოირჩ, რომელმაც 24 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ხოლო „ჰოუქსს“ ტრეი იანგმა 24 ქულით, 4 მოხსნით და 8 პასით ულიდერა. „ამგვარად, სერიაში „ატლანტამ“ ჩამორჩენა შეამცირა - 1:2.

მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი ბაქსი“ „ჩიკაგო ბულსთან“ დაწინაურდა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა „ხარები“ სტუმრად 111:81, ძალიან იოლად, 30-ქულიანი სხვაობით დაამარცხა და სერიაში წინ გავიდა - 2:1.

„ბაქსს“ გრეისონ ალენმა (22 ქულა) და ბობი პორტისმა (18 ქულა, 16 მოხსნა) ულიდერეს, ხოლო „ჩიკაგოში“ ნიკოლა ვუჩევიჩი 19 ქულით და 6 მოხსნით გამოირჩა. სამმაგ დუბლთან იყო ახლოს იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც 18 ქულას 7 მოხსნა და 9 პასი დაამატა. აქვე გეტყვით, რომ სანდრო მამუკელაშვილს თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

დღის კიდევ ერთი მატჩი დასრულდა სტუმართა გამარჯვებით - „ფინიქსმა“ „ნიუ ორლეან პელიკანსი“ დაძაბულ ბრძოლაში 114:111 დაამარცხა და სერიაში დაწინაურება მოახერხა - 2:1. „სანსის“ რიგებში დეანდრე აიტონს ჰქონდა ბრწყინვალე თამაში, რომელმაც 28 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა, ხოლო „პელიკანსის“ შემადგენლობაში ბრენდონ ინგრემი და კი ჯეი მაკკალუმი ბრწყინავდნენ. პირველმა 34 და მეორემ 30 ქულა დააგროვა, მაგრამ მათ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და „ნიუ ორლეანი“ სერიაში ჩამორჩა.