„ვალენსია“ ესპანეთის თასის ფინალში სევილიაში, „ბეტისს“ დაუპირისპირდება და ესპანური მედია წერს, რომ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
იასპერ სილესენი ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ „ვილიარეალთან“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. მას არნო დანჟუმამ ორი გოლი გაუტანა, მაგრამ ნიდერლანდელს ბრალი ნამდვილად არ მიუძღვის და რამდენჯერმე თავისი გუნდის გადარჩენაც შეძლო.
თუმცა Eldesmarque წერს, რომ სილესენის სეივების მიუხედავად ბორდალასს ეჭვი არ ეპარება ვინ უნდა იყოს თასის ფინალში კარის ხაზზე - მამარდაშვილი. ესპანელმა სპეციალისტმა „ვილიარეალთან“ შეხვედრის მერე განმარტებაც გააკეთა, რატომ არ ათამაშა ქართველი მეკარე - მეორე გუნდიდან დამატებული ფეხბურთელების ლიმიტის გამო, რაც კრისტიან მოსკერამ, ხესუს ვასკესმა და რუბენ ირანცომ შეავსეს. შედეგად, მამარდაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. ბორდალასმა ისიც თქვა, რომ დაცვაში არსებული პრობლემების გამო რისკზე ვერ წავიდოდა და წამყვანი მცველები ფინალის წინ დაასვენა. ზემოხსენებული სამივე ფეხბურთელი მცველია, რომლებმაც გუნდის ძირითადი მცველები შეცვალეს, რათა მათ ფინალამდე დაესვენათ და ტრავმებისგან დაცულები ყოფილიყვნენ. ამრიგად, ყველაფერი გასაგებია - ავტომატურად გიორგისაც დასვენება მოუწია, მაგრამ სევილიელთა წინააღმდეგ კარში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 თამაში ჩაატარა და რვაჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო. „ვალენსიასა“ და „ბეტისის“ ფინალური მატჩი 23 აპრილს გაიმართება.