კევინ დურანტი და კამპანია ისევ დამარცხდა. „ბოსტონ სელტიკსი“ სერიაში უკვე 2:0-ს იგებს. უდოკას გუნდმა მორიგი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა და ეს დიდწილად დაცვაში კარგი თამაშის გამო მოხდა.
„ბრუკლინმა“ პირველი პერიოდი და ზოგადად ტაიმი 10 ქულიანი სხვაობით მოიგო და უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში წინ იყო. შესვენებაზე გუნდი ისე გავიდა, რომ ბოსტონს ანგარიშში გათანაბრების შანსიც არ ჰქონია და ყველაზე დიდი სხვაობა მეორე პერიოდის მიწურულს დაფიქსირდა, როდესაც სტივ ნეშის გუნდი წინ 17 ქულით გაიჭრა.
"ბოსტონმა" მესამე მეოთხედი სხვაობის აღმოფხვრას მოანდომა და მეტოქეს თამაშში პირველად წამოეწია, როდესაც ანგარიში 81:81 გახადა. თუმცა, ბოლო წუთები კვლავ დათმო და "ბრუკლინს" კომფორტული სხვაობა - 5 ქულა ისევ ფორა მისცა.
ყველაფერი დასკვნით 12-წუთეულში გადაწყდა, როდესაც კევინ დურანტი და კაირი ირვინგი უბრალოდ გააჩერეს. იმე უდოკამ გუნდში სერიოზული კორექტირება მოახდინა და ბოლო საკვანძო წუთებში ყველაფერი სათავისოდ შემოატრიალა. თუ მატჩის განმავლობაში უპირატესობას „ბრუკლინელები“ ფლობდნენ, მეოთხე პერიოდში მათ მხოლოდ პირველი სროლა გამოიყენეს, შემდეგ კი 2-ჯერ ანგარიში თანაბარი იყო (90:90, 92:92), ამის შემდგომ კი „ბოსტონს“ თამაში მაგრად წაუვიდა, წინ 12 ქულითაც გაიჭრა, საბოლოოდ 114:107 მოიგო და მეორე საშინაო შეხვედრაც სათავისოდ დაასრულა.
ალბათ „ბრუკლინისგან“ ყველა მეტს ელოდა, თუმცა, ეს NBA-ა და პლეი ოფში ყველაფერი ლოგიკას არ ექვემდებარება.
მარცხის მიუხედავად 2 ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სწორედ სტივ ნეშის გუნდიდან გამოირჩა. მართალია კევინ დურანტმა 27 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, თუმცა, საერთო ჯამში მას თამაში არ წაუვიდა, რადგან ზუსტად მხოლოდ 17-დან 4-ჯერ ისროლა. მათ შორის 2-დან 1 სამქულიანი და 15-დან 3 ორქულიანი. დარჩენილი ქულები კი საჯარიმო ხაზიდან მოიპოვა, რომელიც 20-დან 18 გამოიყენა. მან ამ მონაგარს 1 ჩაჭრაც დაამატა და 5 პერსონალური ფოლიც მიიღო.
''ისინი გუნდისთვის კარგ საქმეს აკეთებენ, ცდილობენ რომ გამაჩერონ, რაც გამოუვიდათ. 2-3 მცველი ისე ხისტად მეთამაშებოდა, რომ მათ წინააღმდეგ ბევრი არაფერი გამომივიდა. ეს პლეი ოფია და ყველაფერი ხდება", - თქვა დურანტმა.
თანაგუნდელთაგან კევინის შემდეგ 23 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჰქონდა ბრიუს ბრაუნს, რომელიც უფრო ზუსტადაც ისროდა და უკეთაც გამოიყურებოდა. 25 წლის მცველმა 12-დან 8 სროლა გამოიყენა. მის ანგარიშზე 4-დან 3 სამქულიანი, 8-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო იყო. რაც შეეხება გუნდის კიდევ ერთ ლიდერ - კაირი ირვინგს, მან შეხვედრა 10 ქულით, 8 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა.
როგორც ჩანს "ბოსტონის" გულშემატკივრებს კაირი ირვინგის მიმართ იმდენად დიდი წყენა აქვთ, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში სკანდირებდნენ - "კაირი საზიზღარია".
ამერიკელმა გამთამაშებელმა მატჩის შემდგომ მცირე კომენტარიც გააკეთა, თუმცა, გულშემატკივრების ამ ჟესტზე ყურადღება არ გაუმახვილებია. შეგახსენებთ, რომ ირვინგი 2017-2019 წლებში სწორედ "ბოსტონ სელტიკსის" ღირსებას იცავდა.
''მათ გაიმარჯვეს რადგან მეოთხე მეოთხედში შეხვედრა შემოატრიალეს. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს დრო იმედგაცრუებისთვის, თავი უნდა ვაკონტროლოთ. ეს კალათბურთია და პლეი ოფის ნაწილია", - თქვა კაირიმ.
გამარჯვებულთაგან ჯელენ ბრაუნი გამოირჩა. 25 წლის ამერიკელმა 22 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, მათ შორის 10 ქულა მეოთხე მეოთხედში. ჯეისონ ტეიტუმი კი ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც 19 ქულით, 6 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი მიითვალა.
მატჩს „დიუკის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაიკ კშიჟევსკი ესწრებოდა, რომელიც ყოფილი მოთამაშეების თამაშს უყურებდა. მათ შორის კაირი ირვინგი, ჯეისონ ტეიტუმი და სეთ კარი იყვნენ.
''ეს პირველი თამაშია, რაც მან მას შემდეგ ნახა, რაც „დიუკი“ დატოვა. ბუნებრივია, ახლა ბევრი თავისუფალი დრო აქვს“, - თქვა ტეიტუმმა.
მაშ ასე, საინტერესო მატჩების მოლოდინში ამ გუნდების შემდეგი დაპირისპირება 24 აპრილს, უკვე "ბრუკლინის" საშინაო არენაზე გაიმართება, სადაც გუნდს მხოლოდ ჯო მალკომ ჰარისი დააკლდება. 30 წლის ამერიკელ მცველს ტერფის ტრავმა აქვს. 24-ში უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდეთ, რადგან კიდევ ერთი მარცხის შემთხვევააში სტივ ნეშის გუნდს მისი შემოტრიალება ძალიან გაუჭირდება. 2:1-ის შემთხვევაში კი ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყება.