„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა „ვილიარეალთან“ მატჩის (0:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე მეკარეების შესახებაც ისაუბრა და გიორგი მამარდაშვილის უთამაშებლობის მიზეზი დაასახელა.
როგორც მან აღნიშნა, ამჯერად გადაწყვიტა, რომ იასპერ სილესენს ეთამაშა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მამარდაშვილის არყოფნასაც ჰქონდა მიზეზი:
„სამივე მეკარე კარგად მუშაობს და შანსს ელოდება. ამჯერად არჩევანი იასპერზე შევაჩერე, განსაკუთრებული მიზეზის გარეშე. ეს იყო თამაში, რომელშიც მას უნდა ეთამაშა. ახლა კი, ვნახოთ, შაბათს ვინ ითამაშებს.
ერთ-ერთი მოტივი მამარდაშვილის უთამაშებლობის ის იყო, რომ მეორე გუნდიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 3 ფეხბურთელის დამატება შეგვიძლია, ამიტომაც, გიორგის დასვენების საშუალება მივეცით. ცენტრალური მცველების დასვენება მოგვიწია, რადგან ტრავმის რისკზე ვერ წავიდოდით. გაბრიელ პაულისტა არ არის 100%-ით მზად, თუმცა იმედი გვაქვს, რომ შაბათს მზად იქნება. ამიტომ, ითამაშეს მეორე გუნდიდან ხესუს ვასკესმა, რუბენ ირანზომ და კრისტიან მოსკერამ“, - თქვა ბორდალასმა მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, „ვალენსია“ ესპანეთის თასის ფინალში 23 აპრილს, „ბეტისს“ დაუპირისპირდება. „ღამურებს“ ტიტულამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ, მაგრამ ლა ლიგაში სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე 42 ქულით მხოლოდ მეათე ადგილზე იმყოფებიან.