NBA-ში პლეი-ოფი გრძელდება და საქმეში მოქმედი ჩემპიონი „მილუოიკი ბაქსიც“ ჩაერთო, რომელმაც „ჩიკაგო ბულსთან“ სერიაში ანგარიში გახსნა და დაწინაურდა.
შეხვედრა დაძაბული იყო, მაგრამ „მილუოკიმ“ იანის ანტეტოკუნმოს შესანიშნავი თამაშის წყალობით გამარჯვება მოახერხა - 93:86. ბერძენმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 34 წუთში 27 ქულა, 16 ქულა და 3 მოხსნა შესძინა. „ჩიკაგოში“ 24 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი იყო, თუმცა მონტენეგროელის გარჯამ „ხარები“ მარცხისგან ვერ იხსნა.
სერიაში წინ გავიდა „ფინიქს სანსიც“, რომელმაც შინ „ნიუ ორლეან პელიკანსი“ 110:99 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში „ფინიქსი“ პირველი ტაიმის შემდეგ 19 ქულით იგებდა, ამდენად ბრძოლა ნაკლებად იყო, მიუხედავად იმისა, რომ „ნიუ ორლეანმა“ მესამე პერიოდში სხვაობის 8 ქულამდე შემცირება მოახერხა.
„ფინიქსს“ კრის პოლმა და დევინ ბუკერმა ულიდერეს. პირველმა მათგანმა 30 ქულა ჩააგდო და მათ შორის 19 ბოლო მეოთხედში დააგროვა. მან ამ მონაგარს 7 მოხსნა და 10 პასიც მიამატა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა. გეტყვით, რომ ეს კრისის 130-ე პლეი-ოფიც მატჩი იყო, თუმცა მას ჩემპიონობა არასოდეს უზეიმია. ყველაზე ახლოს კი გასულ სეზონში იყო, როდესაც „ბაქსთან“ 6 მატჩში 4:2 დამარცხდა. რაც შეეხებაბუკერს, მან 25 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი გამოიმუშავა. „ნიუ ორლეანში“ საუკეთესო სი ჯეი მაკკოლუმი იყო - 25 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი.
სუპერდაძაბული გამოდგა „ბოსტონ სელტიქსისა“ და „ბრუკლინ ნეტსის“ შეხვედრა, რომელიც მასპინძლებმა ბოლო წამზე 115:114 მოიგეს. არადა, „ბრუკლინში“ ფანტასტიკური თამაში ჰქონდა კაირი ირვინგს, რომელმაც 39 ქულა(!), 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. მან 18 ქულა ბოლო მეოთხედში გამოიმუშავა. ირვინგის შემთხვევაში საქმეს ისიც ამძაფრებდა, რომ 30 წლის ამერიკელი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა, იმ გუნდის, საიდანაც წამოსვლა სკანდალური გამოდგა. მას თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს და გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა. 23 ქულიანი მატჩი ჰქონდა სუპერვარსკვლავ კევინ დურანტს, თუმცა მან ძალიან ბევრი სროლა გააფუჭა. მისი 24 სროლიდან ზუსტი მხოლოდ 9 იყო, ამან კი საბოლოო შედეგზეც იმოქმედა. სამაგიეროდ, „ბოსტონში“ ჯეისონ ტეიტუმმა 31 ქულა და ჯეილენ ბრაუნმა 23 ქულა მიითვალა. თანაც ტეიტუმმა ე.წ. ბაზერი ჩააგდო და "ბოსტონმა" სერიაში უპირატესობა მოიპოვა.
კიდევ ერთ შეხვედრაში „მაიამი ჰიტმა“ შინ „ატლანტა ჰაუქსი“ 115:91 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა. გამარჯვებული გუნდიდან დუნკან რობინსონს 27 ქულა და 1 მოხსნა ჰქონდა და ეს დღე მისთვის რეკორდული გამოდგა. საქმე იმაშია, რომ რობინსონი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ფრენჩაიზის პლეი-ოფის რეკორდი დაამყარა. მან 9-დან რვა სამქულიანი ჩააგდო. აქამდე ეს მიღწევა დეიმონ ჯონსს და მაიკ მილერს ეკუთვნოდათ, რომელთა ანგარიშზეც 7 სამქულიანი იყო. ჯიმი ბატლერს კი 21 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა, „ატლანტადან კი დანილო გალინარი გამოირჩა. 27 წლის იტალიელმა საკუთარ გუნდს 17 ქულა და 5 მოხსნა მოუტანა.
მომდევნო შეხვედრები 19 აპრილს გაიმართება. უფრო კონკრეტულად კი „ფილადელფია“ „ტორონტოს“, „დალასი“ „იუტას“ და „გოლდენ სტეიტი“ „დენვერს“ შეხვდება.