ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ამის საფუძველზე წერს, რომ ნეაპოლურმა გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი უკვე შეათანხმა.
„ჩვენ მას კარგა ხანია ვაკვირდებით, ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ მის შესაძენად. უნდა დაველოდოთ სატრანსფერო ბაზარზე რაღაცების მომწიფებას, მაგრამ ის ჩვენი სიის სათავეშია და „ნაპოლის“ პარამეტრებს შეესაბამება: ტექნიკურად, გონებრივად, ეკონომიკურად. ვეცდებით, მის შეძენას“, - თქვა ჯუნტოლიმ ორი დღის წინ.
სწორედ ამ სიტყვების შესახებ ცნობილი გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი წერს: „ის ფაქტი, რომ ჯუნტოლი ასე საუბრობს, ნიშნავს, რომ „ნაპოლიმ“ უკვე დახურა ტრანსფერი და მხოლოდ ტექნიკური ასპექტების მოგვარება დარჩა, რომ ქართველი ნეაპოლში ზაფხულის შეკრებაზე იყოს“.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერს იტალიური გამოცემები ადასტურებენ, მათ შორის იყო ფაბრიციო რომანოც. მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ოფიციალურად 1 ივლისს დადასტურდება.