„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდისთვის ევროსაგზურის მოპოვება სეზონის დარჩენილ ნაწილში რთული იქნება. მან გიორგი მამარდაშვილიც შეაქო.
„აქ 3 ქულის მოსაპოვებლად მოვედით, მაგრამ ვერ შევძელით, არ ვიცი, საბოლოოდ, მოვახერხებთ თუ არა ევროზონაში მოხვედრას, რადგან მეტოქეები ჩვენზე წინ არიან. თუმცა, გუნდი აგრძელებს მცდელობას. გეთანხმებით, მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. ცუდია, რომ გოლი გაუშვა, მაგრამ დაცვაში კარგად ვერ ვითამაშეთ“, - თქვა ბორდალასმა.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 16 მატჩი აქვს ჩატარებული (14 ლა ლიგაში, 2 სამეფო თასზე) და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა. მისი მშრალი სერია „ბარსელონასთან“ მატჩის 63-ე წუთიდან დაიწყო, შემდეგ მან გოლი არ გაუშვა „მალიორკასთან“, „ბილბაოსთან“, „ხეტაფესთან“, „ელჩესთან“, „კადისთან“ და „რაიო ვალეკანოსთან“ 83-ე წუთამდე.
„ვალენსია“ ლა ლიგაში 31 ტურის შემდეგ 42 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 16 აპრილს, შინ „ოსასუნასთან“ გამართავს.