„მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა „კლივლენდ კავალიერსთან“ ბრწყინვალედ ითამაშა და პირადი რეკორდები ხომ დაამყარა სათამაშო დროის, ქულების, მოხსნებისა და პასების კუთხით, ამასთან ზაზა ფაჩულიას 15 წლის რეკორდი დაამხო და ქართველ კალათბურთელთაგან NBA-ში ყველაზე მეტი ქულა მიითვალა (28).
მატჩის შემდეგ 22 წლის კალათბურთელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სეზონით კმაყოფილია, ეს თამაში კი მას თავდაჯერებას შემატებს.
„ეს თამაში თავდაჯერებას შემმატებს, მაგრამ ეს ყველაფერი გუნდის დამსახურებაა. ვიცოდი, რომ განვითარება მჭირდებოდა და ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი. შანსი მომეცა და ვეცადე მაქსიმუმი გამეკეთებინა. მოგება გვინდოდა, თამაში ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ვიბრძოლეთ და კმაყოფილი ვარ.
სეზონის წინ არც ვიცოდი, ვიქნებოდი თუ არა ლიგაში, ამიტომ, ამ სეზონის მადლობელი ვარ. ყველაფერი სწავლასა და განვითარებაზეა დამოკიდებული. ჩემი მხრიდან მოთმინება იყო საჭირო და უნდა მეცადა ყველა შანსის გამოყენება. აქ სწავლობ ისეთი მოთამაშეებისგან, როგორებიც ბობი პორტისი, იანისი და ლოპესი არიან.
ყველა თანაგუნდელთან საერთოს ვპოულობ, ისინი ძალიან მეხმარებიან და რჩევებს მაძლევენ. მახსოვს, როცა იანისი პირველად ვნახე, მწვრთნელს ვთხოვე ჩვენთვის ფოტო გადაეღო, მან კი უარი მითხრა და მირჩია, რომ ეს გამეკეთებინა, რადგან ის უკვე ჩემი თანაგუნდელი იყო“, - თქვა მამუკელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „მილუოკი ბაქსი“ NBA-ს პლეი-ოფში „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდება.