საქართველოს ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ამიტომ, 21 წლის შემტევზე იტალიაში ბევრი საუბრობს.
მათ შორის, ტელეკომპანია DAZN-ის მიმომხილველმა და ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, დარიო მარკოლინიმ ილაპარაკა. ის ფიქრობს, რომ კვარაცხელიას კლასი აქვს, მაგრამ იტალიაში თამაში განსხვავდება საქართველოსა და რუსეთში თამაშისგან.
„თუ მომწონს კვარაცხელია, როგორც „ნაპოლის“ პოტენციური შენაძენი? მას, როგორც ფეხბურთელს არ ვიცნობ, მაგრამ ვენდობი მათ, ვინც ნეაპოლში მუშაობს და გუნდში ფეხბურთელები მიჰყავთ. ისიც, მართალია, რომ “ნაპოლის“ შეუძლია თავიდან მარცხნივ ლოზანოს და მარჯვნივ პოლიტანოს თამაშზე იფიქროს და ასე კვარაცხელია ნაბიჯ-ნაბიჯ გახდეს ძირითადის წევრი.
თუმცა, ფრთხილად ყოფნაა საჭირო, არ უნდა დავუშვათ შეცდომა და არ ვიფიქროთ, რომ ეს ბიჭი ჩამოვა და მაშინვე ინსინიეს ნაცვლად ძირითადში ითამაშებს. ის აშკარად ნიჭიერია, მაგრამ იტალიაში თამაში სხვა საკითხია, არ არის, როგორც რუსეთში ან საქართველოში. ავიღოთ ოსიმენის მაგალითი, რომელსაც დიდი გუნდების წინააღმდეგ გოლი არ აქვს გატანილი. ქართველ ფეხბურთელს კლასი ნამდვილად აქვს, მაგრამ იტალიაში ზოგიერთი მცველის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ არის“, - თქვა მარკოლინიმ.
შეგახსენებთ, რომ დარიო მარკოლინის „ნაპოლიში“ 2003-2004 წლების სეზონში აქვს ნათამაშები, ის ასევე იცავდა „ლაციოს“, „კალიარის“, „ჯენოას“, „ბლექბერნისა“ და „სამპდორიას“ ღირსებას.