არიგო საკი:

არიგო საკი: "ხალხი სიმეონეს ფეხბურთით დაიღალა"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ მადრიდის „ატლეტიკოსა“ და დიეგო სიმეონეს შესახებ ისაუბრა.

76 წლის საკი ფიქრობს, რომ გულშემატკივარი სიმეონეს ფეხბურთით დაიღალა და მისი თამაში არ არის ის, რისთვისაც ხალხი სტადიონზე მიდის.

„სიმეონეს „ატლეტიკოში“ წლების განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა. ეჭვგარეშეა, რომ იტალიაში, როგორც ფეხბურთელმა გამოცდილება მიიღო და ამან მის მწვრთნელობაზე გავლენა მოახდინა. მისთვის პირველი საფიქრალია, გოლის არგაშვება, მერე კი ვნახოთ რა იქნება. მართალია, „ატლეტიკოს“ ჰყავს ხარისხიანი ფეხბურთელები, მაგრამ მათ ფეხბურთელების ყიდვის ნაცვლად თამაშის სტილზე უნდა ემუშავათ. ამავდროულად, გულწრფელებიც უნდა ვიყოთ: „ატლეტიკოსა“ და „სიტის“ შორის ყველაფერი ღიაა და მეორე მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„ატლეტიკოს“ თამაშის სტილი გულშემატკივარს აზარალებს. მაყურებელი ითხოვს სილამაზეს, ითხოვ ემოციებს. რა ემოცია შეიძლება იყოს, როცა ბურთს უბრალოდ 50 მეტრზე იშორებ? ხალხი დაიღალა სიმეონეს ფეხბურთით.

ევრო 2000-ის ნახევარფინალში იტალიასა და ნიდერლანდებს შორის ჩემს გვერდით პელე იჯდა. მატჩის შემდეგ, რომელშიც მთელი თამაში საკუთარ ნახევარზე თავს ვიცავდით, მაგრამ პენალტების სერიაში მოვიგეთ, პელემ მითხრა: „დასანანია, კარგი მოთამაშეები გყავთ, მაგრამ ფეხბურთის თამაში არ იცით“. „ატლეტიკოც“ ასე იქცევა: დაცვა, დაცვა და დაცვა“, - თქვა საკიმ.

შეგახსენებთ, არიგო საკი „ატლეტიკოს“ 1998 წლის ივნისიდან 1999 წლის თებერვლამდე წვრთნიდა.