"ქართული მოსახლეობა ძალის გამოყენებით, ძალადობრივი გზით გამოდევნეს" - რას წერს რუსი ჟურნალისტი

რუსმა პუბლიცისტმა და ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ ფეისბუქის სოციალურ ქსელში კომენტარი გაუკეთა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მარიონეტული ხელისუფლების განცხადებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გეგმებთან დაკავშირებით.

გთავაზობთ კომენტარის სრულ ტექსტს:

„იდეა რუსეთის შემადგენლობაში „სამხრეთ ოსეთის“ შესვლის შესახებ (რომლზეც გუშინ სოლოვიოვმაც სიხარულით გვამცნო - იგულისხმება რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სალავიოვი) - ვლადიმერ პუტინის მიმართ „წმინდა წყლის“ ზურგში დარტყმას წარმოადგენს.

საქართველომ მხარი არ დაუჭირა ანტირუსულ სანქციებს, დააპატიმრა მიხეილ სააკაშვილი, დასავლეთის ზეწოლას არ დაჰყვა და ამ დროს მას პირდაპირ უბიძგებენ რუსეთის წინააღმდეგ ომისაკენ. და რის გულისთვის? ჩინოვნიკთა და ძალოვანთა მცირე ჯგუფის კერძო ინტერესებისთვის?

პრობლემა იმაშია, რომ ყველასათვის ცნობილი ეკონომიკური პრობლემების გამო, რომლის წინაშეც რუსეთი დადგა, მოსკოვი „სამხრეთ ოსეთს“ დოტაციებს უხსნის. შესაბამისად, „არაღიარებული სახელმწიფოს“ მმართველი ელიტა ძალიან დარდობს შემოსავლების სავარაუდო შემცირების თაობაზე.

„სამხრეთ ოსეთის“ გადაყვანა რუსეთის ფედერაციის რიგითი რეგიონის ფორმატში, რამდენიმე ათეული ათასი მცხოვრებით, ალბათ, გარკვეული დროის განმავლობაში მმართველ ელიტას ნომენკლატურულ სტატუსს შეუნარჩუნებს. მაგრამ შემდეგ?!

მით უმეტეს, რომ საქართველოში „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობას ისეთი შეღავათები აქვთ, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია მათ ვერ მისცემს, სანქციების გამო. მაგალითად, საქართველოში ოსებს უფლება აქვთ შეღავათიან სამედიცინო მომსახურებაზე, მათ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ საერთაშორისო საბანკო მომსახურებით (visa, mastercard და ასე შემდეგ).

"რუსეთი თბილისს სახმელეთო დერეფანს მოსთხოვს სომხეთის მიმართულებით?! - საქართველოსთვის ბრძოლა ყველაზე აქტუალური გახდება"
„სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლებმა კარგად იციან, რომ ბოლო თვის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში 50 ათასამდე (ზოგიერთი შეფასებით კი - 80 ათასამდე) რუსეთის მოქალაქე ჩავიდა და მათ კარგად გაიარეს ადაპტირება საქართველოში, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის ღია სახელმწიფოს წარმოადგენს.

„სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლებს კითხვა უჩნდებათ - რატომ უნდა დაიჩაგრნონ ისინი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისას დასავლური სანქციებით მაშინ, როცა მათ საქართველოში ყველანაირი უფლება და სრულიად სხვა, ფართო შესაძლებლობები აქვთ?

მით უმეტეს, რომ რუსეთის მიმართ გამოცხადებული სანქციების რეჟიმი საშუალებას აძლევს „სამხრეთ ოსეთს“ დაიბრუნოს ის საშუამავლო ფორმატი საბითუმო ბაზრის თვალსაზრისით, რომლის დახმარებით 2007 წლამდე (სანამ ეს სტატუსი მიხეილ სააკაშვილმა არ გაანადგურა) რეგიონის მოსახლეობა საკმაოდ მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებდა.

არის კიდევ მორალური ასპექტიც.

„სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან სავარაუდო მიერთების პრინციპული განსხვავება ყირიმის ისტორიისაგან იმაში გამოიხატება, რომ „სამხრეთ ოსეთში“ ეთნიკური წმენდა განხორციელდა - ქართული მოსახლეობა ძალის გამოყენებით, ძალადობრივი გზით გამოდევნეს, დაანგრიეს და დაწვეს ქართული სოფლები და ქართული მართლმადიდებლური ტაძრები.

რატომ არ სურს ანატოლი ბიბილოვს და მისნაირებს, რომ ჯერ ქართველები დააბრუნოს, შემდეგ კი რეფერენდუმი ჩაატაროს?

არ არიან, ხომ, შედეგებში დარწმუნებულნი?

და ამ დროს განა რუსეთისათვის სასურველია ისეთი ტერიტორიის თავის შემადგენლობაში მიღება, სადაც ეთნიკური წმენდა ჩატარდა?

ასე რომ, ვისთვისაა მომგებიანი ნეიტრალური საქართველოს გადაქცევა რუსეთის აშკარა მტრად უკრაინის "სპეცოპერაციის" მიმდინარეობის პერიოდში?

თანამედროვე რუსეთის პრობლემა იმაშია, რომ მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა კერძო და ჯგუფობრივი ინტერესების ერთობლიობას წარმოადგენს.

და ეს, ადრე თუ გვიან, მას დაღუპავს.

არაგველი641 "ყველასათვის ცნობილი ეკონომიკური პრობლემების გამო, რომლის წინაშეც რუსეთი დადგა, მოსკოვი „სამხრეთ ოსეთს“ დოტაციებს უხსნის." - ხანდახან კარგ ამბებსაც ვიგებთ!
2 წლის უკან