რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო და საჰაერო იერიშის მიტანიდან ერთი თვე გავიდა. დასავლეთის მიერ რუსეთზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ომს კვლავ აგრძელებს.
განვითარებული პროცესების ფონზე, საჯაროდ ცნობილი ხდება კრემლის გეგმები, რომლის თანახმად, უკრაინაში სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია მიღწეული არ იქნება.
სცენარი, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით განვითარდება - რა იარაღის გამოყენება სურს ომში რუსეთს
როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რუსეთი კარგად ხვდება, რომ იმ სამხედრო მოქმედებებით, რომელსაც ახლა უკრაინაში აწარმოებს, ომს ვერ მოიგებს, შესაბამისად, ის ომის მოგებისთვის სხვა გეგმასაც განიხილავს, რაც რადიაციული იარაღის გამოყენებას უკავშირდება.
„თუ რუსეთმა არ შეცვალა ომის სტრატეგია და სხვა ტიპის იარაღის გამოყენებაზე არ გადავიდა, მას ომი მოგებული არ ექნება. ახლა ომის გარკვეული კომპონენტები მოგებული აქვს უკრაინის, მათ შორის, საინფორმაციო.
რუსეთს ისე სურს ომის ველზე რადიაციული ან სხვა ტიპის იარაღის გამოყენება, რომ მას ეს არ დაჰბრალდეს. მოგეხსნებათ, რომელიმე ლაბორატორიის დაბომბვის ან რომელიმე ატომური ელექტროსადგურის დაზიანების შედეგად, ბაქტეროლოგიური ღრუბლის გამოსვლა არა რუსეთს, არამედ ომის ვითარებას დაჰბრალდება.
უკრაინაში 15 რადიაციული ობიექტია, რომელთაგან 5 ატომური სადგურია და ამ 5-დან ნაწილი განლაგებულია იქ, სადაც რუსეთის ჯარი იმყოფება. ამიტომ ვამბობდი, კარგი იქნება თუ ატომურ სადგურებზე კონტროლი რუსეთს გადაეცემა, რადგან ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მათზე გადავა. უკრაინამ რუსეთს საშუალება არ უნდა მისცეს, რომ ეს მზაკვრული გეგმა განახორციელოს“, - განაცხადა არეშიძემ.
განვითარებული პროცესების ფონზე, ისმის კითხვა, შეეძლო თუ არა ვლადიმერ ზელენსკის ომის თავიდან არიდება, რაზეც არეშიძე გვპასუხობს, რომ ის აღნიშნულს ვერ მოახერხებდა.
"შექმნილი გარემოებების გამო, ზელენსკის ომის თავიდან არიდება არ შეეძლო. ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკრაინის წინა მთავრობებს კი შეეძლოთ ისე წაეყვანათ საქმე, რომ ეს ომი თავიდან აერიდებინათ. ძალიან ბევრი ძალა იყო დაინტერესებული, რომ ომი მომხდარიყო. ახლა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება მიმდინარეობს და მხოლოდ უკრაინაზე არ იყო დამოკიდებული, ომი შედგებოდა თუ არა.
თუ ზელენსკი დასთანხმდებოდა მინსკის ხელშეკრულების შესრულებას, რომელსაც პოროშენკომ ხელი მოაწერა და ნატოზე უარს იტყოდა, შეეძლო ომი თავიდან აერიდებინა, მაგრამ ამას ზელენსკი ვერ გააკეთებდა, ძალიანაც რომ სდომოდა. ამ ომში ნატო უკვე ჩართულია იარაღით, ფულით, ინსტრუქტორებით. ეჭვი მაქვს, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პულტებთან უცხოელი ინსტრუქტორები სხედან",- განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.