შევიდა თუ არა ჩიხში რუსეთი უკრაინის ფრონტზე? როგორ აფასებენ სიტუაციას ექსპერტები?

შევიდა თუ არა ჩიხში რუსეთი უკრაინის ფრონტზე? როგორ აფასებენ სიტუაციას ექსპერტები?

უკრაინაზე თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ რუსეთის არმია ქვეყნის დიდი ქალაქებიდან ვერცერთს ვერ აკონტროლებს, კიევსა და ნიკოლაევზე შეტევა კი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. ამავდროულად, არც უწყვეტი დაბომბვის ქვეშ მყოფი ხარკოვი და მარიუპოლი ნებდებიან. რუსეთის არმიის მიერ ხელში ჩაგდებულ ერთადერთ რეგიონულ ცენტრად რჩება ხერსონი, რომლის მოსახლეობა ომამდეც 300 ათასს ვერ აღწევდა. რას უნდა ველოდოთ ომის შემდეგი ეტაპისგან? - ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ BBC-მ ექსპერტები გამოკითხა და სთხოვა მათ, სამომავლო პროგნოზი გაეზიარებინათ.

"არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ამას ვისურვებდით" 

კრემლი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებენ, რომ „სპეციალური ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა ამას რუსეთის ყველა ოფიციალური პირიც კი არ ადასტურებს. ოპერაცია "არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ამას ვისურვებდით", - საჯაროდ აღიარა ვიქტორ ზოლოტოვმა, რომელიც  უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილე რუსეთის გვარდიას ხელმძღვანელობს. რუსული შეტევის შენელებულ ტემპზე ახლა უკვე სახელმწიფო ტელევიზიითაც კი საუბრობენ. პროსახელისუფლებო წამყვანები ამას მშვიდობიან მოსახლეობაზე ზრუნვით ხსნიან - თითქოს რუსეთის არმიას შეეძლო უფრო სწრაფად წინსვლა, მაგრამ განზრახ ყოვნდება. 

ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი ამ ვერსიას ერთსულოვნად უარყოფს. უკრაინაში საცხოვრებელი უბნებისა და საავადმყოფოების მრავალგზის განადგურება ხომ  საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის დადასტურებული. აშშ-ის სამხედრო- საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსული პროგრამის დირექტორი მაიკლ კოფმანი მიიჩნევს, რომ ახლა საომარი მოქმედებები შეიძლება სამ პირობით ფრონტად დაიყოს.

კოფმანის შეფასებით, ამ ფრონტთაგან პირველზე, კიევის მახლობლად, რუსული არმია თავისი პოზიციების გამყარებას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინის დედაქალაქის ალყაში მოქცევა მან ვერ შეძლო. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ახალი შეტევა დაიგეგმოს. ექსპერტის განმარტებით, შეტევა ყირიმიდან, სადაც რუსულმა არმიამ ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწია და ხერსონის რეგიონალური ცენტრის აღება შეძლო, დიდი არაფერია, რადგან ის ნიკოლაევისა და ოდესისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს. 

კიევსა და ოდესაზე შტურმი გადაიდო?

”უახლოეს მომავალში, ჩვენ ვერ ვიხილავთ საზღვაო დესანტს ოდესაში ან რუსული არმიის გადასროლას დნესტრისპირეთში. უფრო მეტიც, ეს შეიძლება საერთოდ არ არ მოხდეს, ყოველ შემთხვევაში, ომის ამ ეტაპზე,” - წერს კოფმანი. მას ეთანხმება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი რობ ლი. „საზღვაო დესანტის დაშვება დიდი რისკია. თუ ისინი ამას შეეცდებიან, უკრაინულმა ძალებმა რუსულ გემებს შეიძლება საარტილერიო ცეცხლი გაუხსნან,“ - განაცხადა ლიმ BBC-სთან ინტერვიუში. ამის მაგალითად ექსპერტს მოჰყავს სამშაბათს, მარიუპოლის მახლობლად, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემიდან რუსული საპატრულო გემის დაბომბვა. შესაბამისი კადრები უკრაინულმა პოლკმა „აზოვმა“ გამოაქვეყნა (რუსეთში ის აკრძალულია და ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).

კვლევითი ჯგუფი Conflict Intelligence Team-ი კი მიიჩნევს, რომ ოდესაში დესანტის დასაშვებად რუსეთის ძალებს შეიძლება პირადი შემადგენლობა არც ჰყოფნით. ”რუსეთის ყველა საზღვაო ქვეითი ბრიგადა, რომლებიც უკრაინაში არიან გადასროლილი, ამა თუ იმ ფორმით ბრძოლაშია ჩართული”, - ნათქვამია Conflict Intelligence Team-ის მოხსენებაში. რობ ლი კი თვლის, რომ რუსული არმიის დანაკარგებმა მოსკოვი აიძულა, თავდასხმის ამოცანის მასშტაბი შეეზღუდა და ამ დროისთვის რუსეთის შეტევა კიევისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება ოდესის მომავალს, იქ საკვანძო ფაქტორი შეიძლება მეზობელი ნიკოლაევის ბედი გახდეს. 

ნიკოლაევის მახლობლად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა. თუმცა რობ ლის თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ ამ ეტაპზე რუსეთის არმიამ შეიძლება ქალაქის აღების მცდელობებზე უარი თქვა. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ რუსებმა თავიანთი ავიაცია გაიყვანეს ჩერნობაევკას აეროდრომიდან, რომელიც ოკუპირებულ ხერსონთან მდებარობს. სატელიტური სურათების მიხედვით, ამ აეროდრომზე რამდენიმე რუსული სამხედრო ვერტმფრენი განადგურდა. 

რა შეცდომა დაუშვა რუსულმა არმიამ?

„რუსულ სამხედრო ძალებს კონცენტრაცია თავიდანვე აკლდა. სხვადასხვა შეტევის ხაზზე ძალიან ბევრი რესურსი იყო კონცენტრირებული,“ - ამბობს კოფმანი. რობ ლი კი ვარაუდობს, რომ იმ საიდუმლო ატმოსფერომ, რომელშიც უკრაინაზე თავდასხმა მზადდებოდა, შეტევაში მონაწილე ჯარების ნაწილებსა და ქვედანაყოფებს შორის აუცილებელი კოორდინაციის ნაკლებობა გამოიწვია. ექსპერტის შეფასებით, ნებისმიერი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ოფიცრებისგან დაფიქრებასა და მოქმედების მრავალფეროვანი ვარიანტების შემუშავებას მოითხოვს. ამის გაკეთება კი ცენტრალური სარდლობის გეგმების დეტალების არქონის შემთხვევაში, უბრალოდ შეუძლებელია. 

”რუსულმა ჯარებმა ომი ამბიციური გეგმებით დაიწყეს. ისინი ყველაფრის ერთდროულად მიღწევას ცდილობდნენ. წავიდნენ კიევზე, ოდესასა და მარიუპოლზე, ცდილობდნენ ხარკოვისა და სუმის ალყაში მოქცევას, თუმცა მათ ამის ძალა არ ჰქონდათ,“ - მიიჩნევს რობ ლი. ის აღნიშნავს, რომ რუსები დაშიფრულ საკომუნიკაციო არხებსაც კი არ იყენებენ ყოველთვის. ამერიკელი სამხედროების ცნობით, უკრაინაში ერთ-ერთი რუსი გენერალი ჩვეულებრივი მობილური ტელეფონის გამოყენების შემდეგ მოკლეს. New York Times-ის ცნობით, უკრაინულმა დაზვერვამ ზარი დააფიქსირა, მოსაუბრის ადგილმდებარეობა დაადგინა და დაარტყა. 

რობ ლი ასევე აღნიშნავს, რომ რუსული ჯარები უკრაინის საჰაერო სივრცეს ვერ აკონტროლებენ, რაც უკრაინელებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ჯარის ნაწილები მოამარაგონ და მათი პირადი შემადგენლობა შეავსონ. ამავდროულად, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ რუსეთმა უკრაინის არმიის საბრძოლო სულისკვეთება და სამხედრო მომზადება სათანადოდ ვერ შეაფასა. 

”ვფიქრობ, პუტინმა ორი კლასიკური შეცდომა დაუშვა. ერთი მხრივ, მან თავისი მოწინააღმდეგე სათანადოდ ვერ შეაფასა, მეორე მხრივ კი, საკუთარი არმიისა და საჰაერო- სამხედრო ძალების შესაძლებლობები და ხარისხი გადაჭარბებულად შეაფასა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, რუსებს ამჟამად არ აქვთ აბსოლუტური უპირატესობა ჰაერში,“ - აცხადებს გადამდგარი ამერიკელი გენერალი რიჩარდ შირეფი, რომელიც ევროპაში ნატოს ძალების მთავარი მეთაურის ყოფილი მოადგილე იყო.  

ბრძოლა დონბასისთვის?

რობ ლის აზრით, კიევისა და ოდესის აღების მცდელობის ნაცვლად, რუსული ძალები დონბასზე კონცენტრირდებიან და შეეცდებიან, უკრაინის ჯარები "გაერთიანებული ძალების ოპერაციის" ზონაში ალყაში მოაქციონ. „მე არ ვფიქრობ, რომ ეს ომი დასრულებულია. რუსულ ძალებს დღემდე შეუძლიათ უკრაინის არმიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ და "გაერთიანებული ძალების ოპერაციის" ზონა ყველაზე რთული მიმართულება იქნება. თუმცა უკრაინის წინააღმდეგობა ძალიან ძლიერია,“ - ამბობს ექსპერტი.

კოფმანის შეფასებითაც, უახლოეს კვირებში მთავარი ფრონტი იქნება მარიუპოლი და "გაერთიანებული ძალების ოპერაციის" ზონა. ექსპერტის აზრით, რუსები შეეცდებიან, რომ მოწინააღდეგეს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ერთდროულად შეუტიონ. კოფმანი ვარაუდობს, რომ მოსკოვი გამარჯვების გამოსაცხადებლად მიზეზს ეძებს და დონბასის აღება შეიძლება სწორედ ასეთი მოვლენა გახდეს. ამის შემდეგ კი კრემლი შეიძლება შეეცადოს, რომ ამ ტერიტორიის კონტროლის გამოყენებით კიევისგან გარკვეული დათმობები მიიღოს. 

„შევიდა თუ არა ომი ჩიხში? კი და არა. რუსეთის ძალებს შეუძლიათ ნელ-ნელა, თანდათანობით  დონბასში წინ წაიწიონ. მე ეჭვი მაქვს, რომ უკრაინის არმია ფრონტზე უმეტეს ნაწილში პოზიციების შენარჩუნებას შეძლებს და შესაძლოა, ზოგიერთ მათგანზე კონტრშეტევებიც წამოიწყოს. თუმცა გადაღლა, რა თქმა უნდა, ორივე მხარეზე გავლენას იქონიებს,“ - ასკვნის კოფმანი.