რა ჩანაფიქრი ჰქონდა პუტინს უკრაინაში ერთი თვის წინ და რა მიიღო ერთი თვის თავზე

რა ჩანაფიქრი ჰქონდა პუტინს უკრაინაში ერთი თვის წინ და რა მიიღო ერთი თვის თავზე

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან უკვე ერთი თვე გავიდა, რუსეთის გააფთრებული და დაუნდობელი ბრძოლისა და აკრძალული იარაღის გამოყენების ფონზე, ძირითად ქალაქებს მაინც უკრაინელები აკონტროლებენ. ანალიტიკოსთა შეფასებით, მტერმა უკრაინის შეიარაღებული ძალები და ხალხი 30 დღის მერეც ვერ გატეხა, პუტინის გეგმები ჩაეშალა და ახლა შესაძლოა ბირთვულ და ბიოლოგიურ იარაღსაც კი მიმართოს, რისთვისაც ნატო მზადყოფნაშია.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ასეთ წინააღმდეგობას არ მოელოდნენ. ეს იქიდან ჩანს, რომ პუტინმა თავიდან ფაქტიურად მსუბუქი სამხედრო სტრატეგიული ბლიცკრიგის ოპერაცია დაიწყო. საკმაოდ მცირე ცოცხალი ძალა გამოიყენა, ესაა დაახლოებით 150-ათასიანი დაჯგუფება, სულ მცირე 225 ათასიანი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.მთავარი იდეა ოპერატიულ ტაქტიკურ დონეზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის მართვის სისტემის მოშლა იყო.

„როგორც მერე გამოჩნდა, პუტინის გეგმებში კიევში პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლაც შედიოდა და ე.წ. დემილიტარიზაციის ვარიანტში საკანძო სტრატეგიული ობიექტების, ზურგისა და ლოჯისტიკური ცენტრების სრული განადგურება, ასევე მთავარი ქალაქების - ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და კიევის დაკავება.

„ასევე გეგმაში ჰქონდა, რომ ბლიცკრიგის სტრატეგია უკრაინის სამოქალაქო მის რელსებზე გადაეყვანა. ანუ წარმატების შემთხვევაში ფიქრობდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ფედერაციის მხარეზე გადმოვიდოდნენ. ახალ პრორუსულ არმიას შეადგენდნენ, ასევე დაკავებულ პოლიტიკურ ქალაქებში შეიქმნებოდა პრორუსული ადინისტრაცია, შერჩეულიც იყვნენ იანუკოვიჩის თანამებრძოლები. ასევე, როგორც ჩანს, ფსონი პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებზე კეთდებოდა.

„პუტინის ჩანაფიქრი ეს იყო, გავიდა ერთი თვე და რა მიიღო, ყველამ კარგად იცის. არც ერთი მთავარი ქალაქი დაკავებული არაა. თავად რუსი სამხედრო ექსპერტების მოსაზრებითაც კი მარიუპოლის დაკავება ორ კვირაში მოხდებაო, ამაზე ნაკლებ დროში თავად რუსებიც არ ელოდებიან. ფაქტიურად გაჭიანურებული საომარი მოქმედებებია, რუსეთს საკმაოდ მძიმე და სტრატეგიული შეიარაღების ელემენტების გამოყენება მოუწია, რაც პუტინის თავდაპირველ გეგმაში არ ჰქონდა.

„რუსებმა თეთრი ფოსფორის იარაღი გამოიყენეს, ის მაღალი ტემპერატურის გამო ტერიტორიას და ადამიანებს ცოცხლად წვავს. თეთრი ფოსფორი, ესაა ქიმიური იარაღის კომპონენტი. ჩავთვალოთ, რომ უკვე ქიმიური იარაღი გამოიყენა. რუსეთმა უკვე უკრაინაში ე.წ. სტრატეგიული არაბირთვული დანიშნულების შემტევი შეარაღება შეიტანა, ესაა „მალკას" სისტემის თვითმავალი მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცა, მისი კალიბრი 203 მმ-ია, ეს საერთაშორისო კონვენციური სამართლის მიხედვით აკრძალულია, რომელსაც ქიმიური და ბირთვული მცირე ზომის ქობინების გადატანა შეუძლია. საუბარია 5-დან 10 კილოტონამდე.

„რაც შეეხება უშუალოდ სანქციებს, ამ ეტაპისთვის დიდი გავლენა არა აქვს. რუსი მოსახლეობის 75% ისევ ომს მხარს უჭერს, მაგრამ ეკონომიკურმა სანქციებმა უკვე ის გააკეთა რომ რუსეთში ფაქტიურად ოლიგარქების კლასი მოისპო. ოლიგარქების წილზე რუსეთის ეროვნული ეკონომიკის ზრდის ტემპების დაახლოებით 30% მოდიოდა, ეს კი საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია. დღეს მათი სრული განადგურების ფონზე, რუსეთს რა თქმა უნდა ეკონომიკის ზრდის ტემპები კატასტროფულად ეცემა, რუსული რუბლის სერიოზული დევალვაციაა და კორპორატიული სტრუქტურები ფუნქციებს ვერ ასრულებენ. რუსეთი ფაქტიურად დეფოლტის წინაშეა. რა სანქციებიც იყო, დასავლეთმა თითქმის სრულიად აამოქმედა, ახლა შედეგს გარკვეული დრო სჭირდება,"- განაცხადა მან.

კითხვაზე რა შემთხვევაში შეიძლება ნატო იძულებული გახდეს, რომ ომში ჩაერიოს, მაისაიამ განაცხადა:

„თუ რუსეთმა მასობრივი შეიარაღების კომპონენტები გამოიყენა, მაგალითად ბირთვული და ბიოლოგიური იარაღი, ამ შემთხვევაში ნატოს ჩარევა მოუიწევს. უკრაინაში ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენება, ასევე ნატოს წევრ სახელმწიფოებზეც იმქმედებს, რადიაციული ღრუბელი გადავა.

„ნატომ შესაძლოა უკრაინის სიახლოვეს ოპერატიული საბრძოლო ჯგუფები აამოქმედოს, ალბათ სპეციალური სამხედრო საზღვაო დაჯგუფება შეიქმნება, ნატოს წევრ სახელმწიფოების ავიამზიდების გამოყენებით, რომლებიც ასევე ნაწილობრივ შეეცდებიან, რომ დახურული ცის პრინციპი ბულგარეთზე და რუმინეთის შავი ზღვის აკვატორიაში განახორცილონ.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების შემართება ერთი თვის თავზეც საკმაოდ მაღალია, ვერ ტეხავენ. რუსეთს ოკუპირებნულ ტერიტორიებზეც ადგილობრივი მარიონეტული მმართველების მოძიებაც უჭირთ. შოიგუს გაუჩინარებითაც ჩანს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დემორალიზირებულია და რუსეთის გენერალიტეტი როგორც ცდილობს, რომ მათი ფსიქოლოგიურ-მორალური მხარე ასწიოს," - განაცხადა მაისაიამ.