სასოწარკვეთილი და ყურადღებამიტოვებული პოლიტიკური სუბიექტის ვაი-ვიში - გია აბაშიძე სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტაზე

სასოწარკვეთილი და ყურადღებამიტოვებული პოლიტიკური სუბიექტის ვაი-ვიში - გია აბაშიძე სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტაზე

ამ საერთაშორისო კრიზისის ფონზე, როცა სამყარო ჰიბრიდული მესამე მსოფლიო ომის პირობებშია, არცერთ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში სააკაშვილისთვის არ სცხელათ - არ საქართველოში, არც უკრაინაში, არც ევროპასა და ამერიკაში. ეს უბრალოდ სასოწარკვეთილი, ყურადღებამიტოვებული პოლიტიკური სუბიექტის ვაი-ვიშია - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

როგორც სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, მიიღო წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას და ისინი სთხოვენ, შეწყვიტოს შიმშილობა. მისივე თქმით, იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობისგან.

„თვალთმაქცმა სააკაშვილმა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე არანაირ ყურადღებას არ აქცევენ, გადაწყვიტა, რომ ახლა იოტისოდენა ყურადღება მაინც მიიპყროს. იტყუება და აცხადებს, რომ თითქოს უკრაინის მთავარსარდლობა ემუდარებოდა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა. თიოთქოს მას ხვალ-ზეგ მას ციხიდან გამოუშვებენ და კიევში ჩაფრინდება. ეს ტყუილი და ბლეფია, რაც ენმ-ს ახასიათებს.

„ამ საერთაშორისო კრიზისის ფონზე, როცა სამყარო ჰიბრიდული მესამე მსოფლიო ომის პირობებშია, არცერთ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში სააკაშვილისთვის არ სცხელათ - არ საქართველოში, არც უკრაინაში, არც ევროპასა და ამერიკაში. ეს უბრალოდ სასოწარკვეთილი, ყურადღებამიტოვებული პოლიტიკური სუბიექტის ვაი-ვიშია. ამას მისი მიმდევრებისა და ჯიბის ტელევიზიების გარდა სერიოზულად არავინ აღიქვამს.

„სააკაშვილის ე.წ. შიმშილობები და ე.წ. შიმშილობის შეწყვეტები ძალიან სასაცილო გახდა. ამით როგორც საქართველოს საზოგადოების, ისე მსოფლიო თანამეგობრობის თვალში თავს უფრო დამამცირებელ მდგომარეობაში იგდებს. საერთაშორისო გამოცემები მის განცხადებებს საერთოდ აღარ აშუქებენ. ისღა დარჩენია, რომ თუნდაც ქართულ მედიასივრცეში მისი ტრაგიკომიკური განცხადებები მოხვდეს, რომელიც პოლიტიკურ ამინდსაც კი არ ცვლის," - განაცხადა მან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ევროკომისიას და ევროპელ ლიდერებს ღია წერილით მიმართა, სადაც ევროპელ ლიდერებსა და ევროკომისიას მოუწოდებს, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამასთან, სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „საქართველოს მთავრობა ძალიან შორს არის დემოკრატიული სტანდარტებისგან", თუმცა „ხალხს ნამდვილად აქვს ევროპული იდენტობა".

გია აბაშიძე სააკაშვილის ამ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ის, რომ ენმ არათანმიმდევრულია, ახლაც გამოჩნდა, მანამდე ჩვენ ნაც-ოპოზიციის მხრიდან ევროკავშირისკენ პირიქითი მოწოდებები გვესმოდა, სააკაშვილმა პოლიტიკური ფირფიტა უცებ შცვალა და ახლა ვითომ ითხოვს, რომ ის ომის პარტია არაა და ა.შ. ენმ ომის პარტიაა, რომელიც რუსეთთან კონფლიქტში ჩათრევას მუდმივად ცდილობს, ეს იქნება სამხედრო კონფლიქტი თუ ეკონომიკური ემბარგო.

„ამ წერილს, ბუნებრივია, დიპლომატიურად უპასუხებენ და ეს იქნება ევროკავშირის რომელიმე მარალჩინოსნის თანაშემწე. შემდეგ ისევ ენმ-ის ფეიკი იქნება, რომ პირადად ევროკავშირის ლიდერებმა უპასუხეს. ეს პოლიტიკური ცირკი კვლავ გრძელდება, რაც თავად ენმ-ს აზარალებს." - განაცხადა გია აბაშიძემ.