თარიღი დასახელებულია - მსოფლიო 20 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მოლოდინშია

თარიღი დასახელებულია - მსოფლიო 20 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მოლოდინშია

უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ახლა მსოფლიო ყურადღება ისევ უკრაინსკენ არის მიმართული. 20 თებერვალს სრულდება რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები და ამის შედეგ, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, რუსეთი უკრაინაში ოფიციალურად შეიჭრება. ერთობლივი წვრთნები 10 თებერვალს დაიწყო. ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, წვრთნების დროს პირობით მოწინააღმდეგეს პოლონეთის, ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის ჯარები წარმოადგენენ.

დაიწყება თუ არა 20 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ არ იცის და აქვე დასძინა, რომ რუსეთი არ აღვივებს კონფლიქტს. აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ რუსეთი მზად არის შევიდეს უკრაინაში და ეს მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთი ჩართულია ყალბი დროშის ოპერაციაში და არ აპირებს პუტინთან დარეკვას.

ვითარება კი რთული და ამავე დროს არაპროგნოზირებადია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 34-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის 28-ჯერ მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. სამინისტროს ცნობით, დაიბომბა 27 დასახლებული პუნქტი, დაზიანებულია შენობები და კომუნალური ინფრასტრუქტურა, დაჭრილია ოთხი ადამიანი - ორი სამოქალაქო პირი და ორი უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედრო. სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა საარტილერიო იარაღის გამოყენებით დაბომბეს დასახლებული პუნქტი ვრუბივკა. დაზიანებულია სკოლის შენობა, რომელშიც დაბომბვის დროს მოსწავლეები იმყოფებოდნენ. ასევე დაზიანდა გაზსადენი, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. ამასთან, პრორუსულმა ძალებმა მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენებით დაბომბეს დასახლებული პუნქტი სტანიცა ლუგანსკა, სადაც დაზიანდა საბავშვო ბაღის შენობა.

პრორუსული ძალების მიერ სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღის დაბომბვას დიდ პროვოკაციად აფასებს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რომლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო-ს წარმომადგენლები დარჩნენ უკრაინაში. ზელენსკი თვლის, რომ ეუთო-ს მონიტორინგული საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის თქმით, ბოლო მონაცემებით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 140 000 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული, რაც აშშ-ის განცხადებებს ემთხვევა. მისი თქმით, 16 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სახმელეთო ძალების 125 ათასი ჯარისკაცია განთავსებული და თუ ამას საზღვაო და საჰაერო ძალებს დავუმატებთ, დაახლოებით 140 ათასი სამხედრო გამოდის.

ამასთან, რეზნიკოვის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო არ აფიქსირებს რუსეთის შეიარაღებული ძალების რეალურ გაყვანას. მისი თქმით, რუსეთს მცირე ქვედანაყოფები მართლაც გაჰყავს საზღვრებიდან, თუმცა მხოლოდ საჩვენებლად, ჯარების ტოტალურ ან თუნდაც მნიშვნელოვან გაყვანაზე საუბარი შეუძლებელია.

„16 თებერვლის მდგომარეობით, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ანგარიშის მიხედვით, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვაფიქსირებთ ჯარების რეალურ გაყვანას, რასაც რუსეთის ფედერაცია აცხადებს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მოსკოვი კვლავ მუქარის პოზიციაში იმყოფება და უკრაინის საზღვრებთან და ბელარუსში 150 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული. 17 თებერვლის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებულ შეიარაღებულ ძალებს 7 000 სამხედრო დაამატა. ანალიტიკოსების შეფასებით, სამხედროების დამატება ცხადყოფს, რომ შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ რუსეთის განცხადება ყალბია, ხოლო ვლადიმერ პუტინის განცხადება დიპლომატიის მიმართ ღიაობის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია.

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანამ შეიტანა ოფიციალური მოთხოვნები და ცდილობდა დაკავშირებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, როდესაც უკრაინის საზღვრებზე ესკალაციის რისკი გაიზარდა რუსული ჯარების კონცენტრაციის გამო. მისი თქმით, უკრაინა ასევე დაინტერესებულია სხვა ქვეყნების ინიციატივებით, რომლებიც დახმარებას სთავაზობენ რუსულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზებაში.

„როგორც კი რუსეთი საჯაროდ ამბობს, რომ მზად არის ისაუბროს დეესკალაციაზე, მზად არის ისაუბროს ორმხრივ ურთიერთობებზე, ამის შემდეგ ყოველ ჯერზე ვთხოვთ რუსეთს, რომ ეს შეხვედრა ამა თუ იმ ფორმატში შედგეს, მაგრამ გარდა საჯარო პოზიციისა, რეალურად ისინი არ არიან მზად ჩვენთან კომუნიკაციისთვის, მათ ეს არ სურთ. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, მე არ მითქვამს უარი არც ერთი ქვეყნისთვის, რომელმაც ეს შემოგვთავაზა. უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ ამა თუ იმ ქვეყანას. ჩვენ დაინტერესებული ვიყავით რუსეთის ფედერაციასთან საუბრის სხვადასხვა ფორმატით“, - აღნიშნა ვლადიმერ ზელენსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის საბაბის შექმნას გეგმავს. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსულმა მედიამ უკვე დაიწყო ცრუ განგაშის გავრცელება, რათა მაქსიმალურად გაზარდოს საზოგადოების აღშფოთება, საფუძველი ჩაუყაროს ომის დაწყების გამართლებას. სახელმწიფო მდივანი დარწმუნებით ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია გარდაუვალია და ყველა ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ძალები უახლოეს დღეებში ემზადებიან უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის.

„რუსეთი ამბობს, რომ ძალები უკან გაყავს, ჩვენ ვერ ვხედავთ ამას ადგილზე. ჩვენი ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, რომ ეს ძალები მათ შორის სახმელეთო ჯარები, თვითმფრინავები, გემები ემზადებიან უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის უახლოეს დღეებში. რუსეთის მთავრობას შეუძლია დღეს გამოაცხადოს, რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში - განაცხადეთ ეს ნათლად, ნათლად განაცხადეთ ეს მსოფლიოს წინაშე და შემდეგ აჩვენეთ ეს თქვენი ჯარების, თქვენი ტანკების, თქვენი თვითმფრინავების გაყვანით და თქვენი დიპლომატები მოლაპარაკების მაგიდასთან გაგზავნეთ“, - ამბობს ენტონი ბლინკენი.

ჯარჯი უაზრობა
2 წლის უკან