მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ იტალიელი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი თანამდებობას გამოეთხოვება და სავარაუდოდ მილანის „ინტერს“ ჩაიბარებს.
ახლო წარსულში მანჩესტერული კლუბის თავკაცად პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო განიხილებოდა, მაგრამ „ერთადერთმა“ არჩევანი ლონდონის „ჩელსის“ სასარგებლოდ გააკეთა.
დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა, რომ „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა კლუბი „მალაგას“ ამჟამინდელ დამრიგებელ მანუელ პელეგრინის დაუკავშირდა.
კულუარული ინფორმაციით, ჩილელი ფეხბურთის სპეციალისტი ბრიტანული კლუბის წარმომადგენლებს უკვე ყველა საკითხზე შეუთანხმდა და ესპანეთის პირველობის დასრულების შემდეგ ქალაქ მანჩესტერში გადაბარგდება.
საინტერესოა, რომ „ქალაქელებს“ ანდალუსიური გუნდისთვის 4 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. პელეგრინის „მალაგასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა მხოლოდ ორი წლის შემდეგ უსრულდება.