მამუკა არეშიძე: რუსეთის ეკონომიკა და სამხედრო პოტენციალი დიდ ომს ვერ გაუძლებს

მამუკა არეშიძე: რუსეთის ეკონომიკა და სამხედრო პოტენციალი დიდ ომს ვერ გაუძლებს

დასავლეთს ბევრად უფრო მეტი საომარი რესურსი აქვს, ვიდრე რუსეთს. რუსეთს მაქსიმუმ ლოკალური ერთ-ორკვირიანი ომის წარმოება შეუძლია, რადგან მისი ეკონომიკა და სამხედრო პოტენციალი ფართომასშტაბიან ომს უკვე ვეღარ გაუძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური იარაღი ნამდვილად აქვს - აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე უკრაინაში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე საუბრისას.

ამბობს, რომ ომის შესაძლო დაწყების სხვადასხვა თარიღები სახელდება, რუსეთის მხრიდან მზადებაც არის, თუმცა დაიწყება თუ არა შეიარაღებული კონფლიქტი, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, პროვოკაციები თავიდან როგორ იქნება არიდებული.

„როცა საზღვრის ორივე მხარეს შეიარაღებული ძალების ასეთი კონცენტრაციაა, მეორეს მხრივ მსოფლიო პოლიტიკურ თუ მედია წრეებში ასეთი ისტერიაა ატეხილი, საბოლოო ჯამში თითქოს პროვოკაცია უნდა მოხდეს. ეს პროვოკაცია შეიძლება იყოს ხელოვნური და შეიძლება შემთხვევითიც კი იყოს, ამას თავიდან როგორ აირიდებენ, ესაა საფიქრალი, რადგან ისტორია გვაჩვენებს, რომ ეს რეალისტური ვარიანტია.

„ომის დაწყების მსურველი პოლიტიკური გუნდები სამივე ძალის ცენტრშია - დასავლეთშიც, უკრაინაშიც და, რასაკვირველია, რუსეთიც. მაგალითად რუსეთში, პატრუშევის გუნდი პუტინს სულ ამას ურჩევს, რომ სამხედრო ოპერაცია ჩატარდეს. ასეთივეა უკრაინაშიც, ოღონდ არა ხელისუფლებას, არამედ პოლიტიკურ ჯგუფებს ვგულისხმობ. დასავლეთში ხომ არის და არის. ეს ვითარებაც დიპლომატიური პროცესის გააქტიურებას ხელს უშლის.

„რაც შეეხება იმას დაიწყება თუ არა საერთოდ ომი, რთული სათქმელია, რადგან იმის დაწყება ბევრმა ფაქტორმა უნდა განაპირობოს. რუსეთი არ ემზადება-მეთქი ომისთვის, ამას ვერ ვიტყვი, რადგან გენერალურ შტაბს შესაბამისი ოპერაციის გეგმა ნამდვილად აქვს შემუშავებული. დასავლეთიდან პიარი ძალიან აქტიურად მუშაობს. 16 თებერვალს რამდენი ხანია ახსენებენ, 20 თებერვალი ოლიმპიადის დამთავრების დღეა და ეს ამბავი ვითომ ამ დღეს უნდა მოხდეს.

„როცა ამ დღეს ესა თუ ის გახმაურებული მოვლენა არ ხდება, მერე ამბობენ, რომ ჩვენ, რომ ვამბობდით და ვაფრთხილებდით მაგიტომ არ მოხდაო. დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა გარკვეულწილად პიარით იმართება, ამაში გასაკვირი არც არაფერია, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ქაოსში შესაძლოა ერთმა არასწორმა გასროლილმა ტყვიამ მართლა დიდი საბრძოლო მოქმედება გამოიწვიოს, რაც საბოლოო ჯამში სიტუაციას დაღუპვისკენ მიიყვანს.

„სამზადისის თვალსაზრისით დასავლეთს ბევრად უფრო მეტი საომარი რესურსი აქვს, ვიდრე რუსეთს. რუსეთს მაქსიმუმ ლოკალური ერთ-ორკვირიანი ომის წარმოება შეუძლია, რადგან მათი ეკონომიკა და სამხედრო პოტენციალი ფართომასშტაბიან ომს უკვე ვეღარ გაუძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური იარაღი ნამდვილად აქვს," - განაცხადა არეშიძემ.

კითხვაზე ამ პირობებში რამდენად გარისკავს რუსეთი უკრაინაში შეიჭრას, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკა დრეს იმ მდგომარეობაში არაა, რომ დასავლეთის ეკონომიკას დაუპირისპირდეს. ოფიციალური მოსკოვიც სიტუაციას ამიტომ ანელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ოფიციალური ხელმძღვანელობაც ზუსტად ამიტომ აჩერებს, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ მათი ეკონომიკა ისეთ დღეში არ არის, რომ დასავლურს დაუპირისპირდეს. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინის არმიის წინააღმდეგობა ბევრად უფრო მაღალი ხარისხის იქნება, ვიდრე ქართული არმიის იყო. უკრაინას დიდი არმია ჰყავს, მეორე ის, რომ ბევრად უფრო მაღალი ტექნოლოგიითაა შეიარაღებული, მათ თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქვთ.

„საქართველოში შემოჭრის საფრთხე ამ ეტაპზე გამორიცხულია. რასაკვირველია უკრაინაზე გამარჯვების შემთხვევაში შემოჭრის საფრთხე იზრდება, თუმცა ახლა ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია, ვიდრე ეს სიტუაცია არ დასრულდება და მერე ვნახოთ.

„თავად დონბასშიც ის ხდება, რომ მეორე მხარეს დაბრალდეს ესკალაცია-პროვოკაცია, ასეთი ტიპის ქმედებებმა კი შესაძლოა ფართომასშტაბიანი დაპირისპირება გამოიწვიოს," - განაცხადა არეშიძემ.