ერთი წლის წინ გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ ჯგუფი „The Beatles”-ის წევრების ვაჟიშვილები საკუთარი ჯგუფის ჩამოყალიბებას აპირებდნენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლივერპულელი ოთხეულის შვილებმა ერთმანეთს შორის მოლაპარაკება მოახერხეს და ეს საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა.
ახალი ჯგუფის იდეა სერ პოლ მაკარტნის ვაჟს ჯეიმსს ეკუთვნოდა. შარშან მაკარტნი-უმცროსი ჯონ ლენონის შვილს შონს დაუკავშირდა. ამ წყვილს მოგვიანებით ჯორჯ ჰარისონის ვაჟიშვილი ხანიც შეუერთდა. თავდაპირველად ხანი ამ ახალ ჯგუფში გაერთიანებაზე ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს მაკარტნი-ლენონის წყვილს საკუთარი თანხმობა განუცხადა.
საინტერესოა,რომ მაკარტნის, ლენონის, რინგოსა და ჰარისონის მემკვიდრეებს გარკვეული მუსიკალური გამოცდილება უკვე გააჩნიათ.
ჯეიმს მაკარტნი სახელოვანი მამის ორი ალბომის ჩაწერაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა, ნორჩი ასაკიდან შონ ლენონი, იოკო ონოს სხვადასხვა მუსიკალურ ექსპერიმენტებში აქტიურად ეხმარებოდა.
ხანი ჰარისონი2001 წლიდან სცენაზე დგას და რამდენიმე ალბომის ჩაწერა უკვე მოასწრო. ჯორჯ ჰარისონის გარდაცვალების შემდეგ, ხანმა მამამისის ბოლო დაუსრულებელი ალბომი “Brainwashed”-ისთვის რამდენიმე კომპოზიცია ჩაწერა და მას დასრულებული სახე მისცა.
კულუარული ცნობით ახალგაზრდა მუსიკოსები ერთად მუშაობას მიმდინარე წლის დასასრულს შეუდგებიან. ჯერჯერობით უცნობია ამ ალბომის სახელწოდება და მისი გაყიდვაში გამოჩენის თარიღი.