რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შოტლანდიელი თავკაცი, სერ ალექს ფერგიუსონი თანამდებობიდან გადადგა.
გუშინ, დღის მეორე ნახევარში მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობამ სერ ალექსის შემცვლელის ვინაობა დაასახელა. ეს პატივი „ევერტონის“ ამჟამინდელ დამრიგებელ დევიდ მოიესს ერგო.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდთან ექვსწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მისი კონტრაქტი ძალაში მიმდინარე წლის პირველ ივლისს შევა.
დევიდ მოიესი წარმოშობით შოტლანდიელია. ის 1963 წლის 25 აპრილს, ქალაქ გლაზგოში დაიბადა.
მოთამაშის კარიერა 1980 წელს, კლუბ „სელტიკში“ დაიწყო. ახალგაზრდა მცველი მოგვიანებით შემდეგ გუნდებში ასპარეზობდა: „კემბრიჯი“ (ინგლისი), „ბრისტოლ სიტი“ (ინგლისი), „შრუსბერი“ (ინგლისი), „დანფერმლაინი“ (შოტლანდია), „ჰამილტონი“ (შოტლანდია) და „პრესტონი“ (ინგლისი).
მოთამაშის კარიერა 1998 წელს დაასრულა. ამის შემდეგ დევიდ მოიესმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. 1998-2002 წლებში კლუბ „პრესტონს“ წვრთნიდა, 2002 წლის შემდეგ კი დღემდე „ევერტონს“ ხელმძღვანელობდა.